საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №679აპ-21 ქ. თბილისი
ე-ე ა, 679აპ-21 18 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განაჩენზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ირაკლი მარშანიას, მსჯავრდებულების - ზ. გ-ს, ა. ე-ს, მ. ხ-ა და ზ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ. ხ-ა და ბ. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენით:
ზ. გ-ე, - დაბადებული .... წლის .... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით 15000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა, კერძოდ: ე. მ-ს (პ/ნ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე: ა-ს რაიონი, სოფელი ნ-ი, საკადასტრო კოდით .....
მ. ხ-ე, - დაბადებული ... წლის ...აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 მაისის განჩინებით 5000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა, კერძოდ: მ. ხ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე: ა-ს რაიონი, სოფელი დიდი ს-ა, საკადასტრო კოდით .....
ა. ე-ე, - დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით 15000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა, კერძოდ: ე. მ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე: ა-ს რაიონი, სოფელი ნ-ი, საკადასტრო კოდით ....
ზ. მ-ე, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
გაუქმდა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით 15000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა, კერძოდ: ე. მ-ს (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე: ა-ს რაიონი, სოფელი ნ-ი, საკადასტრო კოდით ....
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. გ-მ, მ. ხ-მ, ა. ე-მ და ზ. მ-მ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2016 წლის სექტემბერში ა. ხ-ა განიზრახა ა-ს მუნიციპალიტეტის დაბა ა-ი, ფ-ს ქუჩა N...-ის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება და ამ მიზნით გადაწყვიტა მიემართა ა-ს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ა. ხ-ი დაუკავშირდა მეგობრებს - ზ. გ-ს, ლ. ბ-ა და დ. ჭ-ს და სთხოვა ზემოხსენებული ქონების თავის სახელზე დარეგისტრირებაში დახმარება. აღნიშნულზე ხსენებულმა პირებმა განუცხადეს თანხმობა და ა. ხ-ს მითითებით, 2016 წლის 15 სექტემბერს, ქ. ა-ი დაამზადეს ყალბი მონაცემების შემცველი განცხადება/თანხმობა, რომლითაც ისინი ადასტურებდნენ ა. ხ-ს მიერ 2006 წლიდან დაბა ა-ი, ფ-ს ქუჩა N...-ის მიმდებარედ არსებულ 68.71 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფლობის ფაქტს, რაც დაამოწმეს სანოტარო წესით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ა. ხ-ი დაუკავშირდა შპს „ა-ს“ თანამშრომელ გ. ლ-ს და ეს უკანასკნელი შეიყვანა შეცდომაში, რომ, თითქოს, მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო მასალები წარმოადგენდა დანგრეულ საცხოვრებელ ფართს და 2016 წლის 20 აგვისტოს შეადგენინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც დაბა ა-ი, ფ-ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ არსებულ 68.71 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მითითებული იყო არარსებული დანგრეული საცხოვრებელი ფართი. 2016 წლის 16 სექტემბერს, ა. ხ-ა განცხადებით მიმართა ა-ს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, სადაც მიუთითა, რომ ა-ს მუნიციპალიტეტის დაბა ა-ი, ფ-ს ქუჩა N----ის მიმდებარედ, თვითნებურად ჰქონდა დაკავებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 68.71 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე გაშენებული საცხოვრებელი შენობითურთ და სურდა მისი დარეგისტრირება. ა. ხ-ა განცხადებასთან ერთად კომისიას წარუდგინა მოქალაქეების - ზ. გ-ს, ლ. ბ-ა და დ. ჭ-ს სანოტარო წესით დამოწმებული ყალბი განცხადება/თანხმობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ყალბი ნახაზი. ა. ხ-ს განცხადების განხილვისას, კომისიის წევრებმა - ა-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა - ზ. გ-მ, ა-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ეკონომიკისა და სტატისტიკის საკითხებში - ზ. მ-მ, ა-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - მ. ხ-მ, ა-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ა. ე-მ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ს-ის მომსახურების ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა - მ. პ-ა უგულებელყვეს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნები, არაჯეროვნად შეასრულეს მათზე კანონით დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ისე, რომ არ გადაამოწმეს, მიწის ნაკვეთზე რეალურად იყო თუ არა დანგრეული საცხოვრებელი სახლი, მიიღეს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთისა და თითქოსდა, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ა. ხ-ს საკუთრებაში გადაცემის შესახებ. 2016 წლის 25 ნოემბერს, კომისიის უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარემ - ზ. გ-მ ა. ხ-ს სახელზე უკანონოდ გასცა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების N41 მოწმობა, რაც შემდგომში გახდა ა. ხ-ე აღნიშნული ქონების საკუთრებად დარეგისტრირების საფუძველი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - პროკურორმა ირაკლი მარშანიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების - ზ. გ-ს, ა. ე-ს, მ. ხ-ა და ზ. მ-ს ადეკვატური სასჯელების შეფარდება თავისუფლების აღკვეთის სახით; ასევე მათ მიმართ დამატებითი სასჯელის დანიშვნა.
კასატორებმა - მსჯავრდებულების - ზ. გ-ს, ა. ე-ს, მ. ხ-ა და ზ. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ. ხ-ა და ბ. ხ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების - ზ. გ-ს, ა. ე-ს, მ. ხ-ა და ზ. მ-ს გამართლება. გასაჩივრებული განაჩენით არ დადასტურდა მსჯავრდებულების - ზ. გ-ს, ა. ე-ს, მ. ხ-ა და ზ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა.
5. პროკურორმა ირაკლი მარშანიამ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულების - ზ. გ-ს, ა. ე-ს, მ. ხ-ა და ზ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ. ხ-ა და ბ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება ზ. გ-ს, ა. ე-ს, მ. ხ-ა და ზ. მ-ს ბრალეულობის ნაწილში.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეების საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დადგინდა მსჯავრდებულების - ზ. გ-ს, ა. ე-ის, მ. ხ-ა და ზ. მ-ს ბრალეულობა. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ა. ხ-ის განცხადების განხილვისას კომისიის წევრებმა - ზ. გ-მ, ზ. მ-მ, მ. ხ-მ და ა. ე-მ უგულებელყვეს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები; კომისიის წევრებმა სრულყოფილად არ შეისწავლეს ა. ხ-ის მიერ მათთვის წარდგენილი დოკუმენტაცია, იყო თუ არა ოდესმე განთავსებული შენობა-ნაგებობა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, შემთხვევის ადგილზე გასულმა კომისიის წევრებმა გულდასმით არ შეამოწმეს, ბლოკები უბრალოდ იყო განთავსებული თუ უძრავად იყო დაკავშირებული გრუნტთან, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ჰქონდათ გამოცდილება და შესაძლებლობა მარტივად შეემოწმებინათ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრები გასულები იყვნენ შემთხვევის ადგილზე, მათ არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და ისე, რომ არ გადაამოწმეს, რალურად იყო თუ არა დანგრეული საცხოვრებელი სახლი, მიიღეს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთისა და თითქოს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ა. ხ-ს საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
9. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილების გაანალიზებით ნათლად ჩანს, რომ იმისათვის, რომ ფიზიკურ პირს წარმოშობოდა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის უფლება, კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული უნდა ჰქონოდა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებული უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული). მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობა წარმოადგენდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობას. მთავრობის ხსენებული დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 ნაწილი კომისიას ავალდებულებს, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის იურისტ მარიამ დევდარიანის ჩვენებით, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას აწესრიგებს ,,თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შესახებ’’ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობის დადგენილება. აღიარების კომისია ვალდებულია, შეამოწმოს ინფორმაცია შემოსაზღვრულია თუ არა მიწის ნაკვეთი, ემჩნევა თუ არა დამუშავების კვალი, ან/და დგას თუ არა შენობა-ნაგებობა და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრებს სათანადო კომპეტენცია და ცოდნა არ გააჩნიათ და დათვალიერების შედეგად ვერ გაარკვევენ შენობის ძირითად კომპონენტებს, უფლებამოსილია მოიწვიოს კომპეტენტური და შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირები (მოწმის აღნიშნული განმარტება სრულად შეესაბამება ზემოხსენებული მთავრობის დადგენილების მე-14 მუხლის მეორე ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა გარემოებები უნდა იქნეს მითითებული კომისიის წევრთა სხდომის ოქმში, რომელთა შორის არის - სხდომაში მონაწილე დაინტერესებული პირის, აგრეთვე ექსპერტისა და მოწმის ვინაობა; მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენების მოკლე აღწერა და უფლებააღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების შედეგები). მოწმის განმარტებით, შენობა-ნაგებობის ან/და ნანგრევების არსებობის დადგენა შემთხვევის ადგილზე გასვლის გარეშე წარმოუდგენელია. კომისია ვალდებულია, რომ მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები სრულად მოიკვლიოს და დაადგინოს მითითებული გარემოებების შესაბამისობა კანონმდებლობასთან. მართალია, კომისიის მიერ ადგილზე გასვლის ვალდებულება საკანონმდებლო ბაზით არ წესრიგდება და მხოლოდ ზოგადი მითითებაა, თუმცა აღნიშნული საკითხი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს, რათა კომისიამ შეძლოს კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, ფაქტია, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მართებული, რადგან ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი შენობა-ნაგებობა არ იყო, რაც წარმოადგენდა ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა.
10. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია და არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რომ კომისიის წევრებმა - მ. პ-ა, ზ. გ-მ, მ. ხ-მ, ა. ე-მ და ზ. მ-მ უფლებააღიარებელი მიწის ნაკვეთი ადგილზე შეამოწმეს. კომისიის ერთ-ერთი წევრის, მოწმე მ. პ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ განცხადებით ა. ხ-ი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას მიწის ნაკვეთზე, მდებარე - ა-ს რაიონში, დაბა ა-ი, ფ-ის ქუჩა N..-ის მიმდებარედ. განცხადებაზე დართული იყო შესაბამისი დოკუმენტები, კერძოდ - საკადასტრო ნახაზი შენობა-ნაგებობის კონტურით (უკანა გვერდზე ჰქონდა განმარტება, რომ აღნიშნული კონტური იყო ნანგრევი) და მოწმეების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა ა. ხ-ის მიერ აღნიშნული ნაკვეთის ფლობა. შეამოწმეს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ინფორმაციის დასადასტურებლად გავიდნენ ადგილზე. მიწის ნაკვეთი თოვლის საფარით იყო დაფარული. ჩანდა აგურები, რომლებიც ვიზუალურ ეფექტს ქმნიდა, თითქოსდა, მიწის ნაკვეთზე შენობა - ნაგებობა იდგა. მიწის ნაკვეთი ვიზუალურად დაათვალიერეს, თუმცა საძირკველი იყო თუ არა, არ შემოუწმებიათ. სიღრმისეულად რომ შეემოწმებინათ კომისიის წევრებს, აღმოაჩენდნენ, რომ აგურები უბრალოდ ელაგა და სინამდვილეში საძირკველი არ იყო. მ. პ-ა აღნიშნა, რომ მას და კომისიის დანარჩენ წევრებს გულდასმით რომ შეემოწმებინათ მიწის ნაკვეთი, აუცილებლად მიხვდებოდნენ და ა.ხ-ს არ დაუკანონებდნენ. ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე ხის შენობა-ნაგებობის გარდა, რომელიც ჩამოიშალა, სხვა შენობა-ნაგებობა არასდროს მდგარა, დაადასტურა მოწმე შ. ბ-ა, რომელიც ცხოვრობს სწორედ ფ-ის ქუჩა N…-ის მიმდებარედ. მისივე განმარტებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობდა რუსი ეროვნების ცოლ-ქმარი. ხსენებულ მიწის ნაკვეთს რომ ნამდვილად ფლობდა რუსი ეროვნების ოჯახი, დასტურდება მოწმე ე. ა-ს გამოკითხვის ოქმით და თავად მსჯავრდებულ ა. ე-ს განმარტებით, რომლის თანახმად, შორეულ წარსულში აღნიშნული მიწის ნაკვეთით ერთი ქალბატონი სარგებლობდა. ა. ხ-ის თუ იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი, არ იცოდა, თუმცა გარკვევა არც უცდია, ივარაუდა, რომ ა. ხ-ა იყიდა.
11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელთა ჩატარების შედეგად უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კატეგორიულად გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე დანგრეული საცხოვრებელი სახლის, შენობა-ნაგებობის საძირკვლის არსებობას, კერძოდ: 2018 წლის 14 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ დათვალიერდა მიწის ნაკვეთი, მდებარე - დაბა ა-ი, ფ-ის ქუჩა N…-ის მიმდებარედ, სადაც მოწმის მიერ მითითებულ ადგილას, საძირკვლისა და ფუნდამენტის გარეშე, მიწაში ერთ რიგად ჩაწყობილი იყო ბლოკები დაზიანებულ მდგომარეობაში. ა. ა-ა ხელით, დამხმარე საშუალებების გარეშე, ამოსწია და ამოიღო ბლოკი და ვიზუალურად გამოჩნდა, რომ სამშენებლო ბლოკი უბრალოდ ელაგა. მიწაზე სამშენებლო მასალით არ იყო შექმნილი ისეთი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან (მიწასთან) უძრავად იქნებოდა დაკავშირებული. მიწის ნაკვეთი არ იყო შემოსაზღვრული კედლებით, კოლონებით ან სხვა შემზღუდავი კონსტრუქციით.
12. აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტთან დაკავშირებით, დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მართალია, საგამოძიებო ექსპერიმენტი დაგვიანებით ჩატარდა, მაგრამ აღნიშნულ ნაკვეთზე, შენობა-ნაგებობის საძირკვლის არსებობის შემთხვევაში, დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში, ვითარება არ შეიცვლებოდა იმგვარად, რომ შენობა-ნაგებობის საძირკველი გამქრალიყო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მაისის ექსპერტის N… დასკვნით დადგინდა, რომ ა-ს რაიონში, დაბა ა-ი, ფ-ის ქუჩა N..-ის მიმდებარედ, …. საკადასტრო კოდზე მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო მასალა (წვრილი სამშენებლო ბლოკები) არ წარმოადგენს შენობის საძირკველს და არც მის ფრაგმენტს; აღნიშნული ბეტონის ბლოკები გრუნტთან უძრავად არ არის დაკავშირებული. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს კომისიის წევრთა ვალდებულებას - დარწმუნებულიყვნენ, რომ უფლებააღიარებელი მიწის ნაკვეთზე არსებული სამშენებლო ბლოკები წარმოადგენდა თუ არა ადრე არსებული საცხოვრებელი შენობის ნაწილს ანუ შენობის საძირკველს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კომისიის წევრებმა სრულყოფილად არ შეისწავლეს ა. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. შედეგად, 2016 წლის 25 ნოემბერს კომისიამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ა. ხ-ს სახელზე უკანონოდ გასცა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოწმობა N41, რაც შემდგომში გახდა ა. ხ-ე აღნიშნული ქონების საკუთრებად უკანონოდ დარეგისტრირების საფუძველი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
13. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია ასევე კასატორების - ადვოკატების - კ. ხ-ა და ბ. ხ-ს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოწმე გ. ლ-ს ჩვენება ცალსახად ადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უდანაშაულობას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე გ. ლ-მ აზომვით ნახაზში დანგრეული საცხოვრებელი ფართის მითითება ახსნა იმ გარემოებით, რომ იგი დაეყრდნო ა. ხ-ის ნათქვამს, რომ იყო საცხოვრებელი ფართი. მას არ შეუმოწმებია, რეალურად იყო თუ არა საძირკველი მიწის ნაკვეთზე, რადგან არ ფლობს შესაბამის სპეციალურ ცოდნას. მისი მოვალეობა იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთის საზღვრების აზომვა.
14. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება 2018 წლის 8 ივნისის დათვალიერების ოქმთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განაჩენებში განვითარებულ მსჯელობას ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია ეფუძნება დამთვალიერებელი პირების სუბიექტურ აღქმას. დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა, მიწის ნაკვეთზე არსებობს საძირკვლის ფრაგმენტი, არის სუბიექტური შეხედულება და არა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ ასახული ინფორმაცია. ერთი შეხედვით, სამშენებლო ბლოკების არსებობა შესაძლოა, ქმნიდეს ვიზუალურ ეფექტს, რომ თითქოს, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ოდესღაც არსებობდა შენობა-ნაგებობა, თუმცა ამ პოზიციის სამტკიცებლად, აუცილებელია ექსპერტიზის დასკვნა. მოცემულ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მაისის ექსპერტის N…. დასკვნის თანახმად, უტყუარად დადასტურებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობის საძირკველი არ არის და აღნიშნული ბეტონის ბლოკები გრუნტთან უძრავად არ არის დაკავშირებული. ამდენად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დათვალიერების ოქმი, ვიდეოჩანაწერითა და ფოტოსურათებით, ბრალდებულების უდანაშაულობის მტკიცებისათვის არ წარმოადგენს წონად არგუმენტს და ეჭვქვეშ ვერ დააყენებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ N… ექსპერტიზის დასკვნას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომელმაც დადგენილად მიიჩნია ზ. გ-ს, ა. ე-ის, მ. ხ-ა და ზ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ბ-ა და მოწმეების - ა. ა-ის, ო. ხ-ის, ა. ხ-ის, ზ. გ-ის, მ. პ-ის, დ. მ-ის, გ. ლ-ის, მ. დ-ა და სხვათა ჩვენებებით, ექსპერტიზების დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
16. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ პოზიციაზე: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და არაადეკვატური - ზედმეტად მკაცრი სასჯელი (ისევე როგორც გაუმართლებლად ლმობიერი სასჯელი) ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის პრევენციას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას. ამასთანავე, ამგვარი სასჯელი ვერ გახდება ასევე სამართლის პროგრესული და მისი დანიშნულების შესაბამისი განვითარების, საზოგადოების წევრების ჰარმონიული თანაარსებობის ხელშემწყობი ფაქტორი. შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
18. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ზ. გ-ს, ა. ე-ის, მ. ხ-ა და ზ. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ თითოეული მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მათი პიროვნული მახასიათებლები, ქმედების ჩადენის ხასიათი - ჩადენილია არაძალადობრივი გაუფრთხილებელი ქმედება; ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, სახე და ხერხი; დაზარალებულის წარმომადგენლის პოზიცია, რომლის თანახმად, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმა ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე). ამდენად, მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები კანონიერია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების - ზ. გ-ის, ა. ე-ს, მ. ხ-ა და ზ. მ-ის სასჯელის სახით ჯარიმების შეფარდების თაობაზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №824აპ-19).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ირაკლი მარშანიას, მსჯავრდებულების - ზ.გ-ს, ა. ე-ის, მ. ხ-ა და ზ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ. ხ-ა და ბ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი