¹ას-601-1258-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: პრივატიზებული შენობიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს 2002 წლის 8 ივლისის ¹61 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ყოფილი შპს «ქ-ის» ბალანსზე რიცხული რადიოშუქურის შენობისა და 2600 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე.
ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ « .........-ში».
2002 წლის 20 აგვისტოს დანისნულ აუქციონზე ობიექტი არ გაიყიდა. რის გამოც დაინიშნა განმეორებითი აუქციონი.
განმეორებითი აუქციონში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მხოლოდ ნ. მ-ემ, რომელიც კომისიამ ცნო აუქციონზე გამარჯვებულად. მასთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და გაიცა საკუთრების მოწმობა. ქონების გადაცემა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ნაგებობა თვითნებურად დაიკავა ლ. ჩ-ემ.
2002 წლის ოქტომბერში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველომ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ლ. ჩ-ის მიმართ პრივატიზებული ნაგებობიდან გამოსახლებისა და გამოთავისუფლებული ფართის ნ. მ-ეზე გადაცემის შესახებ.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
ლ. ჩ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მოვალე იყო, აუქციონზე გაეტანა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, აფხაზეთიდან დევნილი მისი ოჯახი იძულებული გახდა მიემართა თვითდახმარებისათვის.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს, როგორც არასათანადო მხარის სარჩელი. დაკმაყოფილდა მესამე პირის ნ. მ-ის სარჩელი მისი კუთვნილი პრივატიზებული შენობიდან მოპასუხის გამოსახლების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს მიერ 2002 წლის 10 სექტემბერს ჩატარებულ განმეორებით აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადებულმა ნ. მ-ემ მოიპოვა წყალტუბოს რაიონის სოფ. ......-ში მდებარე რადიოშუქურის შენობის შეძენის უფლება.
2002 წლის 17 ოქტომბერს ნ. მ-ესთან დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება და 2002 წლის 17 ოქტომბერს გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე იგი გახდა პრივატიზებული ობიექტის მესაკუთრე, რომელიც უნებართვოდ აქვს დაკავებული ლ. ჩ-ეს.
სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ლ. ჩ-ეს სოფ. .......-ში სხვა ფართი აქვს გამოყოფილი.
სადავო ფართს ლ. ჩ-ე ფლობდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. «იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ» კანონის 7-ე მუხლის «დ» თანახმად, დევნილი ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული ფართიდან გამოსახლებას.
სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის მიჩნეული ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ ქონდა მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობის ფლობის უფლება.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ლ. ჩ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.