საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№317აპ-21 ქ. თბილისი
ხ-ი გ-ა, 317აპ-21 20 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ხ-მა, – დაბადებულმა 19-- წელს, ნასამართლევმა, – ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.
2. გ. ხ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· გ. ხ-ი 1991 წლიდან დაქორწინებული იყო ლ. ხ-ზე, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა მისამართზე: თ-ი, დაბა წ-ი, ჩ-ის ქ. №-. თანაცხოვრების პერიოდში გ. ხ-ი თითქმის ყოველდღიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მუდმივად ამცირებდა მეუღლეს – ლ. ხ-ს, რომელსაც აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, უზღუდავდა საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობის უფლებას, სთხოვდა, რომ დაეტოვებინა მათი საერთო საცხოვრებელი სახლი. გ. ხ-ი განსაკუთრებით აგრესიული ხდებოდა, როცა ალკოჰოლით იყო მთვრალი და ამ დროს მუდმივად კონფლიქტური ხდებოდა. იგი ყოველივე ზემოაღნიშნულს სჩადიოდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და ლ. ხ-ს ამცირებდა, როგორც ქალს, ხოლო თავის საქციელს ამართლებდა იმით, რომ ოჯახში იყო კაცი და მისი სიტყვა იყო კანონი, ხოლო ლ. ხ-ს არ ჰქონდა არაფრის უფლება, რადგან არის ქალი და მთლიანად მას უნდა დამორჩილებოდა. ამის გამო უმიზეზოდ ჩხუბობდა, ეჭვიანობდა და ბოლო პერიოდში ლ. ხ-ს უშლიდა სამსახურში წასვლასაც, ყოველივე ეს კი იწვევდა დაზარალებულის ტანჯვას.
· სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებასთან ერთად, ალკოჰოლით მთვრალი გ. ხ-ი, ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, რა დროსაც ლ. ხ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა მუშტებსა და ფეხებს, ასევე – საყოფაცხოვრებო ნივთებსაც. 2017 წლის 30 ივნისს თ-ში, დაბა წ-ში, ჩ-ის ქ. №--ში, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ხ-მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, აგინა ლ. ხ-ს და ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 1 ივლისს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, კვლავ ალკოჰოლით მთვრალმა გ. ხ-მა, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლ. ხ-ს აგინა უცენზურო სიტყვებით და ძლიერად დაარტყა მუშტი სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 25 აგვისტოს, იმავე მისამართზე, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ხ-მა მეუღლეს – ლ. ხ-ს მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა მარცხენა მხარში, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ. ხ-ის მხრიდან მეუღლის – ლ. ხ-ის მიმართ ჩადენილი სისტემატური ცემისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
· იმავე კონფლიქტის დროს გ. ხ-ი მეუღლეს – ლ. ხ-ს, ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, გ. ხ-ი ემუქრებოდა მეუღლეს, რომ დანით მოუსპობდა სიცოცხლეს და გაამწარებდა, თუ ის არ დატოვებდა მათ საერთო სახლს. აღნიშნულის გამო ლ. ხ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიიღო მორალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენით გ. ხ-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2017 წლის 30 ივნისის, 1 ივლისისა და 2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდები); გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 30 ივნისის, 1 ივლისის, 2019 წლის 25 აგვისტოსა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა: სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 30 ივნისისა და 1 ივლისის ეპიზოდები) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელთა მოხდისაგან გათავისუფლდა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 25 აგვისტოდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ხ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 30 ივნისის, 1 ივლისის, 2019 წლის 25 აგვისტოსა და სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდები); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· გ. ხ-ი 1991 წლიდან დაქორწინებულია ლ. ხ-ზე, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა მისამართზე: თ-ი, დაბა წ-ი, ჩ-ის ქ. №-. თანაცხოვრების პერიოდში, 2019 წლის 2 აგვისტოდან 2019 წლის 25 ჩათვლით, გ. ხ-ი თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუდმივად ამცირებდა მეუღლეს – ლ. ხ-ს, რომელსაც აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, უზღუდავდა საყოფაცხოვრებო ნივთებით სარგებლობის უფლებას, სთხოვდა, რომ დაეტოვებინა მათი საერთო საცხოვრებელი სახლი. გ. ხ-ი განსაკუთრებით აგრესიული ხდებოდა, როცა ალკოჰოლით იყო მთვრალი და ამ დროს მუდმივად კონფლიქტური ხდებოდა. იგი ყოველივე ზემოაღნიშნულს სჩადიოდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და ლ. ხ-ს ამცირებდა, როგორც ქალს, ხოლო თავის საქციელს ამართლებდა იმით, რომ ოჯახში იყო კაცი და მისი სიტყვა იყო კანონი, ლ. ხ-ს კი არ ჰქონდა არაფრის უფლება, რადგან არის ქალი და მთლიანად უნდა დამორჩილებოდა მას. ამის გამო უმიზეზოდ ჩხუბობდა, ეჭვიანობდა და ბოლო პერიოდში ლ. ხ-ს უშლიდა სამსახურში წასვლასაც. ეს ყველაფერი იწვევდა ლ. ხ-ის ტანჯვას.
· 2017 წლის 30 ივნისს ქ. თ-ში, დაბა წ-ში, ჩ-ის ქ. №--ში, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ხ-მა, ოჯახური კონფლიქტის დროს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აგინა ლ. ხ-ს და ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
· 2017 წლის 1 ივლისს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, კვლავ ალკოჰოლით მთვრალმა გ. ხ-მა, მორიგი ოჯახური კონფლიტიის დროს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უცენზურო სიტყვებით აგინა ლ. ხ-ს და ძლიერად დაარტყა მუშტი სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის 25 აგვისტოს თ-ში, დაბა წ-ში, ჩ-ის ქ. №--ში, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ხ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლეს – ლ. ხ-ს მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა მარცხენა მხარში, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავე კონფლიქტის დროს გ. ხ-ი, ასევე დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, გ. ხ-ი ემუქრებოდა ლ. ხ-ს, რომ დანით მოუსპობდა სიცოცხლეს და გაამწარებდა, თუ ის არ დატოვებდა მათ საერთო სახლს. აღნიშნულის გამო დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიიღო მორალური ზიანი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ნანა ჯაყელმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამ მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელების განსაზღვრას, რომლებიც სრულად შეიკრიბება და მთლიანად დაემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა გ. ხ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2017 წლის 30 ივნისისა და 1 ივლისის, ასევე 2019 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდები) გადაკვალიფიცირება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება და იზიარებს.
10. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრდებულ გ. ხ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრა სასჯელთა მთლიანად შეკრების პრინციპის გამოყენებით სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე