ას-573-849-04 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ოთახში დამოუკიდებელი შესასვლელის გამოყოფა და დამხმარე სათავსების საერთო საკუთრებაში გადაცემა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 26 აგვისტოს რ. ტ.-მ რ. ტ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა ოთახში დამოუკიდებელი შესასვლელის გამოყოფა და დამხმარე სათავსების საერთო საკუთრებაში გადაცემა შემდეგი საფუძვლით:
სადავო სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელესა და მოპასუხეზე თანაბარი უფლებებით. იგი შედგება ორი საცხოვრებელი ოთახისაგან. აქედან, პირველი 22,71 კვ.მ ოთახი ეკუთვნის მას, მეორე _ 22,90 კვ.მ ირიცხება მოპასუხის სახელზე. მითითებულ სახლს აქვს დამხმარე სათავსები. სახელდობრ: 8,84 კვ.მ სამზარეულო, დამხმარე შესასვლელი _ 19,76 კვ.მ, სანიტარული კვანძი 3.00, 4,43, 1,33 კვ.მ.
თავის საცხოვრებელ ოთახში იგი შედის ღია აივნიდან, დამხმარე ფართის, სამზარეულოსა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ოთახის გავლით.
მოპასუხემ ჩაკეტა ოთახის შესასვლელი, რითაც შეეზღუდა თავის ოთახში შესვლის საშუალება. გარდა ამისა, მოპასუხე არ აძლევს დამხმარე სათავსებით სარგებლობის უფლებას.
მოსარჩელეს მიზანშეწონილად მიაჩნია, მას თავის ოთახში შესასვლელი მიეცეს ღია აივნიდან 4,43 კვ.მ დამხმარე ფართის წინ მდებარე უნებართვო რეკონსტრუირებული 19,76 კვ.მ დამხმარე ფართის გაყოფითა და გავლით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1989წ. 21 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რ. ტ.-ი ცნობილ იქნა სადავო სახლის 22,71 კვ.მ ოთახის თანაამშენებლად და მისი ნახევრის _ 11,35 კვ. მეტრის მესაკუთრედ, სახლის დანარჩენი ნაწილი ანდერძით ეკუთვნოდა რაულ გ.-ეს, რომელიც მისგან შეიძინა 2000წ. 28 ივნისს.
იმ მოტივით, რომ ამ ხელშეკრულებით დაირღვა რ.ტ.-ის უფლება სახლის უპირატესი შესყიდვის უფლების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელშეკრულების ნაწილი 22,71 კვ.მ ოთახის ნახევრის შესყიდვის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა.
იმავე სასამართლოს 2003წ. 10 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა.
რ.ტ.-ს 22,71 მ2 ოთახში შესასვლელი განესაზღვრა ბაქანი „ა“-დან ¹15 და ¹2-12 დამხმარე სათავსების გავლით არსებული კარებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა _ ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში 22,71 კვ.მ ოთახის ნახევრის მესაკუთრე რ. ტ.-ს განესაზღვრა ამ ოთახში შესასვლელი ბაქანი „ა“-დან ¹15 4,45 კვ.მ და ¹2-12 19,76 კვ.მ ოთახებიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ სასამართლოს 1989წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით რ. ტ.-ი სადავო სახლში მდებარე 22,71 კვ.მ ოთახის თანამესაკუთრე გახდა აწ გარდაცვლილ ნ. ტ.-თან ერთად.
ნ. ტ.-მა მის სახელზე რიცხული სახლი ანდერძისმიერი მემკვიდრეობით გადასცა რაულ გ.-ეს.
საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ტ.-ი ცნობილ იქნა თანასაკუთრებაში არსებული 22,71 კვ.მ ოთახის 1/2-ის მესაკუთრედ.
2000წ. 23 ივნისს რ. ტ.-მა რ. გ.-ისაგან შეისყიდა სახლის გამოყოფილი ნაწილი და 1/2 უფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება 22,71 კვ.მ ოთახის 1/2-ის მიყიდვის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რ. ტ.-ი 1989 წლიდან მთელი სახლის ფართით სარგებლობდა და აღნიშნული სარგებლობის წესი სახლის შესყიდვის დროს რ. ტ.-ისათვის ცნობილი იყო. აქედან გამომდინარე, სკ-ის 494-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ტ.-ი ვალდებული იყო, ეთმინა ქონებით სარგებლობის ის წესი, რაც ყიდვის დროისათვის არსებობდა.
2004წ. 19 მაისს რ. ტ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის კუთვნილ ოთახში შესასვლელად თავის საკუთრებაში მყოფი ოთახებისა და აივნის, ასევე სხვა დამხმარე სათავსების გავლით უფლების მიცემის შესახებ, უკანონო და გაუმართლებელია. კასატორს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად მიაჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო;
რ. ტ.-ს, ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში მდებარე 22,71 კვ.მ ოთახში, რომლის ნახევრის მესაკუთრესაც წარმოადგენს იგი, სააპელაციო სასამართლომ შესვლის უფლება დართო აივანი „ა“-დან ¹15 4,45 კვ.მ და ¹2-12 19,76 კვ.მ ოთახების გავლით.
ასევე დადგენილია, რომ ¹15 და ¹2-12 ოთახები აღრიცხულია რ. ტ.-ის სახელზე.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა მის კუთვნილ ოთახში შევიდეს ერთ-ერთი ფანჯრის ღიობის კარებად გადაკეთების გზით.
აქედან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ რ. ტ.-ი ვალდებულია, ითმინოს თანამესაკუთრისაგან ქონების სარგებლობის ის წესი, რაც ყიდვის დროისათვის არსებობდა.
მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სამეზობლო ურთიერთობაში თმენის ვალდებულებას, მაგრამ, თმენის ვალდებულებას აწესებს გარკვეულ ფარგლებში.
სკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია, აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავსი მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგივე წესები მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლისთვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა, თავის ოთახში შესასვლელად ისარგებლოს მოპასუხის სახელზე აღრიცხული ¹15 და ¹2-12 ოთახების გავლის უფლებით, თავისთავად არსებით ზემოქმედებას წარმოადგენს მოპასუხის სამოქალაქო უფლებაზე, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (სკ-ის 170-ე მუხლი). ასეთი ზემოქმედება კი დაუშვებელია, თუკი ამ ზემოქმედების აღკვეთა შესაძლებელია სხვა სახის ღონისძიებით.
დადგენილია, რომ ამ სახის ზემოქმედების აღკვეთა, კერძოდ, იმის მიღწევა, რომ მოსარჩელე შევიდეს თავის კუთვნილ ოთახში, შესაძლებელია მოპასუხის საკუთრებაში მყოფი ოთახების გაუვლელადაც, მოსარჩელის ოთახის ერთ-ერთი ფანჯრის ღიობის კარებად გადაკეთების გზით. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება, მოპასუხეს დაეკისროს თმენის ვალდებულება მის ქონებაზე მოსარჩელის მიერ განხორცილებულ სარგებლობის იმ წესისადმი, რომელიც მას დაწესებული ჰქონდა მოპასუხის მიერ მესამე პირისაგან ამ ქონების შეძენამდე, ვინაიდან სკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, შეთანხმებები, რომლებითაც ბინის მესაკუთრენი ერთმანეთთან ურთიერთობებს ამ კოდექსის ნორმებისაგან განსხვავებულად აწესრიგებენ, ძალაშია მესამე პირებისათვის მხოლოდ მაშინ, თუკი ეს შეთანხმებები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ამასვე მიუთითებდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითაც (1964წ. რედაქცია). ამ ნორმის შესაბამისად, საერთო წილადი საკუთრების მონაწილეებს შეეძლოთ, ურთიერთშეთანხმებით განესაზღვრათ განცალკევებული სადგომებით (ბინებით, ოთახებით) სარგებლობის წესი, როგორც საერთო საკუთრებაში მათი წილის მიხედვით, ისე ამის დამოუკიდებლად, მაგრამ მესამე პირებთან ურთიერთობაში ამგვარი შეთანხმება სავალდებულო იყო მხოლოდ მაშინ, თუკი იგი დადასტურდებოდა ნოტარიულად და რეგისტრირებულ იქნებოდა დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში ოთახებით სარგებლობის პირობები ამ წესით არ ყოფილა შეთანხმებული სახლის თავდაპირველი მესაკუთრე ნ. ტ.-სა და რ. ტ.-ს შორის. ამგვარი შეთანხმება არ მომხდარა არც ანდერძისმიერ მემკვიდრე რ. გ.-ესა და რ. ტ.-ს შორის და არც სახლის შემსყიდველ მოპასუხე რ. ტ.-სა და რ. ტ.-ს შორის. ამრიგად, ახალ მესაკუთრე რ. ტ.-ზე ვერ გადავა იმ მოთხოვნათა დაცვის აუცილებლობა ანუ თმენის ვადებულება, რასაც მის მიერ სახლის ნაწილის შესყიდვამდე თვითნებურად კანონის დარღვევით ახორციელებდა მოსარჩელე.
საკასაციო სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს კასატორის მოთხოვნას მოსარჩელისათვის თავის ოთახში შესასვლელად ერთ-ერთი ფანჯრის ღიობის კარებად გადაკეთების გზით მიკუთვნების შესახებ, ვინაიდან ამგვარი მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუყენებია და სასამართლო ვერ გასცდება სარჩელის ფარგლებს (სსკ-ის 248-ე მუხლი).
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
რ. ტ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.