საქმე # 020100120004187770
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №372აპ-21 ქ. თბილისი
ხ. ა., 372აპ-21 2 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მაია ჯაბუამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გამართლებულ ა. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ჯ–მ წარმოადგინა შესაგებელი ზუგდიდის რაინული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ხ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ზ–ში, ს–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რაც განპირობებული იყო ქალის ქცევასთან დაკავშირებული ა. ხ–ს სტერეოტიპული შეხედულებებით და გულისხმობდა ცოლის (რ. ჯ.) მორჩილებას მისდამი, რაც ა. ხ–ს მიერ მეუღლისათვის დავალებული საქმეების პირნათლად შესრულებაში უნდა გამოხატულიყო, რ. ჯ.ს არასრულწლოვანი შვილების - ი. ხ–ს (6 წლის) და ს. ხ–ს (5 წლის) თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააგდო საწოლზე, რის შემდეგ თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და გაშლილი ხელი, გარდა ამისა, წაქცეულ რ. ჯ–ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დაჭერით არ აძლევდა განძრევის შესაძლებლობას. ა. ხ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად რ. ჯ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით ა. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ა. ხ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
ა. ხ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ა. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სათანადო სასჯელის შეფარდებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ. ჯ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ; ასევე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე არასრულწლოვნებმა - ი. ხ–მ და ს. ხ–მ.
9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩატარებული პირადი გასინჯვით რ. ჯ–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
10. ა. ხ–ს მიერ შესაძლო ძალადობის ჩადენაზე მიუთითებენ მხოლოდ მოწმეები - მ. დ–ა და თ. გ., თუმცა ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მონათხრობს და არ არიან ფაქტის (ძალადობის) თვითმხილველები.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
12. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. ხ–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
14. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე