Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №17აგ-21 თბილისი

ჯ-ი ა-ი, 17აგ-21 21 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატ ს. ფ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივლისის განაჩენით ა. ჯ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,4651 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა და შენახვა) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 10 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ა. ჯ-ისა და მისი ადვოკატების საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენზე.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ა. ჯ-ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 2 წლითა და 7 თვით შინაპატიმრობით და 2020 წლის 10 ივნისს გათავისუფლდა პატიმრობიდან.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჯ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატ ს. ფ-ას საჩივარი დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ:

· მსჯავრდებულ ა. ჯ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რაც შეესაბამება 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) შეფარდებული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (რომელიც 2020 წლის 10 ივნისიდან შეეცვალა 2 წლითა და 7 თვით შინაპატიმრობით) და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2015 წლის 10 იანვრიდან;

· მსჯავრდებული ა. ჯ-ი გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 2 წლითა და 7 თვით შინაპატიმრობისაგან (ვინაიდან ა. ჯ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი განჩინების მიღების დროს მოხდილი ჰქონდა).

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების პარალელურად, მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატმა ს. ფ-ამ 2021 წლის 26 აპრილს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით შეტანილი ცვლილების საფუძველზე მოითხოვა ა. ჯ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შესაბამისობაში მოყვანა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისს განხორციელებულ ცვლილებასთან (რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 31 ივლისიდან).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატ ს. ფ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატმა ს. ფ-ამ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ ა. ჯ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც გათვალისწინებულია იგივე სასჯელი - რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ა. ჯ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განაჩენი გამოიტანა მითითებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ - 2016 წლის 31 მარტს.

4. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატ ს. ფ-ას შუამდგომლობა, ვინაიდან კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ ა. ჯ-ის სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და, შესაბამისად, ადვოკატის მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატ ს. ფ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატ ს. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ადვოკატ ს. ფ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე