Facebook Twitter

ას-593-1241-03 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 სექტემბერს შ. შ-ძემ გაზეთი “კ-ისა” და გაზეთი “კ-ის” ჟურნალისტ მ. ც-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა მორალური ზიანის სახით 70000 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე, რომლითაც ა. შ-ეს დაედო მსჯავრი სსკ-ის 19-137-ე მუხლის მესამე ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით და თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. განაჩენი უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მიერ. დაზარალებულის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო სხდომა ჩატარდა დახურულად.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2001წ. 20 სექტემბერს გაზეთი “კ-ის” დამატება ჟურნალი “გ-ის” ¹38-ში ჟურნალისტ მ. ც-ას მიერ გამოქვეყნდა სტატია სათაურით _ “გაუპატიურების მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით”.

ამ პუბლიკაციით ჟურნალისტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და სკ-ის მე-18, 413-ე და სისხლის სამართლის მე-12, მე-13 მუხლებით დაცული მისი კონსტიტუციური უფლებები.

გაზეთი “კ-ის” დირექტორმა და ჟურნალისტმა მ. ც-ამ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ არ გაუყალბებიათ ფაქტები და გარემოებები. ჟურნალისტის მიერ ინფორმაცია მოპოვებული არ ყოფილა კანონის დარღვევით და პუბლიკაცია აგებულია მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებსა და სასამართლოს განაჩენზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ გაზეთ “კ-აში” ამ გაზეთის ჟურნალისტმა მ. ც-ამ გამოაქვეყნა სტატია “გაუპატიურების მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით”. სტატიაში გამოქვეყნებული ფაქტები შეეფერება სინამდვილეს, მაგრამ ასახავს შ. შ-ძის პირადი ცხოვრების საჩოთირო და უსიამოვნო ეპიზოდებს.

სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 992-ე მუხლის და მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ ამ პუბლიკაციით ზიანი მიადგა მოსარჩელის პირადი ცხოვრების უფლებას და მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა მოპასუხეთა უნებართვო ქმედებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირადი ცხოვრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და აღიარებულია. აღნიშნული პუბლიკაციის გამოქვეყნებისას მოპასუხეები მოქმედებდნენ უხეში გაუფრთხილებლობით (მიუხედავად მათი სურვილისა, პრესის საშუალებით ბრძოლა გამოეცხადებინათ პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მანკიერი მოვლენისათვის).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პუბლიკაციაში მოსარჩელის სახელისა და გვარის სრულად გამოქვეყნებით, მოპასუხეებმა გამოაქვეყნეს ისეთი ინფორმაცია, რომლის გახმაურებას აპელანტი ერიდებოდა. პრესამ ამოატივტივა მოსარჩელის ცხოვრების სინამდვილიდან უსიამოვნო ფაქტები და მოსარჩელემ ვერ შეძლო საჯაროობისაგან დაეცვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ცნობები.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის საჯაროდ გამოცხადება არ ნიშნავდა, რომ იგი ამით მთელი ქვეყნის, საზოგადოების მსჯელობისა და შეფასების საგანი ხდება. პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ კი მოსარჩელის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ ცნობილი გახდა, როგორც ახლობელთა, ისე ნაცნობთა ფართო წრისათვის. ფართო საზოგადოებისათვის მოსარჩელის პირადი ცხოვრების საიდუმლოების გამჟღავნებამ ამ უკანასკნელს დაამჩნია დიდი დაღი და მიაყენა ზიანი, რაც გამოიხატა სულიერ ტკივილში, რამაც გამოიწვია მისი მეტყველების უნარის დაქვეითება.

2003წ. 11 აგვისტოს შ. შ-ძემ, ხოლო 2003წ. 8 სექტემბერს გაზეთი “კ-ის” რედაქციამ და გაზეთი “კ-ის” ჟურნალისტმა მ. ც-ამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა შ. შ-ძემ მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის 70 000 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

1. კასატორს მიაჩნია, რომ მოპასუხეებზე ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხა არ არის გონივრულ შესაბამისობაში მასზე მიყენებული სულიერი ტკივილის სიმძიმესთან. მას მოპასუხეებისათვის 70 000 ლარის გადასახდელად დაკისრების მოთხოვნისას ამოძრავებს სურვილი იმისა, რომ ამ ეკონომიური სანქციით მოპასუხეებმა განიცადონ ტკივილი, რაც ნაწილობრივ მაინც გახდის მათთვის საცნაურს მოსარჩელეზე მიყენებული მორალური ტკივილის სიმძიმეს.

2. მისი მოსაზრებით, დღეს, როდესაც მავანნი ძირს უთხრიან ქართულ სულიერ, კულტურულ და ტრადიციულ ღირებულებებს საქართველოს სასამართლო ვალდებულია, კანონის ფარგლებში დაიცვას თითოეული მოქალაქის ღირსება და პატიოსნება და არ გადააქციოს ის პრესისა და ტელევიზიის საქილიკო საგნად.

კასატორებმა: გაზეთი “კ-ის” რედაქციამ და გაზეთი “კ-ის” ჟურნალისტმა მ. ც-ამ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

1. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ერთ-ერთ საფუძვლად უდებდა სკ-ის 413-ე მუხლს, რომელსაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გვერდი აუარა. ამ ნორმის შესაბამისად, მორალური ზიანი შეიძლება მართლაც არსებობდეს, მაგრამ, თუ კანონით არ არის გათვალისწინებული მისი ანაზღაურება, იგი არ ანაზღაურდება, ვინაიდან 413-ე მუხლი უპირობოდ ეხება მხოლოდ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.

2. მათივე მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი. ამ ნორმის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობას იწვევს ისეთი ცნობების გავრცელება, რომლის სინამდვილესაც ვერ დაადასტურებს მისი გამავრცელებელი. კონკრეტულ შემთხვევაში კი მის მიერ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს შეეფერებოდა.

კასატორმა მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, თუ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში პროცესი დახურულად ტარდებოდა. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება და ვინაიდან ინფორმაცია მიღებული იყო ოფიციალური წყაროდან, ჟურნალიტს საკმარისი საფუძველი გააჩნდა მოემზადებინა კორესპონდენცია. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, რედაქტორს (მთავარ რედაქტორს), ასევე ჟურნალიტს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა არასწორი ცნობების გავრცელებისათვის, თუ ამ ცნობებს შეიცავდა ოფიციალური ინფორმაციები. ამიტომ, კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი.

3. კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 992-ე მუხლი, ვინაიდან ჟურნალისტის მოქმედება არ თავსდება სკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ რეჟიმში და დელიქტიც გამორიცხულია.

4. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდებოდა მის მიერ მითითებული გარემოება, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის წაკითხვის შემდეგ დაუქვეითდა მეტყველების უნარი. მათი მოსაზრებით, ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის წაკითხვას შეუძლებელია, მიეყენებინა იმაზე მეტი სულიერი ტკივილი, ემოცია და განცდა, ვიდრე მიაყენა ა. შ-ძემ მოსარჩელეს თავისი განზრახვის მცდელობის პროცესში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს დადგენილად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დავის წარმოშობის საფუძველი გახდა ჟურნალისტ მ. ც-ას მიერ შპს “გაზეთ კ-ის” დამატება ჟურნალ “გ-ში” გამოქვეყნებული კორესპოდენცია სათაურით _ “გაუპატიურების მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით”. სამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის წარმოიშვა დელიქტის საფუძველზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჟურნალისტმა ზემოთ მითითებულ ჟურნალში გამოაქვეყნა შ. შ-ძის გაუპატიურების მცდელობის ფაქტი, რომელიც შეეფერება სინამდვილეს, მაგრამ ასახავს შ. შ-თვის პირადი ცხოვრების საჩოთირო და უსიამოვნო ეპიზოდს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებით ზიანი მიადგა შ. შ-ძის არაქონებრივ უფლებებს, კერძოდ, შეილახა და ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების უფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის დროს.

ამ ნორმის შესაბამისად, აღიარებულია ადამიანის სულიერი ბუნების, მისი გრძნობებისა და ინტელექტის მნიშვნელობა. დაცულია საქართველოს მოქალაქე თავის რწმენაში, აზრებში, პირად ცხოვრებაში ემოციებსა და ინტიმურ გრძნობებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი პირადი საქმიანობის ადგილს, პირად ცხოვრებას, პირად ჩანაწერს, მიმოწერას, შეტყობინებას და ა.შ. (ანუ ადგილს, ობიექტებს და საგნებს) კი არ იცავს, არამედ იცავს ადამიანს – საქართველოს მოქალაქეს, ამიტომაც მისი ნების გარეშე ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა (პირადი ცხოვრების შემცველი ფაქტების სწორად გადმოცემა ხდება, თუ არასწორად, მნიშვნელობა არა აქვს) კონსტიტუციით აღიარებული პრინციპის – პირადი ცხოვრების დაცვის ხელყოფაა.

ვინაიდან დაზარალებული შ. შ-ძის მოთხოვნით სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყველა სასამართლო პროცესი დახურულად ჩატარდა, მას უფლება და იმედი ჰქონდა, რომ კონსტიტუციის მე-20 მუხლი გაუპატიურების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით დაიცავდა მისი პირადი ცხოვრების უფლებას, როგორც სასამართლო პროცესზე, ისე მის შემდეგაც.

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება თავის პირად და საოჯახო ცხოვრებაზე, სახლსა და კორესპოდენციაზე.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო ხელისუფლება არ ჩაერევა ამ უფლების განხორციელებაში იმ შემთხვევის გარდა, როცა კანონის შესაბამისად, ეს დასაშვებია და როცა ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების საზოგადოებრივი წესრიგის ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობის ან სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთისათვის, ჯანმრთელობისა და მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-20, ასევე ევროკონვენციის მე-8 მუხლი მარტოოდენ მაშინ კი არ გამოიყენება, როცა საკითხი ეხება ინდივიდის სახელმწიფოსგან დაცვას, არამედ მაშინაც, როცა ერთი კერძო პირი ხელყოფს მეორე კერძო პირის ინტერესებს.

“მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არავინ შეიძლება განიცდიდეს პირად და საჯარო ცხოვრებაში თვითნებურ ჩარევას, საცხოვრებლისა და კორესპოდენციის კანონსაწინააღმდეგო ხელყოფას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება კანონის მხრიდან დაცვაზე ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.

აქედან გამომდინარე, ეს მუხლები იცავს პიროვნებას, როგორც კერძო პირის, ისე სახელმწიფოსაგან. კონვენციის წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, მიიღონ საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლო ზომები ასეთი ჩარევისა და ხელყოფის აღსაკვეთად და შესაბამისი უფლებების ეფექტური უზრუნველყოფისათვის. ამ ნორმათა შესაბამისად, დაუშვებელია, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ისე – თვითნებური ხელყოფა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩარევა შეიძლება იყოს კანონიერი, მაგრამ თვითნებური, რაც ასევე დაუშვებელია.

პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაცულია სკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილითაც, სადაც მითითებულია, რომ პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომელიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესები გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილი კი აწესებს ამ უფლებათა ბრალეული მოქმედებით დარღვევის შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება იმის გამო, რომ იგი მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონით და აუცილებლობას წარმოადგენენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე, უწესრიგობისა და დანაშაულის აღკვეთისათვის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვისთვის, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (1991წ. გადაწყვეტილებაში “ობსერვერი” და “გარდიანი” გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ) მიუთითა, რომ, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაპირისპირებას, საკითხი წყდება არა იმის მიხედვით, თუ რომელი ინდივიდუალური უფლება, რომელ საჯარო ინტერესზე უფრო მნიშვნელოვანია, ანდა პირიქით, არამედ კონკრეტული ვითარებისა და გარემოებების გათვალისწინებით. საწყისი პოზიცია ყოველთვის ადამიანის უფლებების სასარგებლოდაა და ის მხოლოდ მაშინ იზღუდება, როცა ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებისათვის.

აზრის გამოხატვის თავისუფლების გადაწყვეტისას მთავარ პრობლემას წარმოადგენს ბალანსის გამოძებნა აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლების პატივისცემის თავისუფლებას შორის.

პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საჯარო ინტერესების დაპირისპირებისას ინდივიდუალური უფლებების დაცვას ენიჭება უპირატესობა, ბალანსი საჯარო ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ დამნაშავის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში შ. შ-ძეს რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია. პირიქით, იგი იყო დაზარალებული. სასამართლო პროცესები მისი თხოვნით დახურულად ჩატარდა, ამიტომ პირადი ცხოვრების პატივისცემისა და საზოგადოებრივ წესრიგს შორის ბალანსი ინდივიდუალური უფლებების სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (1988 წელი მიულერი და სხვები შვეციის წინააღმდეგ) მიუთითა, რომ თვითგამოხატვის უფლება, მართალია, გულისხმობს ისეთი ცნობებისა და იდეების გავრცელებას, რომლებიც შეურაცხმყოფელია, აღმაშფოთებელი და შემაწუხებელია, მაგრამ საზოგადოებრივ მორალთან მიმართებაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა მორალური სტანდარტები და კრიტერიუმებია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პუბლიკაციაში დაზარალებულ შ. შ-ძის სახელისა და გვარის სრულად გამოქვეყნებით მოწინააღმდეგე მხარემ გამოაქვეყნა ისეთი ინფორმაცია, რომლის გახმაურებასაც აპელანტი ერიდებოდა. პრესამ ამოატივტივა მისი ცხოვრების საიდუმლოებიდან უსიამოვნო ფაქტი და შ. შ-ძემ ვერ შეძლო, საჯაროობიდან დაეცვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ცნობები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის კერძო ცხოვრების სფეროში გაზეთის შეჭრა მეტად სერიოზულია და უარყოფითი ბუნებისაა. მართალია, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საგაზეთო ინფორმაციები საჯარო ინტერესს იწვევს იმიტომაც, რომ საზოგადოება ეცნობა კონკრეტული მოქმედი პირის ისტორიას კონკრეტული ადამიანის ბედის ფონზე, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტმა სენსაციური სათაურით, ზუსტი სახელებისა და გვარების, ყველა (ნამდვილი) წვრილმანის მითითებით აღწეროს დაზარალებულის ვინაობა და მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ყველა დეტალი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გაზეთი უხეშად ჩაერია შ. შ-ძის კერძო პირად ცხოვრებაში, რითაც მას მიაყენა ზიანი.

სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის საჯაროდ გამოცხადება არ ნიშნავს, რომ იგი ამით მთელი ქვეყნის საზოგადოების მსჯელობისა და შეფასების საგანი ხდება, მითუმეტეს, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მოთხოვნით სასამართლო პროცესი დახურულად მიმდინარეობდა. პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ კი შ. შ-ძის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შესახებ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ცნობილი გახდა, როგორც ახლობელთა, ისე ნაცნობთა ფართო წრისათვის.

პირადი ცხოვრების საიდუმლოება ცხოვრებისეულ ისეთ მომენტებს მოიცავს, რომელიც სინამდვილეში მოხდა, მაგრამ მხოლოდ ინდივიდის საკუთრებას წარმოადგენს და მისივე სურვილის შესაბამისად, ხელშეუხებელია, დაცულია სხვა პირთაგან.

აქედან გამომდინარე, პირადი ცხოვრების საიდუმლოება მარტო მაშინ კი არ დაირღვევა, როცა მისი გამავრცელებელი პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველ სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობებს გავრცელებს, არამედ მაშინაც, როცა პირი ამ უფლების მატარებლის ნებართვის გარეშე გაავრცელებს ისეთ ცნობებს, რომელიც სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ ამ უფლებით დაცული პირის ნების საწინააღმდეგოდ წარმოაჩენს შეურაცხმყოფელ, საჩოთირო, არასასურველ ეპიზოდებს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონი უშუალოდ პირადი ცხოვრების საიდუმლოებას ანუ ობიექტს კი არ იცავს, არამედ იცავს სუბიექტს, პიროვნებას პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფისაგან.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ჩამონათვალში კანონმდებელი პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველ ისეთი ცნობების გამოქვეყნებასაც გულისხმობს, რომელიც სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ ზიანს აყენებს ამ უფლების მატარებელ პირს და გამოქვეყნებულია მისი თანხმობის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სკ-ის მე-18 მუხლის მე-5 ნაწილით დაცული უფლების მსგავსად (როცა პირის გამოსახულება, ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ. გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე) პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა მხოლოდ მაშინ კი არ ხდება, როცა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ცნობები სინამდვილეს არ შეეფერება, არამედ მაშინაც, როცა ისინი სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ მისი საჯაროობიდან დაცვა დაზარალებულის ცხოვრებისეულ ინტერესში შედის, ვინაიდან დაზარალებულისათვის სულიერი ტკივილის მიმყენებელი და დაზარალებულის ინტერესებში შემავალი პირადი ცხოვრებისეული ეპიზოდების მისი ნების საწინააღმდეგოდ გავრცელება ზიანს აყენებს დაზარალებულს. სკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი კი იცავს პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოებას ყოველგვარი ხელყოფისაგან. პირადი ცხოვრების საიდუმლოება შეიძლება, შეიხალოს ისეთი ცნობების გავრცელებითაც, რომლებიც სინამდვილეს შეეფერება, მაგრამ დაზარალებულის შეხედულებიდან გამომდინარე, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველ ცნობებს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შ. შ-ძეს აქვს რა პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლება, მას უფლება გააჩნია, მოსთხოვოს სხვა პირებს ამ უფლების დაცვა. როცა გაზეთ “კ-ის” რედაქციამ და ჟურნალისტმა მ. ც-ამ გამოაქვეყნეს ინფორმაცია გაუპატიურების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლის გახმაურებას დაზარალებული ერიდებოდა და მისი ნების საწინააღმდეგოდ საჯარო გახადეს მისი პირადი ცხოვრების მისთვის ტკივილის მიმყენებელი ეპიზოდები, ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებით უხეში გაუფრთხილებლობით ხელყვეს დაზარალებულის ინტერესები (მიუხედავად მათი სურვილისა, პრესის საშუალებით ბრძოლა გამოეცხადებინათ პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მანკიერი მოვლენისადმი). ამ შემთხვევაში პრესას საჯაროობის ინტერესებზე მაღლა შ. შ-ძის ინდივიდუალური უფლებები უნდა დაეყენებინა.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს სწორად გამოიყენა სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი და ამავე კოდექსის 992-ე მუხლი და სწორად მიიჩნია, რომ პუბლიკაციის ღია ტექსტით გამოქვეყნებამ ზიანი მიაყენა დაზარალებულის კანონით დაცულ ინტერესებს.

საკასაციო სასამართლოს ამავე საფუძვლით არასწორად მიაჩნია გაზეთის რედაქციისა და ჟურნალისტის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ. ასევე არასწორია და გაუმართლებელი მათი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ამ პუბლიკაციას არ შეეძლო დაზარალებულში გამოეწვია იმაზე მეტი სულიერი ტკივილი, ემოცია და განცდა, რაც მიაყენა ა. შ-ემ თავისი განზრახვის განხორციელების მცდელობის პროცესში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთა მხრივ კანონით დაცული ინტერესის – პირადი ცხოვრების დაცვისადმი ამგვარი მიდგომა, უფრო მეტი ზიანი დაზარალებულს დამნაშავის მოქმედებით მიადგა, თუ პრესის მეშვეობით, გაუმართლებელია და სცილდება პრესის დანიშნულებას, კერძოდ, იმას, რომ ადამიანის უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაპირისპირებისას საწყისი პოზიცია ყოველთვის ადამიანის უფლებების სასარგებლოდაა და ის მხოლოდ მაშინ იზღუდება, როცა ეს აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პუბლიკაციას ამ ინტერესთა დაპირისპირებისას საკითხი დაზარალებულის უფლებების – პირადი ცხოვრების დაცვის სასარგებლოდ უნდა გადაეწყვიტა და დაზარალებულის სახელი მისი ნების საწინააღმდეგოდ ღიად არ უნდა მოეხსენიებინა საგაზეთო პუბლიკაციაში.

საკასაციო სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია ამ ინტერესთა – პირადი არაქონებრივი უფლებების კომერციალიზაციაც.

აქედან გამომდინარე, არასწორია კასატორ შ. შ-ძის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად 5000 ლარისა, გაზეთისათვის უნდა დაეკისრებინა 70000 ლარი. კასატორის მოსაზრება თანხის ოდენობასთან დაკავშირებით მარტოოდენ იმის მითითებით, რომ გაზეთი სოლიდური ქონების მესაკუთრეა და ამიტომ 70000 ლარი იქნებოდა გონივრული ოდენობა, საფუძველს მოკლებულია. მართალია, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დროს მნიშვნელობა აქვს დამნაშავის ქონებრივ მდგომარეობასაც, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს გარემოება სხვა ფაქტორებთან ერთად აყალიბებს სასამართლოს შეხედულებას არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალის ხარისხის (რომ რედაქციის და ჟურნალისტის სურვილი იყო პრესის საშუალებით ბრძოლა გამოეცხადებინათ მანკიერი მოვლენისათვის), ასევე დაზარალებულისთვის მიყენებული სულიერი ტკივილის გათვალისწინებით დაზარალებულის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად სწორად დააკისრა 5000 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივრებში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. შ-ძის, გაზეთი “კ-ის” რედაქციისა და ამავე გაზეთის ჟურნალისტის _ მ. ც-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.