Facebook Twitter

ას-592-870-04 8 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ბინიდან გასახლება და ნივთების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 16 ივნისს მ. ა.-მ ე. ბ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი ნივთების – ტელევიზორის, ვენახის შესაწამლი აპარატის, 300 ლიტრიანი ხის კასრის, ჯაჭვა-ხერხის დაბრუნება, მოპასუხის გასახლება და მოპასუხისათვის მისი კუთვნილი ნივთების პიანინოს, კარადისა და ორი საწოლის გატანის დავალდებულება შემდეგი საფუძვლით:

იგი არის მარტოხელა მოხუცი, მომვლელად მოიყვანა თავისი გერის შვილი რ. ა.-ი.

2000წ. დეკემბერში რ. დაქორწინდა ე. ბ.-ზე.

2001წ. 15 სექტემბერს რ. ა.-ი გარდაიცვალა. რ-ს გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ მისმა მეუღლემ დატოვა სახლი ისე, რომ მისთვის არავითარი საზრდო არ დაუტოვებია და არც ექვსი თვის განმავლობაში გამოუგზავნია რაიმე.

სახლიდან წასვლამდე მოპასუხემ წაიღო საოჯახო ნივთები.

2002წ. აპრილში გახდა ძლიერ ავად, მაგრამ მისი გერის ცოლის, მ. ა.-ის, დახმარებით გამოჯანმრთელდა, რის შემდეგაც იგი იმყოფება მ. ა.-ის კმაყოფაზე. მოპასუხე ყოველნაირად უშლის ხელს როგორც მ. ა.-ს, ისე ნებისმიერ სხვა პირს ამ უფლებების განხორციელებაში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და 2003წ. 28 ივლისს შეგებებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს.

შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე, რომელთანაც იგი იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში 1995 წლიდან იყო მოსარჩელის კომლის წევრი, ცხოვრობდა ამ ოჯახში და ეწეოდნენ ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შეძლებისდაგვარად იგი უვლიდა მოსარჩელეს. ტელევიზორი, რომლის დაბრუნებასაც მოსარჩელე მოითხოვს, მისი მეუღლის ნაყიდია და საჩუქრად გადასცა მას. კასრი, მისი შეკეთებულია, ხოლო ჯაჭვა-ხერხი მოსარჩელის თხოვნით გაყიდა და მოახმარა ოჯახს.

მას მოსარჩელის სასარგებლოდ და მისი მოვლა-პატრონობისათვის გაწეული აქვს შემდეგი ხარჯები: მკურნალობა – 200 ლარი, მეუღლის დაკრძალვის ხარჯები 2500 ლარი, ორმოცის ხარჯები – 700 ლარი,წ.თავის ხარჯები – 460 ლარი, აღდგომის სუფრა 150 ლარი, დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრა 130 ლარი, საფლავის მოწყობა 80 ლარი, შეშის ხარჯები 190 ლარი, წამლების ღირებულება 160 ლარი, მიწისა და ვენახის დამუშავება 170 ლარი და მოსავლის ღირებულება 150 ლარი – სულ 4890 ლარი.

შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ამ თანხების მოსარჩელისათვის დაკისრება და მოსარჩელის ბინიდან შეგებებული სარჩელის ავტორის შვილის, მარი ა.-ის, სასარგებლოდ ერთი ოთახის, ეზოს ნახევრის გამოყოფა და მისი კუთვნილის ნივთების დაბრუნება.

მოსარჩელემ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მოპასუხის მეუღლის დაკრძალვის ხარჯები გაიღო არა შეგებებული სარჩელის ავტორმა, არამედ სხვა პირებმა. არავითარი მკურნალობის ხარჯები არ გაუღია მოპასუხეს, ასევე უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა ოთახისა და ეზოს ნახევრის გამოყოფის შესახებ.

გურჯაანის რაიონის სასამართლოს 2003წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა ტელევიზორის, ვენახის საწამლი აპარატის, 300 ლიტრიანი ხის კასრისა და ჯაჭვა-ხერხის დაბრუნება.

არ დაკმაყოფილდა სარჩელი ე. ბ.-ის ბინიდან გასახლებისა და მოპასუხის კუთვნილი ნივთების ბინიდან გატანის შესახებ.

ე. ბ.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მის შვილს – მ. ა.-ს სადავო სახლიდან სარგებლობის უფლებით გამოეყო ¹4 ოთახი და ეზოს შესასვლელი. დანარჩენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ტელევიზორი, ვენახის შესაწამლი აპარატი, ხის კასრი და ჯაჭვა-ხერხი იყო მოსარჩელის საკუთრება.

რაიონულმა სასამართლომ იმ მოსაზრებით, რომ მოსარჩელე საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული სადავო სახლის მესაკუთრედ, ხოლო ბინიდან გასახლების მოთხოვნის პრეროგატივა გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს, მოთხოვნა ბინიდან გასახლებისა და ნივთების გატანის დავალდებულების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან აწ გარდაცვლილი რ. ა.-ი 6 წლის განმავლობაში იყო მოსარჩელის კომლის წევრი და მას სხვა საცხოვრებელი ბინა არ გააჩნდა მის შვილს სარგებლობის უფლებით უნდა გამოყოფოდა ერთი ოთახი სადავო სახლში.

რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ხარჯების ანაზღაურების შესახებ, მიუთითა, თუნდაც დადასტურებულად მიჩნეულიყო, რომ დაკრძალვის ხარჯები გაიღო ე. ბ.-ის ოჯახმა, მოთხოვნა მაინც ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან ე. ბ.-ი აწ. გარდაცვილ რ. ა.-თან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ვალდებული იყო გაეღო ეს ხარჯები, ხოლო მოსარჩელე არ იყო ვალდებული, გადაეხადა თავისი გერის შვილის დაკრძალვის ხარჯები.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, ე. ბ.-ის გასახლება. გარდა ამისა, გაზარდა მოთხოვნა ნივთების დაბრუნების ნაწილში და დამატებით მოითხოვა სასწორის, ლოგინის გადასაფარებლის, ლოგინის თეთრეულისა და სალესის დაბრუნება.

შეგებებული სარჩელის ავტორმა კი მოითხოვა ხარჯების _ 4890 ლარის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 8 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო (სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა) მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ამავე სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 4890 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მ. ა.-ს დაეკისრა 630 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაკრძალვის ხარჯები მხარეებს შორის თანაბრად უნდა განაწილებულიყო 2500 ლარის ფარგლებში, ვინაიდან მოდავე მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ამასთან, ხარჯების განაწილების დროს მხედველობაში უნდა მიღებულიყო მათი ახლობლების მიერ გამოგზავნილი 730 დოლარი ანუ 1460 ლარი და დარჩენილ თანხას, 1040 ლარის ნახევარს, უნდა დამატებოდა მოპასუხის მიერ აფთიაქში დავალიანების სახით გადახდილი 110 ლარი, რაც სულ შეადგენდა 630 ლარს.

2004წ. 6 თებერვალს შეტანილი კერძო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 8 თებერვლის განჩინებით გააუქმა თავისი 2003წ. 8 დეკემბრის განჩინება მ. ა.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სააპელაციო საჩივარი მიიჩნია დასაშვებად და ამავე საქმესთან დაკავშირებით 2004წ. 7 აპრილს მიიღო ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. ბ.-ის შეგებებული სარჩელი მისი შვილისათვის სარგებლობის უფლებით ¹4 ოთახისა და ეზოს შესასვლელის გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა მისი შვილისათვის ¹4 ოთახისა და ეზოს გამოყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ბ.-ი ფაქტობრივად გამოსახლებლია ბინიდან. იგი ერთი წელია აღარ ცხოვრობს სადავო სახლში. ამდენად, დავის საგანი ბინიდან გამოსახლების შესახებ აღარ არსებობდა, ამიტომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბინიდან გამოსახლების თაობაზე მ. ა.-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში არ ცვლიდა ვითარებას, არ იწვევდა მ. ა.-ის უფლების დარღვევას, რის გამოც მ. ა.-ის მოთხოვნა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილება მ. ა.-ისათვის ოთახისა და ეზოს ნაწილის გამოყოფის შესახებ უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან გადაწყვეტილებაში რაიონულ სასამართლოს არ მიუთითებია კანონის იმ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც მოთხოვნის ეს ნაწილი დააკმაყოფილა. ამასთან, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მ. ა.-ი წარმოადგენდა აწ გარდაცვლილი ე. ა.-ის მეუღლეს და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად მიიღო. სკ-ის 1433-ე მუხლის შესაბამისად, იგი ითვლებოდა ამ ქონების მესაკუთრედ და მასზე გავრცელდებოდა მესაკუთრის ყველა უფლება. ვინაიდან ე. ბ.-ი უკვე ერთი წელია მითითებულ სახლში არ ცხოვრობდა, სკ-ის 156-ე მუხლის შესაბამისად, მფლობელობა შეწყვეტილად ითვლებოდა. ამასთან, ე. ბ.-ისა და მისი შვილის მფლობელობა სადავო ბინაზე სამართლებრივ საფუძველზე არ იყო წარმოშობილი და იგი დამყარებული იყო მესაკუთრის (მოსარჩელის) კეთილ ნებაზე.

2004წ. 19 მარტს მ. ა.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის გადასახდელად 630 ლარის დაკისრების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი.

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა ე. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 4890 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ა.-ს დაეკისრა 630 ლარის გადახდა.

საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია სწორედ ეს გადაწყვეტილება, კასატორის მოთხოვნაა მასზე გადასახდელად დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სსკ-ის 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 630 ლარს, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

სსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.