ას-590-1244-03 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 მაისს ლ. ბ-მა, დ. ჩ-მა, რ. ს-ემ, ნ. ბ-მა, მ. მ-მა სარჩელი აღძრეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში ა. ქ-ის მიმართ და მოითხოვეს ვალდებულების შესრულების სახით მასზე თანხების დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ა. ქ-მა 1994წ. 6 აპრილს ჩატარებულ “ს-ოს” მეანაბრეთა საერთო კრებაზე იკისრა სოლიდარული ვალდებულება, კომპანიასთან ერთად გადაეხადა კომპანიის ვალები.
1994წ. 24 იანვარს დაიდო სატრასტო ხელშეკრულება ლ. ბ-სა და საქართველოს საინვესტიციო კორპორაცია “ს-ოს” შორის, 3 თვის ვადით, რომლის შესაბამისად, ლ. ბ-ი იღებდა ვალდებულებას, გაეხსნა სატრასტო ანგარიში “ს-ოსთან”, ხოლო კორპორაცია “ს-ო” კისრულობდა ვალდებულებას, კლიენტისათვის გადაეხადა ყოველთვიური სარგებელი 10%-ის ოდენობით.
1993წ. 16 ნოემბერს დ. ჩ-სა და კომპანია “ს-ოს” შორის დაიდო ანალოგიური ხელშეკრულება 1000 აშშ დოლარზე 3 თვის ვადით 10% სარგებლით, ხოლო 15 ნოემბერს _ 2000 აშშ დოლარზე 10% სარგებლით 1994წ. 15 თებერვლამდე.
1993წ. 29 ოქტომბერს ლ. ბ-მა დადო სადეპოზიტო ხელშეკრულება “კ-თან”, რომლის საფუძველზეც ბანკმა 6 თვის ვადით აიღო 3000 აშშ დოლარი სესხი 11% სარგებლით, ხოლო 1993წ. 28 მაისის ხელშეკრულებით _ 1000 აშშ დოლარი 1 წლის ვადით 35% წლიური სარგებლით.
1993წ. 27 იანვარს რ. ს-ესა და კონცერნ “ა-ს” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 5330 აშშ დოლარის 60% წლიური სარგებლით 10წ. ვადით.
1993წ. 29 დეკემბერს დაიდო სატრასტო ხელშეკრულება ნ. ბ-სა და კორპორაცია “ს-ოს” შორის 600 აშშ დოლარზე 10% ყოველთვიური სარგებლით 3 თვის ვადით.
1993წ. 29 დეკემბერს მ. მ-სა და საქართველოს საინვესტიციო კორპორაცია “ს-ოს” შორის დაიდო სატრასტო ხელშეკრულება 500 აშშ დოლარის ოდენობით 3 თვის ვადით 10% ყოველთვიური სარგებლით.
1992წ. 30 დეკემბერს მ. მ-მა დადო კონცერნ „ა-თან“ ხელშეკრულება 200 დოლარზე 1994 წლიდან წლიური 60% სარგებლით და იმავე პირობებით _ 700 აშშ დოლარზე.
მ. მ-სა და “კ-ს” შორის დაიდო კიდევ ერთი ხელშეკრულება 300 დოლარზე წლიური 45% სარგებლით. ზემოთ მითითებული ხელშეკრულებებით კი ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და ა. ქ-ს დააკისრა ლ. ბ-ის სასარგებლოდ 11330 აშშ დოლარი, დ. ჩ-ის სასარგებლოდ 3100 აშშ დოლარი, რ. ს-ის სასარგებლოდ 27716 აშშ დოლარი, ნ. ბ-ის სასარგებლოდ 750 აშშ დოლარი, მ. მ-ის სასარგებლოდ 8325 აშშ დოლარის, სულ _ 54051 აშშ დოლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ლ. ბ-ის, დ. ჩ-ის, რ. ს-ის, ნ. ბ-ის, მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
მოსარჩელეების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ა. ქ-ი წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად მოსარჩელეები მიიჩნევენ “ს-ოს” მეანაბრეთა საერთო კრების ოქმს. პალატამ ეს ოქმი პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად არ მიიჩნია, რადგან მას ხელს არ აწერს კრების თავმჯდომარე და მეორეც – იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან დადგენილია კანონით, კერძოდ, ვალდებულების საგნის განუყოფლობის დროს. სადავო კრების ოქმი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარეთა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 1994წ. 6 აპრილის კრების ოქმში დაფიქსირებული ა. ქ-ის პასუხი წარმოადგენს თავდებობას, რადგან სამოქალაქო სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულება დადებული უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმით, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ არ ყოფილა შესრულებული და მხოლოდ კრების ოქმი პალატამ ასეთ მტკიცებულებად არ მიიჩნია.
სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ დარღვეულია სკ-ის 75-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
დ. ჩ-მა, რ. ს-ემ, მ. მ-მა, ლ. ბ-მა და ნ. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ტ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ გარემოებებს და აღნიშნა, რომ 1994წ. 6 აპრილისა და 1994წ. 11 ოქტომბრის ოქმებში არის წერილობითი ფორმით დაფიქსირებული ნება ა. ქ-ის მიერ სოლიდარული პასუხისმგებლობის აღებაზე. სოლიდარული პასუხისმგებლობა რეგულირდებოდა 1964წ. რედაქციის სამოქალაქო კოდექსითაც და რეგულირდება 1997წ. რედაქციის კოდექსითაც. დღეს მოქმედი სკ ამ ვალდებულებით ურთიერთობას არეგულირებს 463-476 მუხლების საფუძველზე. სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპი საყოველთაოდ ცნობილია და იგი ვრცელდება სოლიდარულად პასუხისმგებელ სუბიექტებზე თანაბრად. ასევე, მართალია, მოსარჩელეებსა და კომპანიებს (რომელთა ვალდებულებებზეც ა. ქ-მა იკისრა პასუხისმგებლობა) შორის სამართლებრივი ურთიერთობა 1993-94 წლებში წარმოიშვა, მაგრამ მომდევნო წლებში ა. ქ-მა არაერთხელ აღიარა ეს ვალდებულებები, რაც დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, როგორც დოკუმენტურად, ასევე მეანაბრეების სასარგებლოდ თანხების გადახდის ფაქტებითა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე. სამოქალაქო სამართლის კოდექსის როგორც 1964წ. რედაქციით, ასევე 1997წ. 25 ნოემბრის რედაქციით დადგენილია ხანდაზმულობის ვადის თავიდან დაწყების მექანიზმი ვალდებულების აღიარების მომენტიდან. კონკრეტული სადავო საქმის განხილვისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ 1997წ. 25 ნოემბრის რედაქციის სკ-ის ამოქმედებისას მოსარჩელის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ იყო გასული. ახალი სკ-ის თანახმად კი საანაბრე ურთიერთობებზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება (მუხლი 128, პუნქტი მე-2, ქვეპუნქტი “ბ”).
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ, ერთის მხრივ, მოსარჩელეებს ლ. ბ-ს, დ. ჩ-ს, რ. ს-ეს, ნ. ბ-სა და მ. მ-ს, ხოლო, მეორეს მხრივ, “საქართველოს საინვესტიციო კორპორაცია “ს-ოს”, კომერციულ ბანკ “კ-სა” და კონცერნ “ა-ს” შორის 1993-94 წლებში სხვადასხვა ვადით (3, 6 თვის) დაიდო სადეპოზიტო, სატრასტო ხელშეკრულებები, რომლითაც ზემოთ მითითებულმა იურიდიულმა პირებმა იკისრეს ვალდებულება, თანხის შეტანის სანაცვლოდ ფიზიკური პირებისათვის აენაზღაურებინათ შეტანილი თანხის პროცენტი სხვადასხვა ოდენობით.
ზემოთ მითითებული იურიდიული პირების მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა.
სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორების მიერ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო პრეტენზიას, რომ მოპასუხის ა. ქ-ის ნება კომპანიების “ს-ოს”, “ა-ისა” და “კ-ის” ვალდებულებებზე პირადი პასუხისმგებლობის შესახებ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მეანაბრეთა 1994წ. 6 აპრილისა და “კ-ის”, “ც-ის” მმართველი ორგანოს წევრებისა და “კ-ის” მეანაბრეთა დამკვირვებელი კომისიის წევრების 1994წ. 11 ოქტომბრის სხდომის ოქმებით. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ 1999წ. 6 აპრილის სხდომის ოქმს ხელს არ აწერს კრების თავმჯდომარე, ხოლო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მიხედვით სოლიდარული მოვალეობა ან სოლიდარული მოთხოვნა ჩნდება მაშინ, როცა ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, ან დადგენილია კანონით, კერძოდ, ვალდებულების საგნის განუყოფლობის დროს. აღნიშნული კრების ოქმი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას და არც ვალდებულების საგანია განუყოფელი.
1994წ. 11 ოქტომბრის სამომრიგებლო შეთანხმებაში, რომელსაც ხელს აწერს ა. ქ-ი, არ არის მითითებული, რომ ეს უკანასკნელი კისრულობს ვალდებულებას, აანაზღაუროს იურიდიული პირების მიერ ნაკისრი ვალდებულებები მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
კასატორთა მიერ მითითებული მეანაბრე ვ. პ-ას განცხადება, გამოძიების წინაშე დაზარალებულ მეანაბრე აქციონერთა და სააქციო საზოგადოება “ს-ოსა” და “კ-ის” სამეთალყურეო საბჭოს შუამდგომლობები, ასევე ნ. ქ-ის წერილები, ვერ იქნება მიჩნეული ა. ქ-ზე სოლიდარული ვალდებულებების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულია; ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება, რომ ადგილი აქვს მოსარჩელეების მოთხოვნის უფლების გადაფარვას დროში 1997წ. 25 ნოემბრის რედაქციის კოდექსის ამოქმედებისას.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეთა მოთხოვნა მოქმედი სკ-ის ძალაში შესვლის მომენტში ხანდაზმული იყო და, შესაბამისად, მასზე ამ კოდექსის ნორმები ვერ გავრცელდება.
მოსარჩელეებს სარჩელში მოპასუხედ მითითებული ჰყავთ ფიზიკური პირი ა. ქ-ი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა. ქ-ი სოლიდარული მოვალეა, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი არასათანადო მოპასუხეა. ხელშეკრულების მხარე, რომლის შეუსრულებლობის გამო დავობენ მოსარჩელეები, შესაბამისად, იურიდიული პირები საქართველოს საინვესტიციო კორპორაცია “ს-ო”, კომერციული ბანკი “კ-ი” და კონცერნი “ა-ია”. ბუნებრივია, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობაზე ვალდებულება მათ ეკისრებათ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სსკ-ის 85-ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრული არ არის იმ პირის წინააღმდეგ, რომლებმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. მოპასუხე ა. ქ-ი არასათანადო მოპასუხეა, რის გამოც სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ის, დ. ჩ-ის, ნ. ბ-ის, მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.