საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №685აპ-21 ქ. თბილისი
გ-ა ვ, 685აპ-21 18 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ვ. გ-ს, - დაბადებულს .... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. ვ. გ-ა 1973 წლიდან 1989 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ. ც-ნ. განქორწინების მიუხედავად, ისინი აგრძელებდნენ ქ.ს-ი, დ-ს ქუჩის №...-ში მდებარე სახლში ერთად ცხოვრებას, რა დროსაც ყოფილ მეუღლეებს შორის ხშირი იყო კონფლიქტური სიტუაცია. 2001-2013 წლებში ვ. გ-ა ცხოვრობდა ცალკე, ყოფილი მეუღლის მიერ შეძენილ ბინაში, რომელიც დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში, რის გამოც 2013 წელს შვილმა გ. გ-მ კვლავ მიიყვანა ყოფილ მეუღლესთან სახლში. 2014 წლიდან 2018 წლის ნოემბრამდე ლ. ც-ა სამუშაოდ იმყოფებოდა თ-ის რესპუბლიკაში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ ყოფილი მეუღლე ვ. გ-ა ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2019 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, ვ. გ-მ ყოფილ მეუღლეს - ლ. ც-ს ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო დედის გინება, შემდეგ მიუახლოვდა და ჯოხი დაჰკრა ზურგში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენით:
2.1. ვ. გ-ა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. ვ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში; ასევე გაუქმდა გამოძიების ორგანოში კვირაში ერთხელ, გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს, გამოცხადების ვალდებულება, გამომძიებლისა და დაზარალებულთან წინასწარი თანხმობის გარეშე მიახლოებისა და მასთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის აკრძალვა.
2.3. ვ. გ-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
8. დაზარალებულმა ლ. ც-მ განმარტა, რომ 1973 წლის 16 ივნისს დაქორწინდა ვ. გ-ე და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. მისი მეუღლე სვამდა, ჰქონდა ცუდი ხასიათი და უმიზეზოდ ჩხუბობდა. შვიდი წელი ცხოვრობდნენ სოფელში, შემდეგ წავიდა ს-ი, დაიწყო მუშაობა ხალიჩების ქარხანაში და იყიდა სახლი. განქორწინების შემდეგ გაიყო მათი ქონება, თუმცა ცხოვრება მაინც ერთად განაგრძეს. ამ პერიოდშიც აყენებდა შეურაცხყოფას. წლების წინ ესროლა ქვა და თავი გაუტეხა, ნაჯახიც ჩაარტყა, რის გამოც დააკავეს, მაგრამ შვილის თხოვნით აპატია, უყიდა ბინა, მაგრამ გაფორმებული არ ჰქონდა. იქიდანაც გამოაგდეს, რის შემდეგ ისევ მათთან მივიდა საცხოვრებლად. ხუთი წელი ქალიშვილთან ერთად მუშაობდა თ-ი. დაბრუნებულს ყველაფერი გაპარტახებული დახვდა. უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა და ეჩხუბებოდა. 2019 წლის 20 სექტემბერს შევიდა სამზარეულოში, წყალი უნდა აეღო, რა დროსაც უთხრა, თავი მოიკალი ან მე მოგკლავო, ხელოსანი შენი საყვარელიაო და მხარზე დაარტყა ჯოხი. იგი ,,დაეჯიკავა ვ-ს“, რომელმაც მაისურზე ჩაავლო ხელი და არ გაუშვა, ხოლო ჯოხის წართმევისას წაიქცა. ხმაურზე შევიდნენ მეზობლები, რომლებმაც საპატრულო პოლიციაში დარეკეს.
9. სამედიცინო ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, ლ. ც-ს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.
10. ამდენად, დაზარალებული ლ. ც-ა სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემულ ჩვენებაში უთითებს მასზე ვ. გ-ს ძალადობაზე, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ვ. გ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად არ არის საკმარისი, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში ჩამოყალიბებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესაძლოა დადგენილიყო, რომ დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ვ. გ-ს ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ფაქტობრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, ძლივს ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, გააჩნია სმენისა და მეტყველების სერიოზული პრობლემა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს ვ. გ-ს პოზიციის გარკვევაც გაუჭირდა და მისი მხრიდან ძალადობის ჩადენა, ყოველ შემთხვევაში იმ ზომისა და ხარისხის, რომელმაც შეიძლება ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვიოს, ნაკლებად სარწმუნოა.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მაგალითად, 269-ე, 82-ე მუხლები) იმპერატიული დანაწესებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/20202).
14. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დიმიტრი ხვიტიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი