Facebook Twitter

ას-57-371-04 25 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 24 თებერვალს დ. ქ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ფოთში, ... მცხოვრები ტ. კ-ს, ნ. უ-ის, ვ. მ-ის, ლ. შ-ას, ლ. ძ-სა და ვ. კ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 1997წ. 10 აპრილს ქ.ფოთში, ... მდებარე არასაცხოვრებელ 65კვ მეტრზე ფოთის რეგიონალურ სამხედრო საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილთან გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნულ ფართს უკანონოდ დაეუფლნენ მოპასუხეები და მათთვის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, შესაძლებლობა არ მისცეს განეხორციელებინა საიჯარო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და დ.ქ-ა არასათანადო მოსარჩელედ მიიჩნია, ვინაიდან ქ.ფოთში, ... მდებარე ფართი აღრიცხული იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. მოპასუხეთა განმარტებით, სადავო არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენს საქვაბეს, რომლითაც ყველა მოსახლე სარგებლობს. წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულების 2.2 პუნქტში გათვალისწინებულია მეიჯარის ვალდებულება, ხელი შეუწყოს მოიჯარეს ფართის რემონტსა და კეთილმოწყობაში, თუმცა, მოპასუხეთა მითითებით, გაურკვეველია რა სახეცვლილებას მიიღებდა ობიექტი ან რა მიზნით გადაეცა იგი დ.ქ-ს. მხარის განმარტებით, ქ.ფოთის არქიტექტურის სამსახურისათვის მათი მიმართვის შედეგად მიღებული 2000წ. 14 აგვისტოს პასუხის თანახმად, მითითებულ ფართზე მოსახლეობის თანხმობის გარეშე რაიმე მშენებლობა არ დაიშვებოდა, საქვაბე კი დარჩებოდა უცვლელი. ამდენად, მოპასუხეებმა მოითხოვეს საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის განჩინებით დ. ქ-ა შეიცვალა სათანადო მხარით და საქმეში მოსარჩელედ ჩაება თავდაცვის სამინისტროს ¹3 რეგიონალური ბაზა. ამავე სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ ქ.ფოთის ... მდებარე სახლი არის მრავალბინიანი. მოპასუხეთა მტკიცება 1992 წელს აღნიშნული ბინების პრივატიზაციის შესახებ მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა. ამდენად, მოპასუხეთა მიერ შესაბამისი მტკიცებულების წარმოუდგენლობის მიუხედავად, კოლეგიამ სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ¹3 რეგიონალური ბაზის მიერ ქ.ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინების პრივატიზების დადასტურება (აღიარება) საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ქ.ფოთის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სადავო 65 კვ.მ, ე.წ. საქვაბე, რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. სასამართლომ იხელმძღვენელა სკ-ის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიიჩნია, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართი ქ.ფოთში, ... მაცხოვრებელთა საერთო საკუთრებაა.

რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹3-მა რეგიონალურმა ბაზამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო სადავო ფართი დაუბრუნდა მესაკუთრეს, თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹3 რეგიონალურ ბაზას. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო 65 კვ.მ მდებარეობს ქ.ფოთში, ... არსებული მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე. მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, ასევე დადგინდა, რომ დასახელებული მრავალბინიანი სახლის საცხოვრებელი ბინები მოსარჩელე სამხედრო უწყების მიერ 1992 წლიდან გადაცემული აქვთ პრივატიზაციის წესით. სადავო ფართში დამონტაჟებულია სახლის მაცხოვრებელთა წყალმომარაგებისა და წყალგაყვანილობის მილები.

ქ.ფოთის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიალური სამსახურის 2003წ. 17 ივნისის ¹45 ცნობის საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ ქ.ფოთში, ... მდებარე სამსართულიანი სახლი და საქვაბე ტექაღრიცხვის სამსახურში აღრიცხულია თავდაცვის სამინისტროს ¹3 რეგიონალური ბაზის სახელზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს პრივატიზაციის წესით გადაცემული ბინების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. სკ-ის 214-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველობის საფუძველზე, პალატამ არგუმენტი სადავო ფართის მოპასუხეების საერთო საკუთრებაში არსებობის შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია. საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს 2003წ. 17 ივნისის ¹203/თ ცნობა სადავო ფართის მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებობის შესახებ არ ეყრდნობოდა რაიმე კანონიერ საფუძველს, ამდენად, არ გაიზიარა იგი. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სკ-ის 184-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას ადგილი არ ჰქონია, იხელმძღვანელა აღნიშნული კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით და სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად ჩათვალა.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ქ.ფოთის ... მაცხოვრებლებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორმება განმარტეს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 111-ე მუხლი, რომელთა თანახმად, სადავო ფართი მაცხოვრებელთა თანასაკუთრებას წარმოადგენს. მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ.ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინები 1992 წელს პრივატიზაციის წესით გადაცემული აქვთ მოპასუხეებს და ამავდროულად იქვე პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს ზემოხსენებული ბინის საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. მხარის აზრით, აღნიშნული საკითხი არც ერთი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, რაც რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე ამ გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ჩათვალა. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 214-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ 1992-93 წლებში ბინების პრივატიზებისას აღნიშნული მუხლი არ არსებობდა. მხარის აზრით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა ქ.ფოთის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიალური სამსახურის 2003წ. 17 ივნისის ¹45 ცნობა სადავო ფართის მოსარჩელის საკუთრებაში არსებობის შესახებ და უარყო მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს 2003წ. 17 ივნისის ¹203/თ ცნობა, რომელიც მოპასუხეთა არგუმენტებს ადასტურებდა. კასატორთა აზრით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოწინაარმდეგე მხარის არგუმენტი სადავო საქვაბის განცალკევებულად, გამოუყენებლად ყოფნის შესახებ, ვინაიდან ქ.ფოთის წყალკანალის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ... მდებარე კორპუსის წყალმომარაგება ხდება პროექტით გათვალისიწნებული საქვაბის მეშვეობით. კასატორებმა აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანით, საოლქო სასამართლომ მთელი სახლი დატოვა წყალმომარაგებისა და სხვა სასიცოცხლო პირობების გარეშე, ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ სადავო ფართს რეგიონალური ბაზის საკუთრებად მიიჩნევდა, მხარის აზრით, სააპელაციო სასამართლოს სკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სადავო საიჯარო ხელშეკრულება სახლის მობინადრეთა ინტერესებს ლახავდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნულ ფართზე საოლქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹3 რეგიონალური ბაზის სარჩელი დააკმაყოფილა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებზე მითითებით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს, სრული უფლება აქვს, თავისუფლად ფლობდეს ქონებას. მოსარჩელის ამ სტატუსის დადგენისას სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილი ქ. ფოთის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიალური სამსახურის 2003წ. 17 ივნისის ¹45 ცნობაზე, რომლითაც სადავო ფართი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. აღნიშნულით საკასაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან ხსენებული დოკუმენტი არ ადასტურებს სადავო ნივთის მოდავე მხარის საკუთრებაში არსებობას.

სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო, რომ დასახელებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი საცხოვრებელი ბინები, მოსარჩელე სამხედრო უწყების მიერ მოპასუხეებს გადაცემული აქვთ პრივატიზაციის წესით 1992 წელს. აღნიშნული სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებით ეჭვის ქვეშ დააყენა და მიუთითა, საქმის მასალებში არ მოიპოვება და მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ისინი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან მათთვის პრივატიზაციის წესით გადაცემული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებად. ამრიგად, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება თვით სასამართლოს მიერაა უარყოფილი.

საქმის მასალებით და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კასატორები ფლობენ სადავო ნივთს. სკ იცნობს რა მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

ამდენად, ნივთის მფლობელობა პრეზუმირებული ფაქტია და ამ ფაქტის უარმყოფელმა უნდა დაამტკიცოს საწინააღმდეგო. ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ნივთის საკუთრებაზე ამ პრეტენზიის განმცხადებლის ვალდებულებაა და არა ნივთის მფლობელის.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, უნდა გაარკვიოს რა გარემოებებს მიიჩნევს უდავოდ დადგენილად და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. გ-ს, ტ. კ-ს, ნ. უ-ისა და ლ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.