Facebook Twitter

საქმე # 010142221700136228

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №11აგ-21 თბილისი

შ. ზ., 11აგ-21 30 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ადვოკატ ვ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განჩინების გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2021 წლის 18 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მ. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვა და მისი გაუქმება, შემდეგი მოტივებით: მას შემდეგ, რაც ზ. შ. 2019 წლის 11 იანვარს გათავისუფლდა საექსტრადიციო პატიმრობიდან, მისი მეუღლის, ი. შ-ს მიმართ, რომელიც იმყოფება რუსეთში, უცნობი პირების მხრიდან დაწყო მუქარები როგორც პირადად, ისე სოციალური ქსელის მეშვეობით, რის შემდეგაც მან მიმართა ქ. მ-ს პოლიციას, თუმცა პოლიციამ არ მიიღო არანაირი ზომები და არ აძრა სისხლის სამართლის საქმე. ამ პირებმა ასევე იციან ი. შ-ს მიერ რუსეთის პოლიციისთვის მიმართვის ფაქტი, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მუქარის განმახორციელებელი პირები მჭიდროდ არიან დაკავშირებულები რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებთან. მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო ასევე თვითონ ზ. შ-მაც, რის გამოც შესაბამისი რეაგირებისათვის განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციასაც, რაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. აღნიშნული მუქარის ფაქტები კი უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ზ. შ. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაჭერაში, ხოლო ეს დაპატიმრებული პირი საკმაოდ გავლენიანია და ჰყავს ასევე გავლენიანი მფარველები, რომელთაც სურთ ზ. შ. შურისძიება. შუამდგომლობის ავტორი შუამდგომლობას თან ურთავს შესაბამის მასალებს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. მ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო პალატისთვის მითითებას, რომ დაუშვას შუამდგომლობა. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ არ ეთანხმება მითითებული განჩინების მოტივაციას, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს, რამდენადაც აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს ასეთი საპროცესო აქტის გადასინჯვას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, განიხილავს როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, ისე სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ საჩივარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს შუამდგომლობა, კერძოდ: შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ზ. შ.ს მიმართ მიღებული საპროცესო აქტის გადასინჯვის საფუძველს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს აღნიშნული აქტის გადასინჯვის შესაძლებლობას.

4. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ზ. შ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი