Facebook Twitter

ას-590-860-04 14 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი, მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: სესხისა და პროცენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 17 აპრილს მ. გ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ.-ის მიმართ სესხისა და საპროცენტო დანარიცხის დაბრუნების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 21 მარტს მან მოპასუხეს ასესხა 600 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 24 მარტს 100 აშშ დოლარი ყოველთვიური 10%-ის დარიცხვით, რის თაობაზეც გაფორმდა შესაბამისი ხელწერილი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2001წ. ოქტომბერი. ნ.გ.-ისათვის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მას სესხი არ დაუბრუნებია. ამდენად, მ. გ.-მ მოითხოვა ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხი უკვე დაფარული აქვს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. გ.-ს მ. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის _ 700 აშშ დოლარისა და ვადაგადაცილებული 30 თვის ყოველთვიური 3% საპროცენტო დანარიცხის სულ 1363 აშშ დოლარის გადახდა.

სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ნ. გ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 317-ე, 623-ე, 361-ე, 429-ე, 430-ე მუხლებით და დაადგინა, რომ 2001წ. 21 მარტს ნ. გ.-მ მ. გ.-ისაგან ისესხა 600 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 24 მარტს _ 100 აშშ დოლარი ყოველთვიური 10%-ის დარიცხვით, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2001წ. ოქტომბერში. მოპასუხემ, თავისი სიტყვიერი განმარტების გარდა, სესხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს საპროცენტო დანარიცხი 3%-ის ოდენობით. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, თითქოს სასამართლომ არ შეატყობინა საექსპერტო დაწესებულებაში ხელწერის ნიმუშების წარდგენის მიზნით გამოძახების შესახებ, როდესაც იხილებოდა სადავო სესხის ხელწერილის ნამდვილობის საკითხი, ამასთან, არ გამოითხოვა რუსთავის შს სამმართველოს პირველი განყოფილებიდან მოკვლეული მასალები. პალატამ მიუთითა, რომ საქმეზე დართული უზენაესი სასამართლოს 2003წ.წ. 4 თებერვლის განჩინების თანახმად, რუსთავის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის 2002წ. 21 სექტემბრისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ნ.გ.-ის მიმართ არ აღიძრა, რადგან მოკვლეული მასალებით ნ.გ.-ის მხრიდან იძულებით ხელწერილების დაწერის ან მუქარის ფაქტები არ დადასტურდა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის შესახებ და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავო ხელწერილის ნამდვილობის უარყოფა მისი მხრიდან სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის აცილებისა და საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურება, რის გამოც კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა აუცილებლობასაც არ წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ნ.გ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, როგორც რაიონული, ისე სააპელაციო სასამართლოში იგი შუამდგომლობდა საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების კალიგრაფიული ექსპერტიზისათვის გამოსაკვლევად გადაცემის შესახებ, ვინაიდან მასზე ნ.გ.-ის ხელწერა გაყალბებულია, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა არც ერთი სასამართლოს არ გაუზიარებია. კასატორმა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ სესხი უკვე გასტუმრებული ჰქონდა. ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინება, როგორც ძირითადი, ისე პროცენტის გადახდის დაკისრების ნაწილში უსაფუძლოდ მიიჩნია. ნ. გ.-მ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ნ. გ.-ს საკასაციო საჩივრით ამ სახის პრეტენზია არ განუცხადებია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი გარემოებები: ნ. გ.-მ 2001წ. 21 მარტს მ. გ.-ისაგან სესხად აიღო 600 აშშ დოლარი, ხოლო 2001წ. 24 მარტს 100 აშშ დოლარი ყოველთვიური 10%-ის გადახდის პირობით. ნ. გ.-ს სესხი უნდა დაებრუნებინა იმავე წლის ოქტომბერში.

ვალდებულების შესრულება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 361-ე, 429-ე და 430-ე მუხლებზე დაყრდნობით კანონიერად არ გაიზიარა ნ. გ.-ის განმარტება ვალის გადახდის თაობაზე და მართებულად მიუთითა შესრულების დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლობაზე, ვინაიდან სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე სწორია სასამართლოს მსჯელობა სკ-ის 625-ე მუხლზე მოთხოვნათა გათვალისწინებით ძირითად თანხაზე ყოველთვიური 3 პროცენტის დაკისრების თაობაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სესხის დამადასტურებელი ხელწერილი მის მიერ არ არის შედგენილი სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე და მხოლოდ სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემული დავის განხილვასთან დაკავშირებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. გ.-ის წარმომადგენლის, ნ. შ.-ის, შუამდგომლობა სადავო ხელწერილზე გრაფიკული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ამავე განჩინებით ექსპერტიზის ჩასატარებლად ნ. გ.-ს დაევალა ხელნაწერი ნიმუშების წარდგენა. საქართველოს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2003წ. 2 სექტემბრის დასკვნით, ნ.გ.-ის მიერ ნიმუშების წარმოუდგენლობის გამო, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა. ამდენად, ნ. გ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლად დასახელებული გარემოება თვით კასატორის მიერ მოსამართლის შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობითაა გამოწვეული, რაც სსკ-ის 206-ე მუხლის თანახმად, მხარეს უკარგავს უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილით კი ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი არსებობს პირველ ინსტანციაში მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

Yყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

ნ. გ.-ს დაეკისროს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის _ 75 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.