საქმე # 330100113002418433
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №229აპ-21 ქ. თბილისი
ფ. ი. 229აპ-21 23 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ი-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ უ. გ-ს, მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატების ნ. თ-ს და უ. ბ-ს, ასევე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით - ი. ფ. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;
მასვე, 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით - აღნიშნული დროის განმავლობაში ი. ფ-ს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
ი. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 18 დეკემბრიდან;
მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 7 თებერვლიდან 2013 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
- დ. ი. - დაბადებული 1... წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;
მასვე, 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით - აღნიშნული დროის განმავლობაში დ. ი-ს აეკრძალა დაიკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
დ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 18 დეკემბრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 7 თებერვლიდან 2013 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.
2. სასამართლომ დაადგინა:
ი. ფ. ს-ს შ. საქმეთა მინისტრის №.... ბრძანებით 2004 წლის 4 ნოემბრიდან - 2005 წლის 20 იანვრამდე მუშაობდა ს-ს შ. ს. ს-ს თ- ს ...ს რაიონის შ. ს. ს-ს უფროსად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
დ. ი. საქართველოს შ. ს. მინისტრის №. პ/შ ბრძანებით 2004 წლის 4 ოქტომბრიდან - 2005 წლის 4 იანვრამდე მუშაობდა ს-ს შ. ს. ს-ს თ-ს ... შ. ს. ს-ს უფროსად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.
2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, თ-ში, ა.წ-ს გამზირზე მოძრაობდა „BMW-ს“ ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „...“, რომელსაც მართავდა კ. ა. მის გვერდით სავარძელზე იჯდა გ. ქ., ხოლო უკან სავარძელზე ისხდნენ: ლ. დ., ი. მ., ა. (ბ.) რ. და ა. ბ. დ-ს პ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, №...-ე საშუალო სკოლის წინ, აღნიშნული ავტომანქანა გააჩერეს დ-ს რაიონის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა: გ. ჭ-მ და დ. ა-მ. კ. ა. გადავიდა ავტომანქანიდან და პატრულის თანამშრომელს გადასცა მართვის მოწმობა. რამდენიმე წუთში, იმავე ავტომანქანიდან ასევე გადავიდნენ ა. (ბ.) რ., ლ. დ., ი. მ., ა. ბ. და გ. ქ. ავტომანქანიდან გადმოსული პირები პატრულის თანამშრომლებმა მიიჩნიეს საეჭვოდ. მათივე გამოძახებით, რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დამხმარე ეკიპაჟი - გ. ბ-ს და გ. ლ-ს შემადგენლობით. მათთან ერთად, გ. დ-ს დავალებით, ავტომანქანაში იმყოფებოდნენ სატელევიზიო გადაცემა „პატრულის“ ჟურნალისტი გ. მ. და ოპერატორი ზ. ვ., რომლებიც საპატრულო პოლიციის საქმიანობის მასმედიით ინტენსიურად გაშუქების მიზნით, მორიგეობდნენ სხვადასხვა საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად.
დასახმარებლად გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები - გ. ბ. და გ. ლ. იარაღმომარჯვებულები გადავიდნენ ავტომანქანიდან და „BMW-ს“ ფირმის ავტომანქანის მგზავრებს უბრძანეს ხელები მაღლა აეწიათ. კ. ა. და მისი მეგობრები დაემორჩილნენ პატრულის მოთხოვნას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს მათი ჩხრეკა და დაკავება, თუმცა კ. ა-ს და მის თანმხლებ პირებს არ აღმოაჩნდათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც ნათლად აისახა ვიდეო კადრებში, რომლებიც გადაიღო დამხმარე ეკიპაჟის წევრებთან ერთად ავტომანქანიდან გადმოსულმა ოპერატორმა ზ. ვ-მ, რომელმაც გადმოსვლისთანავე დაიწყო მოვლენების ვიდეოგადაღება. დაკავებულთა პირადი ჩხრეკის დროს, პატრულ-ინსპექტორ გ. ბ-ს ხელთ ჰქონდა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც მოახდინა გაუფრთხილებელი, ერთჯერადი გასროლა და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა იქვე მდგომი ა. რ., რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, სასიკვდილო დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. იმავდროულად, ხელბორკილდადებულ და ასფალტზე დაწვენილ კ. ა-ს, ი. მ-ს, ლ. დ-ს, გ. ქ-ს და ა. ბ-ს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რაც ვიდეოკამერით ასევე იქნა გადაღებული ოპერატორ ზ. ვ-ს მიერ.
მომხდარ დანაშაულზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ: ს. შ. ს. ს-ს ...სამსახურის უფროსი - გ. დ; თ-ს შ. ს. მ. ს-ს ... - ზ. მ; თ-ს ... რაიონის შ. ს. ს-ს უფროსი - დ. ი.; ... რაიონის შ. ს. ს-ს უფროსი - ი. ფ.; ამავე პოლიციის სამმართველოს მე-... განყოფილების უფროსი - ა. გ. და თ-ს შ. ს. მ. ს-ს ... - ზ. ბ.. მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და დარწმუნდნენ, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე მყოფი თანამშრომლებისაგან შეიტყვეს, რომ პატრულ-ინსპექტორ გ. ბ-ს მხრიდან გაუფრთხილებელ გასროლას შედეგად მოჰყვა დაკავებული ა. (ბ. ) რ-ს გარდაცვალება. გ. დ-მ და ზ. მ-მ დაუყოვნებლივ დაათვალიერეს ოპერატორ ზ. ვ-ს მიერ შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე გადაღებული კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ გარდაცვლილ ა.რ-ს და მის თანმხლებ პირებს რეალურად დაკავებისთანავე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები არ აღმოაჩნდათ. გ. დ-მ, ზ. მ-სთან ერთად ოპერატორ ზ. ვ-ს ვიდეოკამერიდან ამოაღებინა და ჩამოართვა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი რეალური ვიდეოფირი და დაავალა, სათადარიგო ვიდეოფირით მისი მითითების შესაბამისად შემთხვევის ადგილის ხელმეორედ გადაღება.
მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მისული ხელმძღვანელი პირები - ზ. მ., გ. დ., ი. ფ., დ. ი., ზ. ბ. და ა. გ. დარწმუნდნენ, რომ პატრულ-ინსპექტორ გ. ბ.ს ჩადენილი ჰქონდა დანაშაული და კანონშესაბამისი რეაგირების შემთხვევაში, მის მიმართ აუცილებლად უნდა დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა, საპატრულო პოლიციის იმიჯის შენარჩუნების, პირადი სამსახურებრივი კარიერისათვის შესაძლო საფრთხის აცილებისა და პატრულ-ინსპექტორ გ. ბ-სათვის კანონსაწინააღმდეგო უპირატესობის მინიჭების (ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის) მიზნით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გ. დ-მ, ზ. მ-მ, ზ. ბ-მ, ა.ე გ-მ, ი. ფ-მ და დ. ი-მ, განიზრახეს ა. (ბ.) რ-ს, გ. ქ-ს, ი. მ-ს, კ. ა-ს, ლ. დ-ს და ა. ბ-ს ხელოვნური და უსაფუძვლო დადანაშაულება პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებაში.
ამ მიზნით, მითითებულმა პოლიციის მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნა. კერძოდ, უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღების/საბრძოლო მასალების ჩადება და პროცესუალურ დოკუმენტებში მათი იმგვარად ასახვის ფაქტობრივი წინაპირობის შექმნა, რომ პოლიციელების მიერ შემთხვევის ადგილზე მიტანილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები, თითქოს დაკავებისას იქნა ამოღებული ა. (ბ.) რ-ს, გ. ქ-ს, ი. მ-ს, კ. ა-ს, ლ. დ-ს და ა. ბ-საგან.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ. მ-მ და ზ. ბ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პოლიციის თანამშრომელთა დახმარებით, უკანონოდ შეიძინეს (მოიპოვეს) და შემთხვევის ადგილზე გადაზიდეს ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი ცალი რევოლვერი, ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 248 ცალი ვაზნა. დ.-ჩ-ს რაიონის შ. ს. ს-ს მე-.... განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორმა ნ. გ–მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ხუთი შეკვრა ვაზნა პირადად მიიტანა შემთხვევის ადგილზე და გადასცა ამავე განყოფილების უფროსს ა. გ-ს. ზ. მ-ს, ზ. ბ-ს და გ. დ-ს მითითებით, დ. ი-ს და ი. ფ-ს მონაწილეობით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა ... პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ა. რ-ს და მის თანმხლებ დაკავებულ პირებს. კერძოდ, გარდაცვლილ ა. (ბ.) რ-ს გვერდზე დაუდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, კ. ა-ს შარვლის მარცხენა ჯიბეში ჩაუდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის რვა ცალი ვაზნა, გ. ქ-ს ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ჩაუდეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთი შეკვრა ვაზნა, ხოლო ა. ბ-ს შარვლის მარჯვენა ჯიბეში ხელყუმბარა პირადად ჩაუდო ზ. ბ-მ. ამის შემდეგ, გ. დ-ს მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი ხელმეორედ იქნა გადაღებულ მასზე დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. გაშვებულ სიუჟეტში მიცემულ ინტერვიუში, ზ. მ-მ იცოდა, რომ ა. (ბ.) რ., გ. ქ., ი. მ., კ. ა, ლ. დ. და ა. ბ. იყვნენ უდანაშაულოები და მას მერე, რაც სხვებთან ერთად თავად განახორციელა შემთხვევის ადგილზე იარაღისა და საბრძოლო მასალის მიტანა და ჩადება, განზრახ დაადანაშაულა ა. (ბ.) რ. და მისი მეგობრები პოლიციელებზე შეიარაღებულ თავდასხმაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა, ტარებაში და აღნიშნულის მტკიცებულებად მოიყვანა შემთხვევის ადგილზე მიტანილი და შემდგომში ვითომდა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო ვაზნები და ხელყუმბარა.
შემთხვევის ადგილზე მისულ ... რაიონული პროკურატურის გამომძიებელ შ. ნ-ს, თ-ს .. რაიონის შს სამმართველოს უფროსმა - დ. ი-მ, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების საშუალება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც ბრალდების მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნის მიზნით, წინასწარ უკანონოდ შეძენილი და გადაზიდული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები იქ მყოფმა პოლიციის დაუდგენელმა თანამშრომლებმა დაკავებულებს ჩაუდეს ზ. მ-ს, ზ.ბ-ს, გ. დ-ს, ი. ფ-ს, ა. გ-ს და დ. ი-ს უშუალო ხელმძღვანელობით.
ასევე, ი. ფ-სთან სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა ა. გ-მ, ბრალდების მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნის შემდგომ, ზ. ბ-ს და ზ. მ-ს მითითებით, დაავალა მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების თანამშრომლებს შეედგინათ შესაბამისი პროცესუალური დოკუმენტები და მათში დაეფიქსირებინათ შემთხვევის ადგილზე დაკავებულ პირთა პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო ვაზნები, რაც სინამდვილეში პოლიციის თანამშრომელთა მიერ განზრახ იყო ჩადებული. ამ მიზნით გამოტანილ იქნა დადგენილება დაკავებული პირების: გ. ქ-ს, ი. მ-ს, კ. ა-ს, ლ. დ-ს და ა. ბ-ს მიმართ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ. დადგენილება პირადი ხელმოწერით დაამტკიცა და განყოფილების ბეჭდით დაამოწმა ა. გ-მ. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, შედგა პირადი ჩხრეკის ოქმები, სადაც დაფიქსირდა პოლიციის თანამშრომლების მიერ ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების ამოღება. კერძოდ, კ. ა-ს შარვლის მარცხენა ჯიბიდან - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის რვა ცალი ვაზნის, გ. ქ-ს ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთი შეკვრა ვაზნის, ხოლო ა. ბ-ს შარვლის მარჯვენა ჯიბიდან - ზ. ბ-ს მიერ პირადად ჩადებული ხელყუმბარის ამოღების ფაქტი. რის შემდგომ დაკავებული პირები გადაიყვანეს დ-ს რაიონის პოლიციის სამმართველოს მე-... განყოფილებაში.
ბრალდებულთა მითითებით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მიერ ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე, შედგენილ იქნა გ. ქ-ს, ი. მ-ს, კ. ა-ს, ლ. დ-ს და ა. ბ-ს დაკავების ოქმები, რაც განყოფილების ბეჭდით დაამოწმა პირადად ა. გ-მ. დაკავების საფუძვლად მითითებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება და შ. ს. ს-ს თანამშრომლებზე შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა.
ბრალდების მტკიცებულებების ხელოვნურად შესაქმნელად, ზ. მ-ს მითითებით, პატრულ-ინსპექტორებს დაევალათ შეედგინათ ცრუ პატაკები, თითქოს გარდაცვლილ ა. (ბ.) რ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატრულის თანამშრომლებზე შეიარაღებულ თავდასხმას. პატრულ-ინსპექტორები იძულებული იყვნენ შეესრულებინათ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის უკანონო დავალება, რადგან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, საფუძვლიანი შიში გააჩნდათ სამსახურიდან დათხოვნის და სხვა პრობლემების შექმნის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ შეადგინეს ცრუ პატაკები და ანალოგიური ხასიათის ცრუ ჩვენებები მისცეს გამოძიებას, დაზარალებულის სახით დაკითხვისას.
პოლიციის ზემოხსენებულ პასუხისმგებელ პირთა - გ. დ-ს, ზ. მ-ს, ი. ფ-ს, დ. ი-სა და ზ. ბ-ს მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბებამ მძიმე შედეგი გამოიწვია. სახელდობრ, სრულიად უსაფუძვლოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ იქნენ მიცემულნი: გ. ქ, ი. მ, კ. ა, ლ.დ. და ა. ბ.
გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა გ. ქ-ს, კ. ა-ს და ა. ბ-ს მიმართ მიმდინარეობდა 2004 წლის 24 ნოემბრიდან 2012 წლის 17 დეკემბრამდე, ხოლო ი. მ-სა და ლ. დ-ს მიმართ - 2004 წლის 24 ნოემბრიდან 2005 წლის 4 ივლისამდე. ამასთან, კ. ა. 2004 წლის 27 ნოემბრიდან 2005 წლის 20 აპრილამდე, გ. ქ. 2004 წლის 27 ნოემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრამდე და ა. ბ. 2004 წლის 27 ნოემბრიდან 2005 წლის 20 აპრილამდე იმყოფებოდნენ წინასწარ პატიმრობაში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ზ. ბ-ს შორის; ზ. ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულებს: გ. დ-სა და ზ. მ-ს შორის; 1. გ. დ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია); 2. ზ. მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარემ. კერძოდ, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორებმა - გ. ო-მ და ლ. კ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს მსჯავრდებულების - დ. ი-სა და ი. ფ-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის გამოყენება; მსჯავრდებულმა დ. ი-მ და მისმა ადვოკატმა უ. გ-მ ითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო მსჯავრდებულ ი. ფ-ს ადვოკატმა ნ. თ-მ ითხოვა ი. ფ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში, სასჯელის შემცირება, რადგან დანიშნული სასჯელი არის მკაცრი და არასამართლიანი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენი (ი. ფ-სა და დ.ი-ს მიმართ) დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ი-მ და მისმა ადვოკატმა უ. გ-მ, მსჯავრდებულ ი. ფ-ს ადვოკატებმა ნ. თ-მ და უ. ბ-მ, ასევე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ იოსებ ხუციშვილმა. კერძოდ: მსჯავრდებული დ. ი, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი უ. გ, ასევე მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები ნ. თ. და უ. ბ. ითხოვენ მსჯავრდებულების - დ.ი-სა და ი. ფ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე იოსებ ხუციშვილი ითხოვს დ. ი-სა და ი. ფ-ს მიმართ დანიშნული სასჯელების გამკაცრებას, კერძოდ, მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
8. მსჯავრდებულ დ. ი-ს და მისი ადვოკატის უ. გ-ს, ასევე მსჯავრდებულ ი. ფ-ს ადვოკატ უ. ბ-ს საკასაციო საჩივრებზე შესაგებლები წარმოადგინა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ იოსებ ხუციშვილმა და ითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა.
9. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა დ. ი-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა უ. გ-მ და ითხოვეს არ იქნეს დაშვებული პროკურორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განსახილველად.
10. 2021 წლის 2 აგვისტოს ნ. თ-მ წარმოადგინა განცხადება, ხოლო 2021 წლის 17 აგვისტოს უ. ბ-მ - „დამატებითი ინფორმაცია“ და მოითხოვეს გ. დ-ს და ზ. მ-ს დაკითხვა (ვიდეოფირის წარმომავლობასთან და ავთენტიკურობასთან დაკავშირებით). განცხადებებს ერთვის გ. დ-ს გამოკითხვის ოქმები.
11. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ Amicus Curiae მითითებულია, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარეს მიეცა გ. დ-ს და ზ. მ-სთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მათ მიერ აღიარებული დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (კერძოდ, რა დანაშაულს აღიარებდნენ და ვისთან ერთად ჩაიდინეს დანაშაული), რა დროსაც გ. დ-მ და ზ. მ-მ მიუთითეს მათ შორის ი. ფ-სა და დ. ი-ზე. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს, რომ ი. ფ-ს და დ. ი-ს არ მიეცათ გ. დ-ს და ზ. მ-ს ჯვარედინი დაკითხვის და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოკვლევის შესაძლებლობა. სახალხო დამცველი ითხოვს აღნიშნული პრაქტიკის კანონიერების შეფასებას.
12. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ:
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს დ. ი-სა და ი. ფ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
15. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, მათ შორის: დაზარალებულების - გ. ქ-ს, ი. მ-ს, ლ. დ-ს, ა. ბ-ს ჩვენებებით; კ. ა-ს დაკითხვის ოქმებით; თ-ს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ზ. ბ-ს ჩვენებით; უბნის უფროსი ინსპექტორის ე. ჩ-ს ჩვენებით; ასევე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, მათ შორის: დ. ა-ს, გ. ჭ-ს, გ. ბ-ს, შ. ჯ-ს, ბ. კ-ს, შ. კ-ს, მ. ლ-ს, რ. ლ-ს ჩვენებებით; ბ. კ-ს დაკითხვის ოქმებით, დადგენილია, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს ა. (ბ.) რ-ს და მის თანმხლებ პირებს იარაღი და საბრძოლო მასალა არ ჰქონდათ.
16. მოწმე დ. ა-მ მათ შორის დაადასტურა, რომ დამხმარე ეკიპაჟის (გ. ბ. და ლ. ლ.) მოსვლის შემდეგ მცირე ხანში გაიგონა ერთი გასროლის ხმა და დაინახა ძირს დავარდნილი პირი, რომელთანაც სავარაუდოდ პირველი თავად მივიდა. ამ დროისათვის უკვე მისული იყო ბევრი ეკიპაჟი. მოწმის განმარტებით, შემოწმებისას „BMW-ს“ ფირმის ავტომანქანიდან გადმოსულ პირებს ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა არ აღმოაჩნდათ (10:58:18), დ. ა-ს არც ავტომანქანაში დაუნახავს ცეცხლსასროლი იარაღი, არც ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს (10:58:26; 10:58:51; 10:58:59) და არც დაჭრილ პირთან (11:01:26). აღნიშნულის შემდეგ სტრესული მდგომარეობის გამო დაახლოებით 15-20 წუთით ჩაჯდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში, უკან გადმოსულმა ნახა, რომ შემთხვევის ადგილზე მოსული იყო დიდი რაოდენობით როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ამ პერიოდში ავტომანქანის საბარგულზე და წინა მხარესაც ნახა იარაღი და საბრძოლო მასალა.
17. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა და მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა მ. შ-მაც განმარტა, რომ ა. რ-ს გარშემო 1-2 მეტრის რადიუსში ხედავდა პერიმეტრს, თუმცა არაფერი (იარაღი ან საბრძოლო მასალა) არ დაუნახავს (14:10:19).
18. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ. მ-მა განმარტა, რომ „რაციით“ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაახლოებით 5 წუთში ის და ოპერატორი - ზ. ვ., საპატრულო ეკიპაჟთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პირველები. ა/მანქანიდან გადასვლისთანავე დაიწყეს ვიდეო გადაღება. ვიდეოჩანაწერში გასროლის ფაქტი არ იყო აღბეჭდილი, ისმოდა მხოლოდ გასროლის ხმა; შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის გარეთ იარაღი არ დაუნახავს (15:07:20). ტელეფონის ან რაციის საშუალებით დაუკავშირდა გ. დ. და უთხრა გადასულიყო პ-ს საპირისპირო მხარეს ოპერატორ ზ. ვ-სთან ერთად. შეწყვიტეს გადაღება და გადავიდნენ მითითებულ ადგილას, ჩასხდნენ ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რომლის საჭესთან იჯდა ზ. მ., ხოლო მის გვერდით - გ. დ.
19. მოწმის განმარტებით, კამერის მონიტორით, ზ-მ და გ-მაც 2-3-ჯერ გადაათვალიერეს ჩანაწერი, რის შემდეგაც გ. დ-მ გ. მ-ს და ზ. ვ-ს უთხრა ავტომანქანაში დარჩენილიყვნენ. ამ დროისათვის ადგილზე შეიკრიბა ბევრი ხალხი - ჩანდა ბევრი ავტომანქანა. დაახლოებით 20-25 წუთის შემდეგ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ზ. ვ-ს უთხრა, რომ გ. ეძახდა. გ. მ.ი ავტომანქანაში ელოდებოდა ხელმძღვანელი პირისგან დავალებას. რაღაც დროის შემდეგ იმის გამო, რომ მოგროვდა ბევრი ხალხი და აინტერესებდა რა ხდებოდა სინამდვილეში, საკუთარი ინიციატივით გადავიდა ავტომანქანიდან. გადასვლის შემდეგ პატრულ-ინსპექტორების გარდა ნახა გ. დ. და ზ. მ.; მანქანის საბარგულზე დაინახა იარაღი, მათ შორის პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რაც პირველად იქ ყოფნისას არ დაუნახავს (14:59:56), ასევე - ბ. რ-ს ფეხთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პირველ ჯერზე არ იდო (15:18:51).
20. შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა, მათ შორის გ. კ-მ და ე. ც-მ დაადასტურეს, რომ ავტომანქანასთან, ავტომანქანაში და ავტომანქანის საბარგულზე ნახეს იარაღი, მჭიდი და ვაზნები. მათვე განმარტეს, რომ ხელმძღვანელი პირები იძლეოდნენ მითითებებს, მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება. ე. ც-ს ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ დაკავებულის ავტომანქანაში ჩაჯდომის ინსცენირება მოხდა, ანუ ვიდეო-გადაღების განმეორება - მეორე დუბლის გადაღება, იმ მიზეზით, რომ კადრი არ გამოდიოდა.
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე ზ. ბ-ს ჩვენებას, რომლის თანახმად, შემთხვევის დღეს დაახლოებით 02:00 საათისთვის, შეიძლება ცოტა ადრე ან ცოტა გვიან, რაციით გადმოიცა და მისთვის ცნობილი გახდა, რომ წ-ს გამზირზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან იყო მოქალაქეებისა და საპატრულო პოლიციელების დაპირისპირება (13:21:22). შეტყობინების შესვლიდან დაახლოებით ოცდაათ წუთში ან უფრო სწრაფად (13:45:01) მივიდა შემთხვევის ადგილზე (შეტყობინებისთანავე მივიდა ჯერ ქალაქის სამმართველოში, სადაც ავიდა მე-3 სართულზე, აიღო რაღაც ნივთები, დაბრუნდა ავტომანქანაში და წავიდა შემთხვევის ადგილზე). მისი მისვლისას სასწრაფო სამედიცინო დახმარება უკვე მიდიოდა, შემთხვევის ადგილზე კი იარაღები არ იყო (13:46:40).
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობის თანახმად, ცენტრში ინფორმაცია მიიღეს 02:20-02:22 საათებში, იმავე დოკუმენტის თანახმად ეკიპაჟის დაბრუნების დროდ მითითებულია 02:45 საათი. ამასთან, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმმა მ. შ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ზუსტად რამდენ ხანში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე არ ახსოვს, სავარაუდოდ 6-7 წუთში. მოწმემ ვერ გაიხსენა რამდენი დრო დაჰყო შემთხვევის ადგილზე, თუმცა განმარტა, რომ იმ პერიოდში დგებოდა დოკუმენტი, სადაც აისახებოდა მისვლის კონკრეტული დრო, ამ შემთხვევაშიც სწორ დროს დააფიქსირებდა (14:20:33).
23. მოწმე ზ. ბ-ს ჩვენებით ასევე დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას მას ზ. მ-ემ აუხსნა, რომ მოქალაქეები იარაღებით არ იყვნენ, თუმცა უნდა ყოფილიყვნენ. პასუხიდან გამომდინარე მისთვის გასაგები გახდა, რომ უნდა მომხდარიყო შემთხვევის ადგილის გაყალბება იარაღების ჩადებით. საუბარს ესწრებოდა ყველა, მათ შორის: გ. დ., ი. ფ. და დ. ი. (საუბარი შესაძლებელია სხვა თანამშრომლებსაც გაეგოთ. 13:26:25) და ყველამ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემთხვევის ადგილზე უნდა მიტანილიყო იარაღები, საბრძოლო მასალები და დაკავებულებისათვის გადაენაწილებინათ (13:32:28; 13:48:00). საბოლოოდ იარაღები და საბრძოლო მასალა ... სამმართველოდან უშუალოდ მიიტანა ზ. მ-მ, სამსახურებრივი ავტომანქანით (13:33:05). ზ.მ. დამოუკიდებლად იარაღს ვერ მიიტანდა, რადგან არავინ გამოატანდა, ამიტომ დ. ი-მ დარეკა (13:33:41), ამის შემდეგ ზ. მ. წავიდა. მოწმემ განმარტა, რომ დ. ი-მ თქვა: „მე დავრეკავ და წამოიღებს იარაღებს“, უშუალოდ მის მიერ განხორციელებული სატელეფონო საუბარი არ მოუსმენია, რადგან ის გვერდზე გავიდა (13:48:20). მოწმემ კატეგორიულად დაადასტურა, რომ დაკავებულ პირებს თავდაპირველად იარაღი არ ჰქონდათ, ის არის „ჩადებული“ პოლიციის თანამშრომლების - საქმეზე ბრალდებულად ცნობილი პირების, მათ შორის მის მიერ (13:41:02).
24. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისული იყო პროკურატურის გამომძიებელი შ. ნ., თუმცა შ. ნ.ს პირველად მისვლისას იქ იარაღები არ იყო (13:51:30). მოწმემ ასევე დაადასტურა შ. ნ-ს და დ. ი-ს შორის შელაპარაკება - ამ უკანასკნელს არ სურდა შ. ნ-ს შემთხვევის ადგილზე შეშვება. მითითებულ კონფლიქტს სხვა პირებთან ერთად ასევე შეესწრო ი. ფ. (12:09:59; 12:12:06). ვიდეოფირზე დაფიქსირებული ეპიზოდი, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ყვირის ,,კალაშა ამოვიღეთ“, ,,პისტოლეტი აქვს“ სამჯერ არის გადაღებული, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ (13:36:25).
25. სასამართლო ითვალისწინებს მოწმე ე.ჩ-ს განმარტებას, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას იქ დახვდა სამმართველოს უფროსი - ი. ფ. (15:07:10; 15:10:00), რომელიც ესაუბრებოდა ა. გ-ს (15:10:35), ამ უკანასკნელმა ე. ჩ-ს უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის დისკრედიტაციის თავიდან არიდების მიზნით შემთხვევის ადგილას უნდა მიეტანათ და ჩაედოთ იარაღები, ე. ჩ-ს კი უნდა ჩაეტარებინა ამოღება. საუბრისას ა. გ-ს ზურგს უკან იდგა ი. ფ. (15:14:07).
26. მოწმე შ. ნ-მ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა დაახლოებით 02:00 საათის შედეგ, ზუსტ დროს ვერ იხსენებს (15:45:37). დააპირა ეპიცენტრში შესვლა, თუმცა დ. ი-მ არ მისცა საშუალება. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება განმუხტა ი. ფ-მ. შემთხვევის ადგილზე შს ს-ს ხელმძღვანელობიდან ნახა - ი. ფ., გ. დ., ზ. მ. და დ. ი. . გ. დ-მ ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დაავალა, რომ ,,ბორდიურთან“ დადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩაედო ავტომანქანის სალონში, სავარძლის ქვეშ, ხოლო შემდეგ ოპერატორს დაავალა, რომ მოეხდინა ჩადებული ავტომატის გადაღება (15:51:44). თავდაპირველად, როდესაც ის შემთხვევის ადგილზე მივიდა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ელაგა ,,ბორდიურთან“ ასფალტზე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გადაწყდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, წავიდა სამსახურში სათანადო ოქმების წამოსაღებად. ადგილზე დაბრუნდა დაახლოებით 25 წუთში, რა დროსაც იარაღები და საბრძოლო მასალა იყო გადაადგილებული. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე უშუალოდ ი. ფ-სგან მიიღო ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შემოაკვდა ახალგაზრდა ბიჭი, რის გამოც ხდებოდა იარაღების ჩადება გარდაცვლილის მეგობრების დაკავების მიზნით (15:54:00).
27. დაცვის მხარე ეჭქვეშ აყენებს მოწმე შ. ნ-ს ჩვენებას და ყურადღებას ამახვილებს მოწმის განმარტებაზე, რომ მან შემთხვევის ადგილზე პირველივე მისვლისას დაინახა იარაღები, რაც საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე 25 წუთით სამსახურში გასვლის პირობებში, უნდა ყოფილიყო დაახლოებით 02:35 საათი (03:00 საათს - 25 წუთი) და ეს მაშინ, როცა უტყუარადაა დადგენილი, რომ ი. ფ. შემთხვევის ადგილზე მივიდა 02:40 საათზე. დაცვის მხარის პოზიციით ნ-სა და ბ-ს ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ შემთხვევიდან დიდი დროის შემდეგ, (10 წელზე მეტი დროის შემდეგ, მაგალითად: ზ. ბ.2018 წლის 23 და 30 მარტს, ხოლო შ. ნ. 2016 წლის 30 მაისს), რაც გასული დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით არ გამორიცხავს, რომ მოწმეებს წუთობრივი სიზუსტით არ ახსოვდეთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული დეტალები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმე შ. ნ-ს განმარტებით მას არ ახსოვს შემთხვევის ადგილზე თავდაპირველად მისვლის ზუსტი დრო (15:45:37), ასევე მოწმის მითითება 25 წუთზე არ ატარებს კატეგორიულ ხასიათს, მოწმე უთითებს მხოლოდ სავარაუდო ხანგრძლივობაზე, რაც არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით.
29. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სატელეფონო ანძების ამონაწერი უტყუარად არ ადასტურებს კონკრეტული პირის კონკრეტულ ადგილზე მისვლის საწყის ზუსტ დროს, ვინაიდან აბონენტის ტელეფონის ნომრის კონკრეტული ანძის მიერ მომსახურება დგინდება განხორციელებული სატელეფონო თუ მოკლე ტექსტური შეტყობინების გასვლა-მიღების ფაქტის საფუძველზე. შესაბამისად, ამონაწერი ადასტურებს მხოლოდ ზარის (მოკლე ტექსტური შეტყობინების) წამოწყებისას მომსახურე ანძის დაფარვის ტერიტორიაზე სადავო ტელეფონის ნომრის ყოფნას. ამდენად, სატელეფონო ანძების მდებარეობის შესახებ საქმეში წარმოდგენილი ნუსხით შეუძლებელია იმის უტყუარად დადასტურება, რომ შ. ნ. - 02:50:05 საათზე, ზ. ბ. - 02:58 საათზე, ი. ფ.- 02:40 საათზე, დ. ი. - 02:30 საათზე მივიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა ცალსახად დასტურდება, რომ აღნიშნულ პირებთა სარგებლობაში არსებული ტელეფონები ამ დროს ნამდვილად იმყოფებოდა მითითებული ანძების დაფარვის ზონაში.
30. დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების 2004 წლის 24 ნოემბრის ოქმზე ი. ფ-ს სახელითა და გვარით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
31. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების დანაწესებს და ვინაიდან დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე ი. ფ-ს ვინაობით გაკეთებული ხელმოწერის სხვა პირისადმი კუთვნილებას, ასევე არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა - სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
32. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატ ნ. თ-ს პოზიციას, რომ მოწმე შ. ნ-ს სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებია, რომ მან ი. ფ-საგან შეიტყო, რომ პოლიციელს შემოაკვდა ახალგაზრდა ბიჭი, რის გამოც ხდებოდა იარაღების ჩადება გარდაცვლილის მეგობრების დაკავების მიზნით, ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს (იხ. მოწმის დაკითხვა 15:54:00).
33. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ერთპიროვნულად - ერთი მოსამართლის შემადგენლობით - განხილვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილის დანაწესს, ასევე იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 4 ივნისს მოსამართლემ საქმის განხილვა დაიწყო თავიდან, მხარეებს გააცნო სასამართლოს შემადგენლობა (12:19:36) და განუმარტა, რომ ვინაიდან საქმის განხილვა დაიწყო თავიდან, შუამდგომლობებიც უნდა განეხილათ თავიდან, თუნდაც ისინი განხილული ჰქონოდა სასამართლოს წინა შემადგენლობას (14:08:47). აღნიშნულის მიუხედავად, დაცვის მხარეს არ დაუყენებია სასამართლოს მიერ საქმის კოლეგიური შემადგენლობით განხილვის საკითხი.
34. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას დაირღვა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან ი. ფ-ს არ მიეცა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვისას ვიდეოჩანაწერის დემონსტრირების შესაძლებლობა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საფუძვლით 10 მოწმიდან მხოლოდ 4 მოწმის დაკითხვა მიიჩნია საქართველოს სსსკ-ის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებულად.
35. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე თავდაპირველად ითხოვდა ბრალდების მხარის მტკიცებულების დემონსტრირებას, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარეს აღნიშნული ვიდეოჩანაწერი საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე გადაეცა ბრალდების მხარის მიერ. დაცვის მხარემ მის ხელთ არსებული აღნიშნული ჩანაწერის დემონსტრირება მოწმეთა დაკითხვის პარალელურად მოითხოვა მხოლოდ მოგვიანებით, რაც დაკმაყოფილდა კიდეც სასამართლოს მიერ. იმავდროულად, როგორც საქმის მასალებით დგინდება დაცვის მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მოუთხოვია მოწმეების - შ. ნ-ს, რ. კ-ს, გ. ქ-ს, გ. ს-ს, ე. ჩ-ს, ლ. დ-ს დაკითხვისას მათთვის ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება (12:49:11), რაც დასტურდება ადვოკატ კ. კ-ს განმარტებითაც (12:51:35), რის გამოც არ არსებობდა აღნიშნულ მოწმეთა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხის „გ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხელახლა დაკითხვის შესაძლებლობა. ამასთან, სასამართლოს მიერ განჩინების (საოქმო განჩინების) გამოცხადებისას განიმარტა (13:04:30) შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების (დაცვის მხარის მიერ მოთხოვილი 10 მოწმიდან მხოლოდ 4 მოწმის განმეორებით დაკითხვის) მიზეზი - რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ განჩინება მიიღო კონკრეტული მოწმის დაკითხვისას ვიდეოჩანაწერის დემონსტრირებასთან მიმართებით და ის არ იყო ზოგადი ხასიათის, ამდენად თითოეულ მოწმესთან მიმართებით დაცვის მხარეს ხელახალი მოთხოვნა უნდა დაეფიქსირებინა.
36. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შემადგენლობის ცვლილების და საქმის განხილვის თავიდან დაწყების შემდეგ, სასამართლოს განმარტების მიუხედავად - ვინაიდან საქმის განხილვას იწყებს თავიდან შუამდგომლობების განხილვაც უნდა მოხდეს თავიდან, თუნდაც ისინი განხილული ჰქონოდა სასამართლოს წინა შემადგენლობას (14:08:47) - დაცვის მხარეს არ მოუთხოვია ზემოთ აღნიშნული არცერთი მამხილებელი მოწმის განმეორებით (მათ შორის აღნიშნულ მოწმეთა ვიდეოჩანაწერის დემონსტრირების პარალელურად დაკითხვის მიზნით) დაკითხვა საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, ამ ნაწილშიც კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
37. ი. ფ-ს ადვოკატების - უ. ბ-სა და ნ. თ-ს მტკიცებით მოწმე ზ. ბ-ს დაკითხვისას ბრალდების და დაცვის მხარეები იყვნენ არათანაბარ პირობებში ვინაიდან დაცვის მხარის შეკითხვებზე მოწმის პასუხების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 3 წამს, მისი ადვოკატი პირდაპირ უთითებდა არ ეპასუხა დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვაზე, ასევე ბრალდების მხარე აწყვეტინებდა მოწმეს პასუხებს, ხოლო მოსამართლე იძლეოდა მინიშნებებს და ხშირად ერეოდა დაკითხვის პროცესში.
38. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ი 114-ე მუხლის მე-11 ნაწილი მოწმეს ანიჭებს ადვოკატის დახმარებით სარგებლობის უფლებას, მათ შორის დაკითხვის მიმდინარეობისას, იმავდროულად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განუსაზღვროს მოწმეს დასმულ შეკითხვაზე პასუხის ფორმა და მოცულობა, მოსთხოვოს მოწმეს ვრცელი პასუხის გაცემა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა მოწმისათვის დაესვა სასურველი კითხვები, მათ შორის დაეზუსტებინა დასმული შეკითხვა. ის გარემოება, რომ მოწმე რიგ შემთხვევებში მოკლე პასუხებით შემოიფარგლა, ხოლო სასამართლო ახდენდა იმ კითხვების განრიდებას რომლებიც უკვე დასმული იყო მოწმისთვის, მათ შორის იგივე მხარის წარმომადგენლების მიერ, ვერ ჩაითვლება დაცვის მხარის უფლების ან/და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევად. სასამართლო სხდომის ოქმის შესწავლით დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმის დაკითხვისას მოსამართლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მინიშნებებს ან/და დაკითხვაში ჩარევას, მოსამართლის მითითება ეხებოდა წესრიგის დაცვისაკენ მოწოდებას, შეკითხვის განრიდების თაობაზე შუამდგომლობის გადაწყვეტას, განმარტებას, რომ კონკრეტულ კითხვაზე მოწმის მიერ კონკრეტული პასუხი უკვე გაცემული იყო (2018 წლის 23 და 30 მარტის ოქმები), რაც დაცვის მხარეს არ გაუპროტესტებია. მაგალითად: მოწმის ადვოკატის ზ. შ-ს მითითებაზე, რომ ი. ფ-ს მიერ დასმულ კითხვაზე მოწმეს გაცემული აქვს პასუხი, მოსამართლემ განმარტა, რომ მოწმეს ნაწილობრივ აქვს გაცემული პასუხი, რის გამოც მოწმეს სთხოვა გაეცა პასუხი დასმულ კითხვაზე (11:12:35); მოსამართლემ განმარტა, რომ მოწმე ვერ ასახელებდა კონკრეტულ ადგილს, ერთი და იგივე კითხვის რამდენჯერმე დასმით კი იკარგება დრო. მოწმის პასუხი მხარეებს შეუძლიათ შეაფასონ (11:18:00); დასმული კითხვის განრიდების შესახებ პროკურორის შუამდგომლობაზე მოსამართლემ ი. ფ-ს შეახსენა მოწმის მიერ გაცემული პასუხი (11:57:05; 11:57:56; 12:07:39; 12:13:22). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასმული კითხვის ან/და მოწმის მიერ გაცემული პასუხის მოსამართლის მიერ გამეორება არ მომხდარა კითხვის და პასუხის შინაარსობრივი ცვლილებით; არ შეიცავდა მოწმისათვის პასუხის მინიშნებას.
39. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას, რომ ზ. მ-სა და გ. დ-სთან საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე (საპროცესო შეთანხმება) შუამდგომლობის განხილვის სხდომაზე ი. ფ-ს და დ.ი-ს არ მიეცათ ზ. მ-ს და გ. დ-სთვის შეკითხვების დასმის და აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, ასევე - არ ეცნობათ ზ. მ-ს და გ. დ-სთან საპროცესო შეთანხმების დადების შესახებ.
40. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის წესი რეგულირდება საქართველოს სსსკ-ის 212-213-ე მუხლებით, რაც არ ითვალისწინებს თანაბრალდებულების მხრიდან საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებისთვის (შუამდგომლობის მხარეები) შეკითხვის დასმის, ან სასამართლოსათვის აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობას.
41. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობების განხილვის სხდომაზე ი. ფ-ს და დ. ი-ს დასწრებით უზრუნველყოფილი იყო მათი ინფორმირების უფლება. სასამართლო ეთანხმება Amicus Curiae-ს პოზიციას, რომ მოქმედი სსსკ-ი არ ითვალისწინებს არც შუამდგომლობის განხილვის სხდომაში მონაწილე თანაბრალდებულების მხრიდან შუამდგომლობის მხარეების დაკითხვის შესაძლებლობას და არც ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარის - ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაკითხვის შესაძლებლობას.
42. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის როგორც 297-ე მუხლის „დ)“ ქვეპუნქტის დანაწესს - ახალი მტკიცებულების განსაკუთრებული მნიშვნელობის მტკიცების ვალდებულებას შუამდგომლობის ავტორის პოზიციის დასაბუთებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ი. ფ., დ. ი. და მათ ადვოკატები ესწრებოდნენ 2020 წლის 15 აპრილის სასამართლოს სხდომას, სადაც განხილული იქნა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობები და დამტკიცდა გ. დ-ს და ზ. მ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულ გ. დ-ს და ზ. მ-სთვის საპროცესო შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის შინაარსთან, მსჯავრდებულთა აღიარების და გათქმით ჩვენებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე გ.დ-ს და ზ. მ-ს პასუხებიდან (რაც ასახულია სხდომის ოქმში) ი. ფ-ს, დ. ი-ს და მათი ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული პირების მიერ საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის ზოგადი შინაარსი, რაც მათ აძლევდათ შესაძლებლობას დაეყენებინათ დასაბუთებული შუამდგომლობა გ. დ-ს და ზ. მ-ს დაკითხვის თაობაზე მათი დაცვის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხების გამორკვევის მიზნით. თუმცა, როგორც საქმის მასალებით დგინდება, სწორედ შუამდგომლობის (იხ. ტ. 34, ს.ფ.17-23) დაუსაბუთებლობა გახდა აღნიშნულ პირთა დაკითხვაზე, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,დ)“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარის თქმის საფუძველი (04.06.2020. 14:01:05).
43. სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (Murtazaliyeva v. Russia [GC], no. 36658/05, § 158, ECtHR, 18/12/2018) დადგენილ სამსაფეხუროვან ტესტს, ასევე იმ გარემოებას, რომ მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაყენებისას დაცვის მხარემ უნდა ამტკიცოს კონკრეტული მოწმის დაკითხვის აუცილებლობა ჭეშმარიტების დადგენის და დაცვის უფლების განხორციელებისთვის (Perna v. Italy [GC], no.48898/99, § 29, ECtHR, 06/05/2003; Băcanu and SC «R» S.A. v. Romania, no. 4411/04, § 75, ECtHR, 03/03/2009); აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გავლენა სასამართლო განხილვის შედეგზე(Kapustyak v. Ukraine, no. 26230/11, §§ 94-95, ECtHR, 03/03/2016), სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმის დაკითხვის საჭიროების მტკიცების კონკრეტიზაციის და სიცხადის სტანდარტსაც.
44. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 211-ე მუხლის მე-6 ნაწილს, რომელიც მსჯავრდებლებს ანიჭებდათ გ. დ-ს და ზ. მ-ს მიერ საპროცესო შეთანხმების ფარგლებში მიცემული მათი მამხილებელი ჩვენების შინაარსის გაცნობის უფლებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ როდესაც ბრალდებულის მოთხოვნა მოწმეების დაკითხვაზე არ არის არაკეთილსინდისიერი, არის საკმარისად დასაბუთებული, შესაბამისია ბრალდების საგანთან და შეუძლია გააძლიეროს დაცვის პოზიცია ან თუნდაც დაადგინოს გამამართლებელი განაჩენი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიზეზები ასეთი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობისათვის (Polyakov v. Russia, no. 77018/01, §§ 34-35, ECtHR, 29/01/2009; Sergey Afanasyev v. Ukraine, no. 48057/06,§ 70, ECtHR, 15/11/2012; Topić v. Croatia, no. 51355/10, § 42, ECtHR, 10/10/2013).
45. სასამართლო იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და აღნიშნავს, რომ პირის მსჯავრდება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებით სასამართლო პროცესში მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის პირობებში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა სადავო - დამატებით გამოკითხვის 2019 წლის 8 და 11 ნოემბრის ოქმები - არა თუ არ წარმოადგენს ი. ფ-ს და დ. ი-ს მსჯავრდების არც ერთადერთ და არც ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას, არამედ გასაჩივრებული განაჩენი საერთოდ არ ემყარება (და არც კი იყენებს) გ. დ-ს და ზ. მს მიერ არც აღნიშნულ დამატებით გამოკითხვის ოქმებში და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 აპრილის სხდომაზე მათ მიერ მიწოდებულ ი. ფ-ს და დ. ი-ს მამხილებელ ინფორმაციას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კასატორებს არ მიეცათ გ. დ-ს და ზ. მ-ს დაკითხვის შესაძლებლობა, აღნიშნულის უარყოფითი გავლენა კასატორთა მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების სამართლიანობაზე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ. Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, 15.12.2015; Al-Khawaja and Tahery, no. 26766/05, 22228/06, ECtHR, 15/12/2011).
46. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს ი. ფ-ს მიერ პროკურატურაში წარდგენილ ვიდეოჩანაწერზე, რომელიც მოსამართლემ კასატორის მტკიცებით, ბუნდოვანი მიზეზის გამო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო, თუმცა მანამდე ვიდეო ჩანაწერს ჩაუტარდა რამდენიმე ექსპერტიზა. ჩატარებული რამდენიმე ექსპერტიზით, კასატორის მტკიცებით, ვერ დადგინდა მონტაჟისა და ხარვეზის ნიშნები ვიდეოს დაწყებიდან 1 წუთისა და 30 წამიდან 3 წუთსა და 2 წამამდე, ამ მონაკვეთში კადრი არის უწყვეტი. ადვოკატი უ. ბ. უთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ შეფასდა ლ. ა-სა და გ. ზ-ს მიერ ჩატარებული და გაცემული ექსპერტიზის დასკვნები.
47. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის (2013 წლის 23 მაისი) და ბრალდების მხარის (2018 წლის 17 მაისი) ექსპერტიზები ჩატარდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს მიერ.
48. ექსპერტ ლ. ა-ს ჩვენების თანახმად 2013 წელს საექსპერტო ბიუროში კვლევის ჩასატარებლად ჰქონდა და შესაბამისად იყენებდნენ ,,Sony Vegas-ის“ ვიდეო სამონტაჟო პროგრამას, 2015-2016 წლიდან კი ბიუროში აქვთ ორი ახალი პროგრამული უზრუნველყოფა, ერთი ,,Ocean System-ის” მიერ შექმნილი კრიმინალისტიკური მოდულები, რომლებიც ჩაშენებულია ვიდეო სამონტაჟო პროგრამაში, ხოლო მეორე ,,ACUSTEK-ი“, რომელიც განკუთვნილია აუდიო ჩანაწერზე მონტაჟის დასადგენად, თუმცა მასში შესაძლებელია ვიდეოს გამოკვლევაც (15:00:26). ახალი პროგრამული უზრუნველყოფები უშუალოდ შექმნილია კრიმინალისტიკური კვლევებისათვის, აქვთ მეტი შესაძლებლობები დეტალების დასადგენად (15:08:51). მოწმის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ვიდეოჩანაწერში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ფორმის საგნის და ასევე ბარაბნიანი პისტოლეტის ფორმის მსგავსი საგნის გამოჩენის მომენტისათვის ვიდეოგამოსახულებაზე წყვეტა არ ფიქსირდება, ანუ ამ საგნების გამოჩენა მოქცეულია ვიდეოგამოსახულების უწყვეტ ნაწილში; ვიდეოჩანაწერზე პირველი წყვეტა დაფიქსირებულია 5 წუთზე 09 წამსა და 15 მილიწამზე; ვიზუალურ-პროგრამული შესწავლისას ვიდეო ჩანაწერის ამ მონაკვეთზე მონტაჟის ნიშნები არ გამოვლინდა; დაჭრილი პირის ღრმა ამოსუნთქვა დაფიქსირებულია კადრის დაწყებიდან 1 წუთზე, 55 წამსა და 27 მილიწამზე - კადრის უწყვეტ ნაწილში.
49. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის ინიციატივით იმავე ბიუროში ჩატარებული საექსპერტო კვლევისას გამოყენებული იქნა ლ. ა-ს მიერ მითითებული ახალი პროგრამული უზრუნველყოფა (რომელიც მას 2013 წელს არ ჰქონდა), რაც მისივე განმარტებით იძლევა მეტი დეტალების დადგენის შესაძლებლობას.
50. სასამართლო იზიარებს ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ჩატარებული კვლევის შედეგებს და მისი ჩამტარებელი ექსპერტის ა. მ-ას ჩვენებას, რომლის თანახმად - საკვლევ ვიდეოჩანაწერში პირველი წყვეტა არის 13 წამზე (2018 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:08:34); ყველა ცვლილება გამოწვეულია წყვეტით, ამასთან დასკვნაში მე-7 პუნქტად აღნიშნულია, რომ წარმოდგენილ სადავო ვიდეოჩანაწერზე კადრის დაწყებიდან იმ მომენტის ჩათვლით სადაც პირველად ჩნდება დოლურიანი რევოლვერი და ავტომანქანის სალონში წინა მარჯვენა სავარძლის ქვედა მხარეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - დაფიქსირებულია წყვეტები (18:55:30), სწორედ ის წყვეტები, რომელიც დასკვნის კვლევით ნაწილშია მითითებული (იხ. გვ.6), კერძოდ: 13, 15 და 39 წამი (18:56:00 და 19:01:46). ექსპერტმა დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში დასაწყისიდან სადავო იარაღის პირველ გამოჩენამდე უხეში წყვეტა არ არის, თუმცა არის შეფარული წყვეტები, რომლებიც მხოლოდ დინამიურ რეჟიმში დათვალიერებისას სპეციალური პროგრამით იქნა აღმოჩენილი (19:02:30); სადავო იარაღი 36-ე წამზე ჩნდება, მის გამოჩენამდე კი დაფიქსირებულია სამი წყვეტა (19:03:52). ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ მონტაჟის სხვადასხვა სახეობები არსებობს, ერთ-ერთი არის წყვეტა, თუმცა წყვეტა ყოველთვის არ ნიშნავს მონტაჟს. მოცემულ შემთხვევაში კი ექსპერტიზით დაფიქსირებულ მონაკვეთებზე - წყვეტები - არის მონტაჟის ნიშნები (15:08:06)
51. ამდენად, 2018 წლის 17 მაისის ვიდეო, ფონოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით და ექსპერტ ა. მ-ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ი. ფ-ს მიერ წარდგენილი ვიდეო ჩანაწერი არ არის ერთი მთლიანი, მასზე პირველადი ჩანაწერის დამზადების შემდეგ შეტანილია ცვლილებები, კომპლექსური კვლევის შედეგად მასზე დაფიქსირდა ოცდათექვსმეტი წყვეტა. სადავო ვიდეო ჩანაწერი იწყება, მიმდინარეობს და მთავრდება ალოგიკურად. დასკვნის თანახმად: სადავო ვიდეო ჩანაწერში კადრის დაწყებიდან იმ მომენტის ჩათვლით, სადაც პირველად ჩნდება დოლურიანი რევოლვერი და ავტომანქანის სალონში, წინა მარჯვენა სავარძლის ქვედა მხარეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - დაფიქსირებულია წყვეტები.
52. დაუსაბუთებლობის გამო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია სასამართლოს მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერის მისი წარმომავლობის დაუდგენლობის გამო დაუშვებლად ცნობის თაობაზე. კერძოდ, გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებული მსჯელობით დგინდება, რომ მოსამართლემ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის საფუძველზე შეფასებისას არ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულება არა მის წარმომავლობასთან, არამედ მის მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით - „მიუხედავად მისი მოპოვების კანონიერებისა, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N...დასკვნით და ექსპერტ ა. მ-ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ ი. ფ-ს მიერ წარდგენილი ვიდეო ჩანაწერი არ არის ერთი მთლიანი, მასზე პირველადი ჩანაწერის დამზადების შემდეგ შეტანილია ცვლილებები, კომპლექსური კვლევის შედეგად მასზე დაფიქსირდა ოცდათექვსმეტი წყვეტა. სადავო ვიდეო ჩანაწერი იწყება, მიმდინარეობს და მთავრდება ალოგიკურად“.
53. სასამართლო ითვალისწინებს გამოძიების ფედერალური ბიუროს ციფრულ მტკიცებულებათა ლაბორატორიის 2013 წლის 26 ივნისის (საქმის საიდენტიფიკაციო ნომერი ....) ექსპერტიზის დასკვნასაც, რომლის თანახმად, მეხსიერების ბარათი არ შეიცავს ჩანაწერის ორიგინალ ვერსიას, მასში განხორციელებულია 35-მდე შესწორება და რამდენიმე აუდიო წყვეტა.
54. დაუსაბუთებლობის გამო, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატ ნ. თ-ს პრეტენზიას, რომ მეხსიერების ბარათს, რომელზეც ექსპერტმა ა. მ-მ ჩაატარა ექსპერტიზა, აღმოაჩნდა სხვა მარკეტინგული თვისებები, ვიდრე ამერიკაში გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ მეხსიერების ბარათს.
55. სასამართლო ითვალისწინებს, ტ. ა. მ. III-ის 2013 წლის 4 ივნისის წერილს, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდების მხარეს (მთავარ პროკურორს) უბრუნებენ გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიის წინასწარი დასკვნის ასლებს და ყველა ორიგინალ მტკიცებულებას მათგან წარმოშობილ მტკიცებულებებთან ერთად (იხ. ტ.12, ს.ფ.51; ტ. 26, ს.ფ. 189). კერძოდ, 1 ორიგინალ მტკიცებულებას - Q1-ს, რაც არის ერთი ცალი 4 GB მეხსიერების ბარათი (Q1). ფედერალური ბიუროს ციფრულ მტკიცებულებათა ლაბორატორიის 2013 წლის 26 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, Q1 არის ერთი Silicon Power-ის ფირმის 4 გეგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი მიღებული 2013 წლის 28 მაისს (იხ. ტ. 26, ს.ფ.181). 2013 წლის 7 ივნისის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ აღნიშნული Q1 პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა 1 ცალი SP ფირმის მეხსიერების ბარათი საქარხნო მარკირებით „SP Silicon Power“ 4 GB. №.... მეხსიერების ბარათს ასევე აღენიშნებოდა შავი ფერის ფლომასტერით დატანილი წარწერები: „ Q...( იხ. ტ.12, ს.ფ.58).
56. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზის N.... დასკვნის (ექსპერტები ა. მ. და მ. ს.) აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი მასალა წარმოდგენილია ერთ ფუთად შსს .... სამმართველოს ნივთმტკიცებისთვის განკუთვნილი ,,№... პოლიეთილენის პაკეტის სახით, დალუქულ მდგომარეობაში, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. მოიასამნისფრო საღებავი ნივთიერებით პაკეტზე შესრულებულია შემდეგი წარწერები: ,,... ცალი მეხსიერების ბარათი ლ. გ. ე. კ. ახალი საქმის ნომერი სს №.... საქ. მთ. პროკურატურა“. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა 1 ცალი ნივთმტკიცებისთვის განკუთვნილი პოლიეთილენის პაკეტი გახსნილ მდგომარეობაში, რომელშიც მოთავსებული იყო 1 ცალი მეხსიერების ბარათი ,,SP Silicon Power” 4 GB-ი მოცულობით, სერიული ნომრით: ,,...”.
57. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახად დგინდება, რომ ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზის N... კვლევის საგანს წარმოადგენდა სწორედ აშშ ფედერალური ბიუროს ციფრულ მტკიცებულებათა ლაბორატორიის მიერ გამოკვლეული მეხსიერების ბარათი.
58. უსაფუძვლობის გამო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაარღვია სისხლის სამართლის კანონის დროში მოქმედების პრინციპი და 2004 წლის ნოემბერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოიყენა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია, მაშინ როდესაც საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლში ცვლილება შევიდა 2005 წლის დეკემბერშიც.
59. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ფ-ს და დ. ი-ს მსჯავრი დაედოთ 2004 წლის 24 ნოემბერს ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილში ცვლილება შევიდა 2006 წლის 28 აპრილის (იხ. სსმ I, N14, 15.05.2006, მუხ. 90) საქართველოს კანონის საფუძველზე, ხოლო ცვლილება, რომელზეც უთითებს დაცვის მხარე - 2005 წლის 16 დეკემბრის რედაქცია - ეხება მითითებული მუხლის პირველ ნაწილსა და შენიშვნას.
60. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს N915აპ-10 განჩინებაში მითითებული განმარტების თანახმად, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენს გამოკვეთილი გამორჩენის სურვილი უნდა ჰქონდეს და ასეთი სურვილის დამტკიცება რეალური სწორედ მატერიალური სარგებლის შემთხვევაშია, ვინაიდან იმავე განჩინებაში სასამართლო განმარტავს, რომ ,,გამორჩენის ან უპირატესობის მიღებას შეიძლება არაქონებრივი ხასიათიც ჰქონდეს“(იხ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის განჩინება N915აპ-10).
61. ადვოკატ უ. ბ-ს მტკიცებით მტკიცებულებები გამოკვლეული და შეფასებული იქნა ზედაპირულად, დადგენილი სტანდარტის უგულებელყოფით, კერძოდ: მოწმე ა. ბ-ს ჩვენება არის დაუშვებელი, რადგან არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი. მან 2013 წლის 16 იანვარს გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას განაცხადა, რომ განყოფილებაში გადაყვანისას ესაუბრებოდა განყოფილების უფროსს, რომლის ამოცნობაც იმ დროისათვის არ შეეძლო, მანვე განმარტა, რომ მის მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდგომ, 2018 წელს სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოულოდნელად შეძლო ი. ფ-ს ამოცნობა და განაცხადა, რომ ამ უკანასკნელმა მასზე მოახდინა ზეწოლა.
62. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეკითხათ მოწმე ა. ბ., მას შემდეგ, რაც მან შეცვალა არსებით სასამართლო განხილვაზე მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია და ჰქონდათ მოწმისთვის მათთვის სასურველი შეკითხვის დასმის შესაძლებლობა (შედარებისთვის იხ. Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §164, ECtHR, 14/05/2020; Cabral v. the Netherlands, no. 37617/10, §§ 10, 13, და 34-37, ECtHR,28/08/2018, და Bondar v. Ukraine, no. 18895/08, §§ 75-82, ECtHR,16/04/201), ამასთან, მოწმემ განმარტა ჩვენების ,,შეცვლის“ მიზეზიც, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
63. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „კონვენციის მე-3-ე მუხლი არ ეხება ექსკლუზიურად ფიზიკური ტკივილით ტანჯვას, არამედ მოიცავს ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც, რომელიც გამოწვეულია სტრესული გარემოს შექმნით სხვადასხვა საშუალებით, რაც არ უკავშირდება ფიზიკურ ძალადობას (El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC] , no. 39630/09, ECtHR, 13/12/2012, §202; Iljina and Sarulienė v. Lithuania, no. 32293/05, § 47, ECtHR, 15/03/2011). მოპყრობა თუ ის მათ შორის „წარმოშობს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რასაც შეუძლია პიროვნების მორალური ან ფიზიკური წინააღმდეგობის გატეხვა, შეიძლება შეფასდეს, როგორც დამამცირებელი და ასევე, მოექცეს მესამე მუხლით დადგენილი აკრძალვის ფარგლებში (Bouyid v. Belgium, [GC], no. 23380/09,§87, ECtHR 28/09/2015; Vasyukov v. Russia, no. 2974/05, § 59, ECtHR 5/04/2011; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, §89, ECtHR 01/06/2010).
64. თავისუფლების უკანონო აღკვეთა ფიზიკური ძალადობის არ არსებობის პირობებშიც, როდესაც უკავშირდება დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას, იწვევს რა მასში მწვავე და მუდმივ შიშს, რომ დაექვემდებაროს არასათანადო მოპყრობას ერთდროულად შეიძლება იწვევდეს კონვენციის მე-5 და მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევას (იხ. მაგალითად, Aslakhanova and others v. Russia, nos. 2944/06 and 8300/07, 50184/07, 332/08, 42509/10,§142-143, §§142-143; ECtHR, 18/12/2012).
65. იმ შემთხვევაშიც კი, როდესც პირს ,,არ განუცდია მძიმე ან ხანგრძლივი ფიზიკური ზემოქმედება, მისი დასჯა - როდესაც მას ეპყრობოდნენ, როგორც ობიექტს ხელისუფლების ხელში - წამოადგენდა პირის ღირსების და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფას, რაც წარმოადგენს მე-3 მუხლით დაცვის ერთ-ერთ ძირითად მიზანს“ (Tyrer v. the United Kingdom, §33, ECtHR, 25/04/1978, Series A no. 26; Bouyid v. Belgium, [GC], no. 23380/09,§90,ECtHR 28/09/2015).
66. მაშინაც კი, როდესაც ადგილი არ აქვს პირისთვის სხეულებრივი დაზიანების, ინტენსიური ფიზიკური ან მენტალური ტანჯვის მიყენებას, თუ მოპყრობა აკნინებს ან ამცირებს პიროვნებას, ავლენს მისი ადამიანური ღირსებისადმი უპატივცემულობას ან იწვევს შიშის, ტკივილის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ინდივიდის მორალური და ფიზიკური წინააღმდეგობა, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც დამამცირებელი და ასევე მოექცეს მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში (Muršić v. Croatia, no. 7334/13,§98,ECtHR, 20/10/2016).
67. შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერების 2004 წლის 24 ნოემბრის ოქმს სხვა პირებთან ერთად ხელმოწერით ადასტურებს ი. ფ. მოწმე ზ. ბ-მ დაადასტურა, რომ ყველამ ერთად, მათ შორის ი. ფ-მ და დ. ი-მ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემთხვევის ადგილზე უნდა მიტანილიყო იარაღები და საბრძოლო მასალები და დაკავებულებისათვის გადაენაწილებინათ (13:32:28; 13:48:00), ხოლო მოწმე შ. ნ-მ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისი მისვლისას იქ იყვნენ დ. ი. და ი. ფ., იქვე ხდებოდა ჩადებული ავტომატის გადაღება (15:51:44) და შემთხვევის ადგილზე უშუალოდ ი. ფ-სგან მიიღო ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შემოაკვდა ახალგაზრდა ბიჭი, რის გამოც ხდებოდა იარაღების ჩადება გარდაცვლილის მეგობრების დაკავების მიზნით (15:54:00).
68. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით - როდესაც მოხელე არ ასრულებს თავის უფლებამოსილებებს.
69. ადვოკატი ნ. თ. საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ დაირღვა ი. ფ-ს დაცვის უფლება, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაბამისი ექიმის ცნობის საფუძველზე ითხოვა სხდომის გადადება, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და საქმის არსებითი განხილვა წარიმართა ი. ფ-ს დასწრების გარეშე იმ პირობებში, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო (ბრალდებულს ფიზიკურად არ შეეძლო არათუ სასამართლო სხდომაზე დასწრება, არამედ ადვოკატთან კომუნიკაცია) ადვოკატს არ ჰქონდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
70. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N... პენიტენციური დაწესებულების 2018 წლის 26 ნოემბრის მიმართვას თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი, რომელსაც ერთვის ი. ფ-ს განცხადება 2018 წლის 26 ნოემბრის სასამართლო სხდომის 1 კვირით გადადების თაობაზე და მთავარი ექიმის მიერ ხელმოწერილი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N..პენიტენციური დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული 2018 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული სამედიცინო ცნობა.
71. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს ადვოკატის მტკიცებას, რომ - 2018 წლის 26 ნოემბერს სხდომის გადადებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმით, დაცვის მხარეს შეეზღუდა რიგი უფლებები - ვერ დააყენა შესაბამისი შუამდგომლობები და ვერ გამოიძახა მოწმეები დასაკითხად, ვინაიდან 26 ნოემბრის სხდომაზე (დასკვნითი სიტყვების ეტაპი) სამართალწარმოების ეტაპიდან გამომდინარე არ იყო გათვალისწინებული მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაყენება. სხდომაზე მოსმენილი იქნა ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, რაც წერილობითი ფორმით იმავე დღეს გადაეცა ი. ფ-ს ადვოკატს ნ. თ-ს (იხ. ტ.29, ს. ფ.4). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მომდევნო - 2018 წლის 5 დეკემბერს სასამართლო სხდომას ი. ფ. ესწრებოდა ადვოკატთან ერთად, წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, თავისივე სურვილით დატოვა სასამართლო სხდომა, და სასამართლოს განმარტებაზე, რომ მას ეცნობებოდა საბოლოო სიტყვის სხდომის თარიღი, აღნიშნა, „ჩათვალეთ, რომ ჩემი საბოლოო სიტყვაც აქ ვთქვი“; სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ N... დაწესებულებაში მყოფი ი. ფ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოკლებული იყო ადვოკატთან კომუნიკაციის და პოზიციის შეჯერების შესაძლებლობას. ასევე ითვალისწინებს, რომ არც ი. ფ-ს და არც მის ადვოკატს არ დაუყენებია შუამდგომლობა 2018 წლის 5 დეკემბრის სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.
72. ნ. თ-ს პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ზ. ბ-ს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების სასამართლო სხდომაზე ი. ფ-ს დასწრების და მისი მოსაზრების მოსმენის შემთხვევაში, მოსამართლეს შესაძლოა არ დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა - სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხის განხილვისას სასამართლო აზუსტებს და ისმენს მხოლოდ შუამდგომლობის ავტორისა და იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პოზიციებს, ვის მიმართაც განიხილება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი. მოქმედი საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს თანაბრალდებულების პოზიციების მოსმენას საპროცესო შეთანხმების დადების ან/და მისი შინაარსის თაობაზე, ისევე როგორც თანაბრალდებულის მიერ დაკითხვის შესაძლებლობას.
73. საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ნ. თ-ს და უ. ბ-ს მოთხოვნა საკასაციო საჩივრის განხილვის სხდომაზე მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლი არ ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეთა დაკითხვას.
74. საკასაციო სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა თითოეული მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ი. ფ-ს და დ. ი-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
75. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
76. სასამართლო ასევე, ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
78. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ი-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ უ. გ-ს, მსჯავრდებულ ი. ფ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატების ნ. თ-ს და უ. ბ-ს, ასევე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილე იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე