ას-582-1238-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 28 მარტს ზ. ჭ-ისა და ქ. კ-ის წარმომადგენელმა ტ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “თ-ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996 წელს ზ. ჭ-ემ და ქ. კ-მა გახსნეს ორი სადეპოზიტო ანაბარი და თითოეულმა სს “თ-ში” შეიტანა 10000-10000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ დამატებით 9300-9300 აშშ დოლარი.
2002 წელს მოსარჩელეებმა მიმართეს ბანკს ანაბრის გამოსატანად, მაგრამ უარი მიიღეს იმ საფუძვლით, რომ მათ თანხა უკვე გატანილი ჰქონდათ. სს “თ-მა” მოსარჩელეებს წარუდგინა შესაბამისი საბუთები მათივე ხელმოწერებით.
მოსარჩელეების განმარტებით, მათ ანაბრიდან თანხა არ გაუტანიათ და თითოეულმა მოითხოვა, როგორც ანაბრის ძირითადი თანხის 19300 აშშ დოლარის, ისე იმ თანხაზე ყოველთვიურად დასარიცხი 2%-ის – 27792 აშშ დოლარის, სულ 47092 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრება თითოეულის სასარგებლოდ.
2002წ. 25 დეკემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სს “თ-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის განჩინებით სს “თ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მთავარი სხდომის ჩატარების თაობაზე გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით, მაგრამ იგი სასამართლოში არ გამოცხადდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოებანი, კერძოდ, 1996წ. მარტ-აპრილში მოსარჩელეებმა ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანეს 19300 აშშ დოლარი, თვეში 2% სარგებლით, რაც ბანკმა აღარ დაუბრუნა. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდლექსის 874-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისითაც სწორად იქნა გამოტანილი. სასამართლომ ასევე მიუთითა სსკ-ის 233-ე, 241-ე მუხლებზე და ჩათვალა, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “თ-მა”. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 233-ე და 230-ე მუხლები. იგი თვლის, რომ სასამართლოს 230-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან სარჩელში მითითებული გარემოება იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას არკვევს, დაცულია თუ არა 229-ე, 230-ე, 233-ე მუხლების მოთხოვნები.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას არ გამოიყენა 233-ე მუხლი და არ იმსჯელა ამ ნორმის პირველი ნაწილით დადგენილი გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე, კერძოდ, ამ მუხლის “დ” ქვეპუნქტით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სარჩელის აღძვრის წინაპირობები გულისხმობს ამავე კოდექსის 180-ე და 186-ე მუხლებით დადგენილი პირობების არსებობას.
განსახილველ შემთხვევებში სარჩელი აღძრულია წარმომადგენლის მიერ. სასამართლომ ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ არ შეამოწმა ტ. გ-ე უფლებამოსილია თუ არა აღძრას სარჩელი სასამართლოში ზ. ჭ-ისა და ქ. კ-ის სახელით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გარემოებები და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივნისის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.