Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №408I -21 თბილისი

ლ-ი კ-ე, 408I -21 30 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ლ-ის ადვოკატ ვ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №-- ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ კ. ლ-ის პირადი საქმე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ლ-ს, დაბადებულს 19-- წელს, - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნახევარი (პროპორციული წილის გათვალისწინებით) - 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა დაემატა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დადგენილ სასჯელებს და საბოლოოდ კ. ლ-ს განესაზღვრა 17 წლით, 11 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ლ-ის ადვოკატმა ვ. კ-მა, რომელიც ითხოვს კ. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ კ. ლ-ის მიმართ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს, რომ ამ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, კერძოდ: თუ მან ჩაიდინა სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში კ. ლ-ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისათვის, რაც შეესაბამება ამავე კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ კ. ლ-ის ადვოკატ ვ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ლ-ის ადვოკატ ვ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე