Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №397I -21 თბილისი

ნ-ი ნ-მ, 397I -21 8 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ნ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. ნ-ის პირადი საქმე.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ნ-ის, - დაბადებულის 19-- წელს, - მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ნ-მა, რომელიც დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მსჯავრდებასთან მიმართებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ნ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ა“ ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან - ქურდობა დიდი ოდენობით (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ნ. ნ-ი მსჯავრდებულია დიდი ოდენობით ქურდობისათვის, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, კერძოდ: მან დიდი ოდენობით ქურდობა (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა სადგომში უკანონო შეღწევით (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი. ამავე დროს, ნ. ნ-ი ნასამართლევია წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი).

3. რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნ. ნ-ის მსჯავრდებებს, პალატა მიუთითებს, რომ ამ დანაშაულებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

4. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ნ. ნ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე