საქმე # 010100120003583740
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №373აპ-21 ქ. თბილისი
კ. ს. 373აპ-21 3 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ს. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ს. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, კერძოდ: ს. კ–სათვის სასჯელის ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განაჩენით ს. კ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. კ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 15 მარტიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 15 მარტს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში არსებულ დროებით საცხოვრებელ ბინა N..-ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ს. კ–მ სხეულის სხვადასხვა არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ფ. ხ–ს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2020 წლის 15 მარტს, დილის საათებში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ს. კ–მ ქალაქ ბ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში არსებულ დროებით საცხოვრებელ ბინა N..-ში მყოფ თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ფ. ხ–ს, გასაღებით გარედან ჩაუკეტა ბინის კარი და პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე, ბინაში ჩაკეტილი დატოვა, რითაც ამ უკანასკნელს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის გამკაცრების კუთხით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ს. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ს. კ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 15 მარტიდან
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქმეში არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ზიანის ნაწილი ანაზღაურებულია) მხედველობაში მიღებით, ს. კ–ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის შემსუბუქება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
8. დაცვის მხარის მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არის გამოკვეთილი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონისმიერი შეღავათების გამოსაყენებლად აუცილებელი წინაპირობები.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე