საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№899აპ-19 ქ. თბილისი
შ-ე გ-ა, 899აპ-19 13 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. შ-ემ ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა – დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2. გ. შ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ს-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ში, გ. ქ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. შ-ემ გ. ქ-ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე, ქვა და ხის ნაჭერი ჩაარტყა ზურგში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ს-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ში მდებარე ნ. შ-ის საცხოვრებელ სახლში გ. შ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არასრულწლოვან ვ. ბ-ეს, გ. ქ-ესა და დედას – ნ. შ-ეს. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამის შემდეგ, 2019 წლის 20 მარტამდე დროის მონაკვეთში, იგი სოციალური ქსელისა და მობილური ტელეფონის საშუალებით თითქმის ყოველდღე უკავშირდებოდა აღნიშნულ პირებს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და სახლის დაწვით. 2019 წლის 20 მარტს ს-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ში მდებარე ნ. შ-ის საცხოვრებელ სახლში ნ. შ-ე მინის ბოთლის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. ქ-ეს, ასევე დედას – ნ. შ-ეს, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2019 წლის 1 მარტიდან 2019 წლის 20 მარტამდე დროის მონაკვეთში, გ. შ-ე დედას – ნ. შ-ეს ძალადობის მუქარით აიძულებდა მისთვის ფულადი თანხის გადაცემას. 2019 წლის 1 მარტს ს-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ-ში მდებარე მ. შ-ის საცხოვრებელ სახლში გ. შ-ემ დედას – ნ. შ-ეს ძალადობის მუქარით მოსთხოვა მისთვის ფულადი თანხის გადაცემა.
2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენით გ. შ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; გ. შ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. შ-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. შ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2019 წლის 21 მარტიდან.
3. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, გ. შ-ე ს-ში, სოფელ ნ-ში მდებარე, თავისი ძმის – ნ. შ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან, გადატეხილი ბოთლის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. ქ-ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2019 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ს-ში, სოფელ ნ-ში მდებარე, თავისი ძმის – ნ. შ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. შ-ემ გ. ქ-ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე, ქვა და ხის (შეშის) ნაჭერი ჩაარტყა ზურგში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ მელაძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ: გ. შ-ის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გამართლებისა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების სსკ-ის 151–ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი – განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. მსჯავრდებულ გ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ჟ-ა შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო განაჩენი. სააპელაციო პალატის განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. შ-ის მსჯავრდებისათვის ნ. შ-ის იძულების ეპიზოდში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მოწმეების – ვ. ბ-ის, მ. შ-ისა და გ. ქ-ის ჩვენებები კი არ არის საკმარისი იმის დასადგენად, გ. შ-ემ ჩაიდინა თუ არა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შიში სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული არის ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია, გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. იმის გამო, რომ სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ვ. ბ-ემ განმარტა, რომ გ. შ-ე მას არასდროს დამუქრებია და მასაც არასოდეს განუცდია შიში, პალატის შეფასებით, გ. შ-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე სწორად გადაკვალიფიცირდა.
12. ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა გამამტუნებელი განაჩენის დადგენისას ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებამდე ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად არ დაიშვება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37; II-52).
13. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულ გ. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ მელაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე