საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №9აგ-21 თბილისი
ჯ-ე შ-ა, 9აგ-21 30 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და შ. ჯ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. შ. ჯ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (0.000825 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. შ. ჯ-ეს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და შ. ჯ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. შ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით შ. ჯ-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჯ-ეს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა 100 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და შ. ჯ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. შ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (0.000163 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (ფუძე) უკანონო შეძენასა და შენახვაში) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით შ. ჯ-სათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. ჯ-ეს განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. შ. ჯ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 10 დეკემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. 2021 წლის 8 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა შ. ჯ-ემ, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 19 ივნისის დასკვნის საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისისა და 2020 წლის 4 მაისის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელებისაგან გათავისუფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ შ. ჯ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ შ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: მსჯავრდებული შ. ჯ-ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული ძირითადი სასჯელებისაგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის, 2018 წლის 17 აგვისტოსა და 2020 წლის 4 მაისის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. ჯ-ემ, რომელიც ითხოვს ჯარიმისაგან გათავისუფლებასა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 5 მარტის კანონის შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 94-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (ფუძე და მარილები) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად განისაზღვრა 0.005 გრამი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში:
· შ. ჯ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 0.000825 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის, რაც, მითითებული ცვლილების მიხედვით, არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას;
· შ. ჯ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 0.000163 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (ფუძე) უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის, რაც, მითითებული ცვლილების მიხედვით, ასევე არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას;
3. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების საფუძველზე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად (სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა), შ. ჯ-ე უნდა გამართლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (0.000825 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ უკანონო შეძენა, შენახვა) და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (0.000163 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (ფუძე) უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
2.1 მსჯავრდებული შ. ჯ. გამართლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (0.000825 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ უკანონო შეძენა, შენახვა) ჩადენაში;
2.2. მსჯავრდებული შ. ჯ. გამართლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (0.000163 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (ფუძე) უკანონო შეძენა, შენახვა) ჩადენაში;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე