ას-595-867-04 16 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნატურით გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 1 მაისს მოსარჩელე მ. მ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი. მ.-ს მიმართ საცხოვრებელი ბინის შესასვლელი ფართის იზოლირებულად გამოყოფის თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ი. მ.-ა არის მისი და. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მხარეებს მემკვიდრეობით გადაეცათ საცხოვრებელი სახლი. კენჭისყრის შედეგად მოსარჩელეს შეხვდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, ხოლო მოპასუხე ი. მ.-ს _ სახლის პირველი სართული. 1998 წლიდან კი, მოპასუხის სამემკვიდრეო ბინაში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, დებს შორის არსებული მწვავე კონფლიქტის გამო, წარმოიშვა დავა საცხოვრებელი ბინის შესასვლელ ფართზე. მოსარჩელე მ. მ.-მ მოითხოვა აღნიშნული ფართის შუაზე გაყოფათ და მისი წილი ფართის იზოლირება.
მოპასუხე ი. მ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ფართი არის სიგანით ერთი მეტრი და 2,5 მეტრი სიგრძით. ორ ნაწილად გაყოფის შედეგად კი მას ესპობა ეზოს დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას ამ გამოყოფის შედეგად ესპობა ეზოში მანქანის შეყვანის და მის მიერ აშენებული ავტოფარეხის გამოყენების საშუალება, რითაც ილახება მისი, როგორც საზიარო საკუთრების მონაწილის, უფლებები.
გორის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ.-ს სარჩელი ეზოს იზოლირებულად გამოყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. მ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელციო პალატის 2004წ. 25 მარტის განჩინებით მ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილება. ასევე, ი. მ.-ს დაეკისრა მ. მ.-ს სასარგებლოდ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად გაღებული ხარჯების, კერძოდ, ექსპერტიზის ღირებულების, 75 ლარის, გადახდა. სააპელაციო პალატამ დაეყრდნო რა ექსპერტიზის დასკვნას, მიუთითა, რომ ეზოს გაყოფით მოპასუხე ი. მ.-ს ესპობა ეზოში ავტომანქანის შეყვანისა და მის მიერ აშენებული ავტოფარეხის გამოყენების საშუალება, რითაც ილახება მისი უფლებები. სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ ვერ განხორციელდა სახლის უკანა მხარეს მდებარე ეზოს მხარეთა შორის ნატურით გაყოფა, რომელსაც ქუჩიდან შესასვლელი არ გააჩნია და იქ მოხვედრა შეიძლება მხოლოდ ოთახიდან გასვლით, რაც მხარეებმაც დაადასტურეს და არ მოინდომეს მისი გაყოფა. აღნიშნილის გამო, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ზემოხსენებული განჩინება მ. მ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 963-ე და 172-ე მუხლები და არ დააკმაყოფილა სარჩელი. მისივე განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელი იყო სახლის წინ მდებარე შესასვლელი ფართს შუაზე გაყოფა და მისი იზოლირება, კერძოდ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფართის შუაზე გაყოფოდა შემდეგნაირად ერთ მხარეს, კერძოდ, მ. მ.-ს, გადაეცემოდა ფართის 89,06 კვ.მ, ხოლო მეორე მხარეს _ ი. მ.-ს კი 89,00 კვ.მ ანუ 0,6 კვ.მ ნაკლები, რაც, კასატორის განმარტებით, ძალზედ უმნიშვნელო იყო და მას გადაწყვეტილებაზე არ შეიძლებოდა რაიმე გავლენა მოეხდინა. კასატორის მოსაზრებით, არასწორი შეფასება მიეცა ექსპერტიზის დასკვნას და არ იქნა დაკმაყოფილებული მისი სარჩელი. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მ. და ი. მ.-ებს მშობლების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით გადაეცათ საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. გორში, ... ქ. ¹9-ში. მ. მ.-ა ფლობს საცხოვრებელი ბინის მეორე სართულს, ხოლო ი. მ.-ა კი პირველ სართულს. ასევე დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნით საცხოვრებელი სახლის მიწის ფართობი შეადგენს 178,06 კვ.მ-ს და მისი შუაზე გაყოფა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ მხარეს გადაეცემა 89,06 კვ.მ, ხოლო მეორე მხარეს _ 89,00 კვ.მ. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ი. მ.-ს ეზოს იზოლირებულად გაყოფით მანქანის ეზოში შეყვანისა და ავტოფარეხის გამოყენების საშუალება ესპობა.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ასეთი პრეტენზია საკასაციო საჩივრით წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, სკ-ის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. აღნიშნული ნორმის ანალიზით საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი საზიარო საგანი გაყოფის შედეგად არ კარგავს თავის ღირებულებას და იგი შეიძლება ერთგვაროვან ნაწილებად დაიყოს. მოცემულ შემთხვევაში სადავო შესასვლელის გაყოფით მოპასუხე მხარეს ესპობა ეზოში ავტომანქანის შეყვანისა და მის მიერვე აშენებული ავტოფარეხის გამოყენების საშუალება, რითაც მოპასუხის სასარგებლოდ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ღირებულება შემცირდება და ირღვევა მისი, როგორც საზიარო საკუთრების მოწილის, უფლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით არ შეიძლება.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა სხვაობა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ფართებს შორის და მიიჩნია, რომ 6 კვ.მ სხვაობა გამორიცხავდა ეზოს ორ თანაბარ ნაწილად გაყოფას. რეალურად კი სხვაობა შეადგენს 0,6 კვ.მ., რაც არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საზიარო უფლების ამ წესით გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს გაყოფით საზიარო საგნის ღირებულების შემცირება და არა მხოლოდ ეზოს ნაკვეთის თანაბრად გაყოფის შეუძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.