საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №642აპ-21 ქ. თბილისი
ც--ე ა, 642აპ-21 18 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენით ა. ც-ე, - დაბადებული 1--- წლის 1 აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ც-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, სსკ-ის 42-ე და 59.8-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი, ხოლო სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
1.3. ა. ც-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
1.4. ა. ც-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანიდან - 2021 წლის 26 მარტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მისი დაკავებაში ყოფნის დრო - 2020 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის ოქტომბრიდან ე. გ-ე დაქორწინდა ა-ს რაიონის სოფელ კ-ი მცხოვრებ ა. ც-ეზე. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. 2019 წლის ზამთარში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ა. ც-ემ ა-ს რაიონის სოფელ კ–ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მობილური ტელეფონის თაობაზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ე. გ-ეს, ლანძღა და აგინა მას, რის შემდეგაც ა. ც-ემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფეხის არეში ფეხის ჩარტყმით და ფეხის არეში მაკრატლის სროლით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე. გ-ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.1. 2020 წლის 24 აგვისტოს ა. ც-ემ, ა-ს რაიონის სოფელ კ-ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, კვლავ მობილური ტელეფონის თაობაზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ე. გ-ეს, რომელიც იყო ორსულად მესამე შვილზე, ლანძღა და აგინა მას, რის შემდეგაც ა. ც-ემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახეში ხელის მრავალჯერ დარტყმითა და თმით თრევით კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ე. გ-ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. ზემოაღნიშნული ოჯახური კონფლიქტებისას ა. ც-ე მოკვლით ემუქრებოდა თავის ორსულ მეუღლეს - ე. გ-ეს, თუ იგი მის მიმართ მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტების თაობაზე ნათესავებს ან სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინებდა, რის გამოც ე. გ-ეს გაუჩნდა ზემოაღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და იძულებული გახდა მომხდარის შესახებ არ შეეტყობინებინა არც ნათესავებისა და არც სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა. ც-ისათვის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული სასჯელის - ჯარიმის დანიშვნას, საქართველოს სსკ-ის 42-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
4.1. ა. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, მასვე, სსკ-ის 42-ე ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 1000 ლარი.
4.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ც-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით და ჯარიმა - 1000 ლარი. ა. ც-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
4.3. ა. ც-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (7000 ლარი).
5. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულ ა. ც-ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის დანიშვნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ასევე დამატებითი სახის სასჯელების დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ა. ც-ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ც-ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
5. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).
6. პროკურორის ძირითად არგუმენტს მისი მოთხოვნის გასამყარებლად წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, კერძოდ, რომ ა. ც-ემ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ: 1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ. ამ შემთხვევაში, ა. ც-ის ბრალდების შესახებ დადგენილების ფაბულის თანახმად, პროკურატურა მას ედავებოდა ოჯახური დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენას ფსიქოლოგიური ძალადობით (კერძოდ, სისტემატური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ლანძღვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა). ამდენად, მოცემულ საქმეში ძალადობის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის, ქმედების ხასიათსა და ძალადობის ინტენსივობასთან ერთად (როგორც აღინიშნა, ეს უკანასკნელი წარმოადგენს პროკურორის ძირითად არგუმენტს), დამატებით უნდა შეფასდეს საქმის ყველა დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება, კერძოდ:
8. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ერთი მხრივ, გასათვალისწინებელია დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის წინააღმდეგ, არასრულწლოვნის თანდასწრებით; ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ე. გ-ემ განმარტა, რომ არ არის შერიგებული ა. ც-ესთან, თუმცა მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია; რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები; წარსულში არ არის ნასამართლევი.
9. ამდენად, ა. ც-ის მიმართ გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 63-64-ე მუხლების მოთხოვნებს და არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
10. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ც-ისათვის საბოლოოდ შეფარდებულ სასჯელს, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება შემდეგი:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ა. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 59-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე, ძირითად სასჯელთან ერთად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ამასთან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით და მსჯავრდებულ ა. ც-ეს ძირითადი სასჯელი განუსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ხოლო დამატებითი სასჯელები - შეუკრიბა სრულად.
12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. აღნიშნული ეხება როგორც ძირითად, ისე დამატებითი სახის სასჯელებს.
13. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში (რეციდივის არარსებობის დროს) იმპერატიულად ადგენს მხოლოდ და მხოლოდ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას და არავითარ შემთხვევაში არ უშვებს არათუ სასჯელთა მთლიან, არამედ მათ ნაწილობრივ შეკრებასაც.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით სასჯელთა შთანთქმისას დაირღვა სწორედ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რაც გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა. ც-ისათვის ძირითადი სასჯელის შთანთქმასა და ამ მუხლებით შეფარდებული დამატებითი სახის სასჯელების სრულ შეკრებაში.
15. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია დაცვის მხარეს და გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
16. იმ საკითხის გადასაწყვეტად, შეუძლია თუ არა სასამართლოს გასცდეს საკასაციო საჩივრისა და მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობაზე:
16.1. „ ... კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს, საქმეში არ გამოიყენოს და უგულებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლო განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს... “.
16.2. „ ... შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეებისთვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭებას, წარადგინონ მათი პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებები, არგუმენტები და ამ გზით მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მოსამართლეს თავისთავადი ვალდებულებისგან, ითვალისწინებდეს და სწორად იყენებდეს სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს იმისგან დამოუკიდებლად, მხარე რამდენად ჯეროვნად ახერხებს საკუთარი ინტერესების დაცვას და მიუთითებს თუ არა მოსამართლეს სამართლის სათანადო წესების და პრინციპების გამოყენების აუცილებლობაზე“.
17. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის მიუხედავად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №688აპ-19 გადაწყვეტილებით დადგენილია პრაქტიკა მსჯავრდებულის გამართლების თაობაზეც.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი უფლებამოსილია, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს, იმ მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეფარდებისას მისი დანიშვნის წესის დარღვევა და აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენში შემდეგი მიმართებით:
19. ა. ც-ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, სსკ-ის 42-ე ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა - 1000 ლარი.
20. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა უნდა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ძირითადი და დამატებითი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ც-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დარჩეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით.
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა. ც--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 (ორი) წლით;
სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე, სსკ-ის 42-ე ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი ძირითადი და დამატებითი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა. ც-ეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 (ორი) წლით;
4. ა. ც-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 1 დეკემბრიდან იმავე წლის 3 დეკემბრის ჩათვლით;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი