Facebook Twitter

ას-594-1247-03 17 თებერვალი, 2004წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ს-მა. მოსარჩელე მიუთითებდა, სს “ს-მა” 2000წ. 10 აგვისტოს საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას მიმართა წერილით, რომლითაც მოითხოვა მის დღგ-ს ბარათზე რიცხული ზედმეტი თანხიდან შპს “კ-ას” გადაეტანა 260000 ლარი.

2000წ. 22 და 30 აგვისტოს მან მიმართა მსხვილ გადამხელთა ინსპექციას, არ განეხორციელებინა მითითებული ოპერაცია, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. 2000წ. 8 სექტემბერს, 5 და 13 ოქტომბერს სს “ს-მა” მიმართა შპს “კ-ას” და მოითხოვა ხელშეკრულების გაფორმება.

2000წ. 13 ოქტომბერს შპს “კ-ამ” უარყო მასსა და სს “ს-ს” შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.

სს “ს-მა” თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელშიც მიუთითა, რომ მან გადაიხადა შპს “კ-ას” დღგ-ს დავალიანება, რის გამოც სკ-ის 986-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია, მისგან მოითხოვოს ხარჯები _ 360000 ლარი, კერძოდ, ითხოვდა შპს “კ-ას” დაკისრებოდა 360000 ლარის გადახდა სს “ს-ის” სასარგებლოდ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს “ს-ის” სარჩელი. მხარეთა განმარტებებისა და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია სს “ს-სა” და შპს “პ-ს” შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, მათ შორის 2000წ. 11 აგვისტოს ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც დამკვეთი შპს “პ-ი” უკვეთავდა შემსრულებელს _ სს “ს-ს”, ხოლო შემსრულებელი ასრულებდა საფინანსო ოპერაციას 4 საბანკო დღის განმავლობაში. შემსრულებული ვალდებული იყო, დამკვეთისათვის გადაეხადა 360000 ლარი საქართველოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. აღნიშნული ხელშეკრულების დადება აღიარებულია მოსარჩელის მიერაც. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2000წ. 15 აგვისტოს შპს “კ-ასა” და შპს “პ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 საბანკო დღის განმავლობაში გადაუხადოს “დამკვეთს” საგადასახადო მსხვილ გადამხედთა ინსპექციაში დღგ 360000 ლარის ოდენობით, რაშიც დამკვეთმა 342000 ლარი გადაუხადა შემსრულებელს. დადგენილია, რომ ერთი მხრივ, არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა შპს “პ-სა” და “ს-ს” შორის, ხოლო მეორე მხრივ, შპს “პ-სა” და შპს “კ-ას” შორის. ასევე დადგენილია, რომ შეთანხმება ხელშეკრულების მოშლის შესახებ სს “ს-სა” და შპს “პ-ს” შორის არ დადებულა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი გარემოებების გამო: სასამართლომ დავის განხილვისას დაარღვია სსკ-ის ნორმები, კერძოდ, მან საქმის გარემოებები არ გამოიკვლია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ს-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “კ-ას” დღგ-ს ანგარიშზე გადატანილ იქნა 360000 ლარი. აღნიშნული თანხის დაბრუნებას “ს-ი” ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მან შეგნებულად გაისტუმრა შპს “კ-ას” ვალი და სკ-ის 986-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია, მას მოსთხოვოს თავის ხარჯების ანაზღაურება. სააპელაციო პალატა მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება, რომ შპს “კ-ას” ჰქონდა ვალი. აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მან გაისტუმრა ვალი, პალატა არ იზიარებს, რადგან თავად მხარის განმარტებით, სადავო თანხა ჩაირიცხა არა “კ-ას” სავარაუდო კრედიტორის ანგარიშზე, არამედ თავად “კ-ას” დღგ-ს ბარათზე.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. კასატორი მიუთითებს, რომ დღგ-ს ბარათი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფოსთან ანგარიშსწორების საშუალებას, რომლის მეშვეობითაც გადასახადის გადამხდელი ანგარიშსწორებას სახელმწიფოსთან ახდენს, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 986-ე მუხლი, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სკ-ის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

სხვისი ვალების გადახდა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას.

პირმა, რომელმაც სამოქალქო კოდექსის 986-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მისთვის ხარჯების ანაზღაურება, უნდა დაამტკიცოს, რომ მან შეგნებულად ან შეცდომით გაისტუმრა სხვისი ვალი და აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება მას არ გააჩნდა.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის შემდგომში უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობისა და ვალის არსებობის აღიარების შესახებ, მაგრამ მოპასუხემ თავი აარიდა პოზიციების წერილობით დაფიქსირებას.

მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა, რომ არსებობს ორი სამართლებრივი ურთიერთობა: პირველი _ შპს “პ-სა” და შპს “კ-ას” შორის და მეორე _ სს “ს-სა” და შპს “კ-ას” შორის, ხოლო ორ სამართლებრივ ურთიერთობას შორის კავშირი არ არსებობს.

მხარეთა განმარტებებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია სს “ს-სა” და შპს “პ-ს” შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, მათ შორის დაიდო 2000წ. 11 აგვისტოს ხელშეკრულება, რომლითაც დამკვეთი შპს “პ-ი” უკვეთავდა შემსრულებელს _ სს “ს-ს”, ხოლო შემსრულებელი ასრულებდა საფინანსო ოპერაციას 4 საბანკო დღის განმავლობაში. შემსრულებული ვალდებული იყო, დამკვეთისათვის გადაეხადა 360000 ლარი მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში. აღნიშნული ხელშეკრულების დადება აღიარებულია მოსარჩელის მიერაც. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2000წ. 15 აგვისტოს შპს “კ-ასა” (დამკვეთი) და შპს “პ-ს” (შემსრულებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 საბანკო დღის განმავლობაში გადაუხადოს “დამკვეთს” საგადასახადო მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში დღგ 360000 ლარის ოდენობით, რაშიც დამკვეთმა 342000 ლარი გადაუხადა შემსრულებელს. დადგენილია, რომ ერთი მხრივ, არსებობს სამართლებრივი სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა შპს “პ-სა” და “ს-ს” შორის, ხოლო მეორე მხრივ _ შპს “პ-სა” და შპს “კ-ას” შორის, სადავო თანხების გადატანა დღგ-ს ბარათზე აღნიშნული ურთიერთობების საფუძველზე განხორციელდა. ასევე დადგენილია, რომ შეთანხმება ხელშეკრულების მოშლის შესახებ სს “ს-სა” და შპს “პ-ს” შორის არ დადებულა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერაც. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მან შეგნებულად ან შეცდომით სხვისი ვალი გაისტუმრა.

აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ ნორმათა საფუძველზე, მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის მოთხოვნის პირობები არ არსებობს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.