ას-585-854-04 14 სექტემბერი 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. გ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა შპს „ა.-ის“ გადაწყვეტილების გაუქმება. მოსარჩელე სარჩელს აფუძნებდა იმ გარემოებებს, რომ მას არ განუცხადებია თანხმობა დავის არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ზემოთ მითითებული არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მას დაეკისრა გ.კ.-ის სასარგებლოდ 3074 აშშ დოლარი და საარბიტრაჟო მოსაკრებლის 600 ლარის გადახდა. დავის განხილვისას მან არბიტრაჟს აცნობა იმის თაობაზე, რომ სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში გარიგების ბათილობის მოთხოვნით, პროკურატურაში კი _ დოკუმენტის სიყალბის თაობაზე. ამასთან, მის სახელზე შედგენილი სანოტარო აქტები იყო ყალბი. მას არ ჰქონდა სურვილი, დავა განეხილა არბიტრაჟს. მიუხედავად ამისა, არბიტაჟმა მაინც განიხილა გ. კ.-ის საარბიტრაჟო პრეტენზია და მას დააკისრა გ.კ.-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება დავის არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტის თაობაზე, ამასთან არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამიტომ მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებაზე.
ც. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება არბიტრაჟის მიერ დავის გადაწყვეტაზე. ამასთან, სასამართლო დაეყრდნო სადავო ხელშეკრულებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „ა.-ის” 2003წ. 1 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა საარბიტრაჟო პრეტენზიის მიღების წინაპირობა და არბიტრაჟის მიერ დარღვულ იქნა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის კანონით დადგენილი წესები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა.-მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ განსახილველ საქმეში არსებული იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავის არსებობისას საქმე განსახილველად და გადასაწყვეტად გადაეცემოდა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს მხარის ამორჩევით. ამასთან, კასატორის განცხადებით, მხარეს არბიტრაჟში არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოში შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება. კასატორის აზრით, სსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება და არა საარბიტრაჟო შეთანხმების დადების უფლებამოსილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 43-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს განიხილოს მხარის სარჩელი და შეცვალოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად, მითითებული ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განიხილება გარემოება, როდესაც დარღეულია არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მხარეთა შეთანხმებით ან ამ კანონით დადგენილი წესები.
მოცემულ შემთხვევაში პალატა თვლის, რომ არბიტრაჟის მიერ დარღვეულია მითითებული კანონით დადგენილი წესები, კერძოდ, პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავა კერძო არბიტრაჟს გადაეცემა მხარეთა შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთი სახის შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით. პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებული შეთანხმება კერძო არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვის თაობაზე წარმოადგენს „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული წერილობითი სახის შეთანხმებას. იმის გამო, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმომწერ პირს, ც.გ.-ის წარმომადგენელს, ასეთი უფლებამოსილება არ გაანჩდა. სკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში ც. გ.-ის მიერ ნ. ბ.-ისათვის მიცემულ მინდობილობაში მითითებულია, თუ რა მოქმედება უნდა შეასრულოს მისმა მარწმუნებელმა სანოტარო ბიუროში, მაგრამ მასში არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ მას შეუძლია დაეთანხმოს მხარეს დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე. ასეთი სახის დავალება ც.გ.-ს ნ. ბ.-ისათვის არ მიუცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ა.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.