საქმე # 170100119002915679
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №287აპ-20 ქ. თბილისი
ა. ნ. 287აპ-20 27 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ა-ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ნ. ა-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ., ს-ს ქუჩაზე, …-ე კორპუსში, მე-.. ბინაში მდებარე ფ. გ-ს და ნ. ა-ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ნ. ა-მ, მცირე ზომის ქვაბის სახის მარჯვენა წარბის არეში ერთჯერადი დარტყმისა და გაშლილი ხელის ტუჩებისა და ცხვირის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ფ. გ-ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით ნ. ა. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გამართლებულ ნ. ა-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ნ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სათანადო სასჯელის დანიშვნას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ნ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სათანადო სასჯელის დანიშვნას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულმა ფ. გ-მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის - (მეუღლის) - ნ. ა-ს წინააღმდეგ.
9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 მარტის №… დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით ფ. გ-ს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე და ქვედა ტუჩის ლორწოვანზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობებში მითითებულ თარიღს.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებულს ნამდვილად ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ მიაყენა მას დაზიანებები.
11. მოწმეები ჯ. ა. და მ. დ. არიან გამომძიებლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შეტყობინების მიღების შემდეგ და მომხდარის შესახებ შეიტყვეს დაზარალებულისგან მისი გამოკითხვისა და ვიზუალური დათვალიერების დროს. აღნიშნული მოწმეების ინფორმაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, არამედ იციან დაზარალებულის გადმოცემით.
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში ნ. ა-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
15. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. ა-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე