ას-599-881-04 17 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ს.-მ სარჩელი აღძრა მ.გრიგორიანის წინააღმდეგ და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე ლიტერ „ბ“ ნაგებობაზე სახლთმფლობელობის მესაკუთრედ ცნობა. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებაზე მან 1954 წელს მოპასუხისაგან შეიძინა თბილისში, ... მდებარე განთავსებული სათავსი, რაშიც გადაიხადა 850 მანეთი. სათავსის ადგილზე იმავე წელს ააშენა ახალი საცხოვრებელი სახლი, სადაც დღემდე ცხოვრობს ოჯახით. 990 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისი საცხოვრებელი სახლია განთავსებული, 1997 წელს საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის სახელზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრში ჩანაწერი უზუსტოა, რადგან აღნიშნულ მიწის ნაკვეთს თანაბარი უფლებით ისიც ფლობდა და სარგებლობდა. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 1507 მუხლის მე-3 ნაწილზე, 183-ე, 171-ე და 150-ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სადავო სახლი მოსარჩელის მიერ არის აშენებული, თუ არა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან მიწა არ წარმოადგენს მის საკუთრებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ს.-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი.
დადგენილია, რომ თბილისში, ... 600 კვ.მ მიწა და ამ ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენს მ.გრიგორიანის საკუთრებას. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო ლიტერ „ბ“ მოქცეულია მ.გიორგობიანის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებს შიგნით, ანუ შედის იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს მ.გრიგორიანის საკუთრებას. ა.ს.-მ ვერ წარმოადგინა ნოტარიალურად დამოწმებული საბუთი ამ ნაგებობის შეძენის თაობაზე. ამასთან, მას არ მოუთხოვია კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის ჩანაწერის გასწორება, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაგებობასა და მიმდებარე მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ს.-მა. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, რადგან საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო შეფასება, კერძოდ, თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1995წ. 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც ირკვევა, რომ 1954 წლიდან იგი ფლობს სადავო 217 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და ამ ნაკვეთზე განთავსებულ ნაგებობას ლიტერ „ბ“-ს. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სკ-ის 155-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე ივარაუდება, რომ იგი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აღიარებითი სარჩელით მოითხოვდა უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას. სასამართლომ სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია და იგი სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა, რადგან დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერით სადავო ქონება მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენს, კასატორის მოსაზრება, რომ იგი 1954 წლიდან ფლობს სადავო ქონებას და ამიტომ 158-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე ივარაუდება ამ ქონების მესაკუთრედ, უსაფუძვლოა. მითითებული ნორმის მეორე ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამდენად, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 183-ე და 312-ე მუხლები.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი იმ შემთხვევაშია საფუძვლიანი, თუ სადავო უფლების ხელყოფა ჯერ არ მომხდარა. განსახილველ შემთხვევაში კი სადავო სახლთმფლობელობა უკვე მოპასუხის საკუთრებაა 1997 წლიდან. აღიარებითი სარჩელი კი მანამდე უნდა იქნეს აღძრული, ვიდრე არ მომხდარა სადავო უფლების დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.