Facebook Twitter

საქმე # 010100218700050618

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№472აპ-18 7 სექტემბერი, 2021 წელი

კ–ი დ, 472აპ.-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ლეონტი ადეიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2014 წლის 7 მაისს დ. კ–ი და ა. ნ-ა ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და ჯგუფურად), რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დანაყოფებში საქართველოს თ-ის - დ. კ–ის მიერ განსაზღვრული უცხოელი ინსტრუქტორების მონაწილეობით ტარდებოდა გეგმური საბრძოლო მომზადება. ამ მიზნით, 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უცხოურ კომპანია, შპს ,,დ-თან“ (,,D-d L) და საქართველოში რეგისტრირებულ შპს ,,დ- ჯ-ასთან“ გააფორმა ხელშეკრულებები. მითითებულმა კომპანიებმა 2007 წლის 12 ივლისიდან - 2008 წლის აგვისტომდე შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც გაფორმდა შესაბამისი ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები და სრულად აუნაზღაურდათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები.

1.3. 2008 წლის 10 იანვარს დ. კ–მა მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში (ბ-ის ვ-ის კუნძულებზე) რეგისტრირებულ კომპანია ,,გ - ბ-ეს კ-ის“ (,,G-s C-”-ის) სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა N-- ბრძანება - კომპანია ,,გ. ბ-ეს კ-თან“ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. დ. კ–მა მასთან დაახლოებულ პირს - საქართველოს თ-ის უფროსს - ა. ნ-ას სიტყვიერად დაავალა, რომ კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულება უპირობოდ გაეფორმებინა.

1.4. დ. კ–ის დავალება ა. ნ-ამ შეასრულა ,,ს. შ-ის დებულების“ მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, მან იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურების საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად, საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, 2008 წლის 10 იანვარს კომპანია ,,გ- ბ-ეს კ-თან“ გააფორმა N-- ხელშეკრულება - თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროთი.

1.5. იმისთვის, რათა ხელოვნურად შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ თითქოს, კომპანია ,,გ- ბ-ეს კ-ი“ რეალურად ჩაატარებდა სასწავლო წვრთნებს, 2008 წლის 10 იანვრის N-- ხელშეკრულებაში მიეთითა ზუსტად ის სასწავლო პროგრამები და სამხედრო დანაყოფები, რომლებიც 2007 წლიდან შპს ,,დ. ჯ-ასა“ და შპს ,,დ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ისედაც გადიოდნენ სამხედრო სწავლებას.

1.6. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინტერესების საწინააღმდეგოდ, N-- ხელშეკრულებით განისაზღვრა საავანსო თანხების გადახდა ყოველგვარი გარანტიის წარდგენის გარეშე. აღნიშნული პირობის შესაბამისად, კომპანია ,,გ - ბ-ეს კ-ის“ საბანკო ანგარიშზე 2008 წლის 16 იანვარს გადაირიცხა 1 421 250 ევრო, ხოლო 2008 წლის 20 თებერვალს - 909 687.5 ევრო.

1.7. ,,გ - ბ-ეს კ-ისთვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი თანხების გადახდის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა კომპანიის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის კონკრეტულ დანაყოფებში ჩატარებული სწავლების შესახებ ანგარიშის წარდგენა. დ. კ–ის დავალებით ა. ნ-ამ გამოიყენა თ-ის უფროსის - დ. ბ-ის ხელმოწერით დადასტურებული, კომპანია ,,გ. ბ-ეს კ-ის“ 2008 წლის 4 აპრილით დათარიღებული ყალბი კვარტალური ანგარიში, კომპანიის მიერ თითქოსდა დაწყებული და ნაწილობრივ ჩატარებული სწავლებების შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ,,გ.- ბ-ეს კ-ის“ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 2 7 29 062,50 ევრო.

1.8. ჯამურად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია ,,გ - ბ-ეს კ-ის“ ანგარიშზე გადარიცხა 5 060 000 ევრო, იმის მიუხედავად, რომ ხსენებული თანხით გათვალისწინებული მომსახურება - საბრძოლო სწავლების კურსების ჩატარება არ შესრულდა. გარდა ამისა, დ. კ–მა და ა- ნ-ამ არ მიიღეს ზომები კომპანია ,,გ - ბ-ეს კ-ის“ ანგარიშზე გადარიცხული 5 060 000 ევროს ს- ბიუჯეტისთვის დასაბრუნებლად.

1.9. აღნიშნულით, დ. კ–მა ა. ნ-ასთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა 5 060 000 ევრო, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და გამართლდა.

2.2. ამავე განაჩენით ა. ნ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

2.3. მსჯავრდებულ ა. ნ-ას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა 2014 წლის 16 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად აქვს მოხდილი.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ნ-ამ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს თ-ის უფროსმა - ა. ნ-ამ არ გადაამოწმა კომპანიის სახელწოდება და რეკვიზიტები, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ვინაობა, კომპანიის ს- საიდუმლო ინფორმაციაზე ნებართვის უფლების არსებობა, არ განსაზღვრა ხელშეკრულების მმართველი ოფიცერი და ლოგისტიკის ორი ოფიცერი, კონტრაქტორს არ მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშებისა და მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა, არ გააკონტროლა ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობა, არ აღრიცხა ხელშეკრულების წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და სათანადო დეპარტამენტს არ მიაწოდა ინფორმაცია ხელშეკრულების შეუსრულებლობის შესახებ. ა. ნ-ას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2.5. 2017 წლის 25 სექტემბერს სახელმწიფო ბრალმდებლებმა - თამარ მესხიამ და ლეონტი ადეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს დ. კ–ისა და ა. ნ-ას დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით.

3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:

3.1. 2017 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დასაშვებად ცნო პროკურორების - თამარ მესხიასა და ლეონტი ადეიშვილის სააპელაციო საჩივარი და 2018 წლის 23 მაისს გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2018 წლის 22 ივნისს პროკურორმა ლეონტი ადეიშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დ. კ–ისა და ა. ნ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

3.3. 2018 წლის 2 ივლისს ა. ნ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ–მა, ხოლო 2018 წლის 3 ივლისს დ. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. მ–მა წარმოადგინეს შესაგებლები პროკურორის საკასაციო საჩივარზე და ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. საკასაციო საჩივრის ავტორის, პროკურორ ლეონტი ადეიშვილის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან მან დ. კ–ისა და ა. ნ-ას ქმედებების დანაშაულებრივი კვალიფიკაციისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და ასევე, არასწორად განმარტა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი.

4.2. პროკურორ ლეონტი ადეიშვილის აზრით, სასამართლომ არსებითდ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნები და არ შეაფასა მტკიცებულებები.

4.3. კასატორი არ იზიარებს სასამართლოების დასკვნას, რომლის თანახმადაც, ა. ნ-ა არ წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით (გაფლანგვა) გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ნორმატიული აქტების ობიექტური შეფასებისგან.

4.4. კასატორის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო თანხები იმყოფებოდა ა. ნ-ასა და დ. კ–ის მართლზომიერ გამგებლობაში, რაც დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით. მისი აზრით, საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ა. ნ-ა და დ. კ–ი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვითა და წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს განზრახი დანაშაული - გაფლანგვა.

4.5. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის შემადგენლობის ნიშანი - ქონებრივი უფლების მართლზომიერი ფლობა - უდავოდ დადგენილია, ვინაიდან დ. კ–სა და ა. ნ-ას, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არამარტო შესაძლებლობა ჰქონდათ, მართლზომიერად განეკარგათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონება, არამედ ვალდებული იყვნენ, ეკონტროლებინათ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობა.

4.6. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თ-ის 2008 წლის 10 იანვრის N- ბრძანება და მისი ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ დაჩქარებული წესით გაფორმებულიყო ხელშეკრულება კომპანია ,,გ. ბ-ეს კ-თან“, იმთავითვე დანაშაულებრივი იყო, ვინაიდან ბრძანების გაცემის დღესვე ხელშეკრულების გაფორმება კანონიერი გზით შეუძლებელი იყო, კერძოდ: ა. ნ-ა ერთ დღეში ვერ გადაამოწმებდა კომპანიის სახელს, ვერ დაადგენდა კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს, კომპანიის იურიდიულ რეკვიზიტებსა და მისამართს, ასევე ვერ შეამოწმებდა, კომპანია აკმაყოფილებდა თუ არა ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

4.7. კასატორი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ დ. კ–მა და ა. ნ-ამ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაფლანგეს 5 060 000 ევრო, შესაბამისად, ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

ა. ნ-ას მსჯავრდებასთან დაკავშირებით

5.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულ ა. ნ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ნაწილში და სრულად ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ა. ნ-ა არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს, ვინაიდან მისი თანამდებობრივი უფლებამოსილებების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები მის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არ იმყოფებოდა და, შესაბამისად, მის განკარგვაზე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა.

5.2. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას ჯგუფურ დანაშაულთან დაკავშირებით, რომ თითქოს, საქართველოს თ-ი დ. კ–ი და ამავე სამინისტროს შ-ის უფროსი ა. ნ-ა მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით და წინასწარ შეთანხმებით ჩაიდინეს გაფლანგვა, რადგან, ერთი მხრივ, ა. ნ-ა არ წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს და, მეორე მხრივ, ბრალდების მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ დ. კ–ი და ა. ნ-ა წინასწარ შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩადენის მიზნით, არ წარმოუდგენია.

5.3. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ა. ნ-ას მიმართ გადაწყვეტილების გამოტანისას არსებითად არ დაურღვევია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დაკვალიფიცირდა.

დ. კ–ის მსჯავრდებასთან დაკავშირებით

5.4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 259-ე და მე-300 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო წესით გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენის კანონიერება და აღნიშნავს, რომ დ. კ–ის მიმართ განაჩენი უკანონოა, რადგან იგი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის გარეშე, გადაწყვეტილების მიღების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენი დაუსაბუთებელია მსჯავრდებულ დ-.კ–ის მიმართ, რადგან მის მიმართ წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობის დასკვნები და გადაწყვეტილებები ზოგადი და ბუნდოვანი ხასიათისაა.

5.6. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს თ-ი კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს მათი კანონიერების ან მიზანშეწონილობის მოტივით; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ნორმატიულ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს სამინისტროს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანმიმართული ხარჯვისთვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სწორედ დ. კ–ის, როგორც საქართველოს თ-ის, მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები, ის იყო ფინანსების ხარჯვაზე გადაწყვეტილების მიმღებიც და პასუხისმგებელიც, სწორედ ამიტომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის სუბიექტს დ. კ–ი წარმოადგენდა და არა - სხვა, რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

5.7. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 10 ნოემბრის N- ბრძანებით დ. კ–ი 2006 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 6 დეკემბრამდე იყო საქართველოს თ-ი. მოწმე ვ. ძ-ის ჩვენებით დგინდება, რომ შეიარაღებულ ძალებში არაგეგმური სწავლების თაობაზე ბრძანება თ-ს უნდა გამოეცა გენერალური შტაბის მოთხოვნის საფუძველზე. თ-მა 2008 წლის 10 იანვრის N- ბრძანება გამოსცა მითითებული მოთხოვნის გარეშე. იმავე დღეს, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროსა და ,,გ. ბ-ეს კ-ს“ შორის გაფორმდა N- ხელშეკრულება. მოწმეების - ზ. გ-ას, შ. თ-ასა და გ.– ტ–ის ჩვენებებით დგინდება, რომ გენერალური შტაბის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ამ ბრძანებისა და ხელშეკრულების თაობაზე არაფერი იცოდა, თუმცა სხვა სწავლებებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ ტარდებოდა შეიარაღებულ ძალებში, მათთვის ცნობილი იყო. მოწმეების - ვ. ძ-ის, გ. ბ–ისა და ო. შ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ „გ. ბ-ეს კ-ს“ არ წარმოუდგენია მეოთხე კვარტლის ანგარიში და თავდაცვის სამინისტროს მასთან არ გაუფორმებია მიღება-ჩაბარების აქტი, დ. კ–ის სიტყვიერი მითითებით, პროცედურების დაუცველად, შესაბამისმა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა ,,გ.- ბ-ეს კ-ს“ 2008 წლის 16 იანვარს საგადასახადო მოთხოვნა N10-ის თანახმად გადაურიცხა 1 421 250 ევრო, 2008 წლის 20 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა N70-ის თანახმად - 909 687,50 ევრო, ხოლო 2008 წლის 15 მაისის საგადასახადო მოთხოვნა N182-ის თანახმად - 2 729 062,50 ევრო, რამაც ჯამურად შეადგინა 5 060 000 ევრო.

5.8. საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს (მოწმე ო. შ-ის ჩვენება), რომლებიც მიუთითებს, რომ 2008 წლის 10 იანვრის N- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლებები სრულად ჩატარდა, სასამართლო არ იზიარებს. ხელშეკრულების საფუძველზე სწავლების ჩატარების ფაქტი დგინდება მხოლოდ შესაბამისი ანგარიშისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში წარდგენილი არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებისა და დოკუმენტური მტკიცებულებების იურიდიული ძალის შეპირისპირებისას უპირატესობა ენიჭება დოკუმენტურ მტკიცებულებებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც, ერთი მხრივ, დაადასტურებს სწავლების ჩატარების ფაქტს და, მეორე მხრივ, წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საფუძველს.

5.9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მინისტრის მხრიდან საკუთარი უფლება-მოვალეობების უგულებელყოფა, კოორდინაცია და სამსახურებრივი ზედამხედველობა გაეწია შ-ის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობისთვის და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, უნდა შეფასდეს, როგორც დანაშაულებრივი ქმედება.

5.10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც არ არსებობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია ,,გ - ბ-ეს კ-ს“ შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით არ მოუთხოვიათ, რომ კომპანია ,,გ. ბ-ეს კ-ს“ დავალიანება გადაეხადა. ყოველივე ეს, საქართველოს თ-ის პირდაპირი უფლებამოსილების გათვალისწინებით, დ. კ–ის მხრიდან პოსტდანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს.

5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 5.7; 5.9. და 5.10. პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი და პოსტდანაშაულებრივი ქმედებების ერთობლიობა მიუთითებს დ. კ–ის პირდაპირ განზრახვაზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაეფლანგა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები.

5.12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გაფლანგვის შემადგენლობისთვის აუცილებელ პირობებს წარმოადგენს:

- დამნაშავის უფლებამოსილება ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში;

- დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ახორციელებდეს ქონების მესაკუთრესთან სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ისეთი გამოხატულებით, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობა;

- დამნაშავეს გააჩნდეს ფაქტობრივი შესაძლებლობა, განახორციელოს ამ ქონების განკარგვის უფლებამოსილება;

- დამნაშავე ითვალისწინებდეს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურდეს ამ ზიანის დადგომა.

5.13. მოქმედი კანონმდებლობის, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ:

- დ. კ–ს ჰქონდა მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები, გადაწყვეტილებას იღებდა მისი მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებდა მის ზუსტ და მიზანმიმართულ ხარჯვაზე.

- სასამართლოსთვის ფაქტობრივ პრეზუმფციას წარმოადგენს ის, რომ დ. კ–მა, როგორც თ-მა, ზუსტად იცოდა, რომ თავისი მოქმედებებით, პროცედურების გარეშე ბრძანების გამოცემითა და ხელშეკრულების გაფორმებით, საგარანტიო პირობებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გადარიცხვით, დებიტორული დავალიანების არმოთხოვნით ზიანს აყენებდა სახელმწიფოს და სურდა კიდეც ამ ზიანის დადგომა.

5.14. საკასაციო სასამართლო არარელევანტურად მიიჩნევს დ. კ–ისა და კომპანია ,,გ- ბ-ეს კ-ის“ დირექტორის - ო. შ-ის მეგობრულ ურთიერთობასთან დაკავშირებით მსჯელობას და განმარტავს, რომ ბრალდებით წარდგენილი დანაშაული - გაფლანგვა დამთავრებულად ითვლება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული სხვისი ნივთის განკარგვის მომენტიდან და მესამე პირს, ვისაც გადაეცა ქონება, დანაშაულის კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის მნიშვნელობა არ ენიჭება. გაფლანგვა - ეს არის პირის განზრახ ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების სარგებლობის უფლების ჩამორთმევას მესაკუთრისათვის.

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სრულად შეისწავლა და გაითვალისწინა დ. კ–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, რადგან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს წარმოადგენს ისეთი დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება“ და „ქონების დიდი ოდენობა“, იგივე გარემოებები სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ იქნა მიღებული.

6.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დ. კ–ის, როგორც თ-ის მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და განმარტავს, რომ დანაშაულის სუბიექტი, რაც უფრო მაღალ კარიერულ საფეხურზე მყოფი თანამდებობის პირია და საზოგადოების წინაშე მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და საკითხი საზოგადოებრივად და სახელმწიფოებრივადებრივად რაც უფრო მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელებას ეხება, მითუფრო მაღალი საზოგადოებრივად საშიში გამოხატულება აქვს მისი მხრიდან მოვალეობის დარღვევის ხასიათს.

6.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. კ–ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ლეონტი ადეიშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება: დ. კ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება და ამ ნაწილში გამართლდეს. დ. კ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დ. კ–ს დამატებითი სასჯელის სახით 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე, დ. კ–ს გაუნახევრდეს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; მსჯავრდებულ დ. კ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენი სხვა, მათ შორის, ა. ნ-ას მსჯავრდების ნაწილში დარჩეს უცვლელად; განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე