საქმე # 190100120003825288
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №344აპ-21 ქ. თბილისი
ხ. ე., 344აპ-21 2 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ე. ხ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით სასჯელად თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რაც არ შეეცვლება პირობითი მსჯავრით.
მსჯავრდებულ ე. ხ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს. შესაგებლით ითხოვს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ზვიად ფხაკაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ე. ხ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გაუქმდა ე. ხ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს, სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 04:50 საათზე, თ–ის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე, ქ.თ–ს მხრიდან კ–ს მიმართულებით მოძრაობდა „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი, სახ.№...., რომელსაც მართავდა ე. ხ.. გზაზე მსვლელობისას მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და უკანა ნაწილში შეეჯახა მის წინ მოძრავ „მერსედეს-ბენცის“ მარკის სატვირთო ავტომობილს, სახ.№......, რომელსაც მართავდა კ. ს.. ავტოავარიის შედეგად, ე. ხ–ს მგზავრი - გ. ი. ადგილზე გარდაიცვალა.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, პირობით მსჯავრად ჩათვლის გარეშე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა მსჯავრდებულის როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ე. ხ. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გამოთქვამს მზაობას, აუნაზღაუროს დაზარალებულს ზიანი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მათ შორის - ახლო ნათესავის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა) გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. ხ–ს დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით განსაზღვრული სამართლიანი სასჯელი. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ზვიად ფხაკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე