Facebook Twitter

=

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№273აპ-21 ქ. თბილისი

ჯ-ე ბ-ი, 273აპ-21 14 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ბ. ჯ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, 111,1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით კი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ. ჯ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 29 მაისიდან იმავე წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ჯ-ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· მ. ძ-ა და ბ. ჯ-ე 1997 წლიდან 2019 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. განქორწინების შემდეგ მ. ძ-ა ცხოვრობს დ-ის ს-ო დასახლებაში, -ე ბლოკის №-ბინაში. 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მ. ძ-ა იმყოფებოდა სახლში, ზემოაღნიშნულ მისამართზე, თავის ყოფილ მამამთილთან – რ. ჯ-ესთან ერთად, რომელსაც უვლიდა მისი ავადმყოფობის გამო. შუადღის საათებში მ. ძ-სთან ნასვამი მივიდა ყოფილი მეუღლე ბ. ჯ-ე, რომელმაც მ. ძ-ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა უცენზურო სიტყვებით. იმავდროულად, ბ. ჯ-ეს ხელში ეჭირა დანა, რომლითაც დაემუქრა ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: ბ. ჯ-ე მ. ძ-ასაგან მოითხოვდა შერიგებას, რა დროსაც დანის დემონსტრირებით ხმამაღლა უყვიროდა, რომ, თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა.

· 2020 წლის 29 მაისს, დღის საათებში, ალკოჰოლით მთვრალი ბ. ჯ-ე მივიდა მ. ძ-ასთან დ-ის ს-ო დასახლებაში, -ე ბლოკის №-ბინაში, სადაც შერიგების მოთხოვნით დაუწყო ყვირილი და უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა გინება. იმავდროულად, ბ. ჯ-ემ საწოლზე მჯდარ მ. ძ-ას ორივე ფეხი რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა ფეხების არეში და ყელზე მოუჭირა ხელი. მ. ძ-ამ შეძლო ბ. ჯ-ისაგან თავის დაღწევა, გაიქცა გარეთ და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რის შემდეგაც ბ. ჯ-ე დააკავეს ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ბ. ჯ-ის მიერ ჩადენილმა ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია მარიან ძაგანიას ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ნანა ჯაყელი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ისათვის რეალური სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, დანაშაულთა სიმძიმე, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე