საქმე # 120100120003937940
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №370აპ-21 ქ. თბილისი
ა. ზ.370აპ-21 24 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქალაქ ბ–ში, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზ. ა. მისივე დას, ქ. ა–ს ურთიერთშელაპარაკებისას დაემუქრა საფლავში ჩაწვენით, რის შედეგადაც ქ. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ზ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 28 ივლისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მ, რომლებიც საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებას და ზ. ა–ს გამართლებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ბ–მ, დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ზ. ა–ს გამართლებას.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001). აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.
10. დაცვის მხარის შეფასებით, საქმეში არ მოიპოვება ორი პირდაპირი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგენდა, რომ სახეზე გვაქვს ქმედების შემადგენლობა.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ. ა–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულ ქ. ა–ს, მოწმეების - ნ. ა–ს, თ. ა–ს ჩვენებები, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას. იმავდროულად, შიშის არსებობა შეფასებული უნდა იქნეს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ქ. ა–მ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები. მან ასევე დამაჯერებლად ისაუბრა განცდილ შიშთან დაკავშირებით, ინციდენტის შემდეგ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს; ხოლო ნ. ა–ს და თ. ა–ს ჩვენებებით დასტურდება ინციდენტის არსებობა და ზ. ა–ს მიერ დაზარალებულის მიმართ ნათქვამი მუქარა „ჩაგაწვენ კუბოში“. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ზ. ა. არაერთხელაა ნასამართლევი დაზარალებულ ქ. ა–ს მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარისათვის.
13. დაცვის მხარის მითითებით, ზ. ა–ს 2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა. 2018 წლის ექსპერტიზის დასკვნა 2020 წლის სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში არარელევანტურია, თუმცა 2018 წლის დასკვნა ბადებს გონივრულ ეჭვს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არ არის ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ და უნდა გამართლდეს.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე და 144-ე მუხლების დანაწესებს და ვინაიდან დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება(ექსპერტიზის დასკვნა), რაც დაადასტურებდა ზ. ა–ს შეურაცხადობას, ასევე არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნულის დადგენის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა - სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
16. მსჯავრდებულ ზ. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
17. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ [..] არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის თანახმად, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას - მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის განჩინება საქმეზე N 333აპ-21).
18. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 35-ე და 531-ე მუხლების დანაწესს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ზ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე