საქმე # 010140021900066014
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №3761-21 ქ.თბილისი
ქ. მ., №3761-21 15 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე,
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით:
მ. ქ–ს ბრალდებიდან, როგორც არასწორად წარდგენილი, ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და იგი ამ ნაწილში გამართლდა.
მ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
მ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,338-ემუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 190-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია),საქართველოს სსკ-ის 337-ე მუხლით და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე ვადით;
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 190-ე მუხლით - ჯარიმა 10000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 337-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მ. ქ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10000 ლარი.
მ. ქ–ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 23 სექტემბრიდან იმავე წლის 27 ოქტომბრამდე.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლამდე ვადით.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლისა და „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე მ. ქ. გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სასჯელებისაგან.
3. 2017 წლის 16 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ქ–ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტს გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით მ. ქ–ს მსჯავრდების შესახებ, განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. 2019 წლის 16 იანვარს მსჯავრდებულმა მ. ქ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ–მ საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მ. ქ–ს სრულად გამართლება. დაცვის მხარის მიერ უზენაეს სასამართლოში დამატებით შემოტანილი იქნა განცხადებები/საჩივრები: 2019 წლის 30 იანვარს (დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენისა და საკასაციო შესაგებლის თაობაზე); 2019 წლის 20 თებერვალს(შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ბრძანების თაობაზე) და 2020 წლის 25 თებერვალს(დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესახებ).
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ქ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა.
გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი მ. ქ–ს მიმართ.
მ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,ე” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 190-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 337-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში;
7. 2021 წლის 23 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. გ–მ და მოითხოვა 2020 წლის 23 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანების(მ. ქ–სათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ) უკანონოდ ცნობა თანმდევი სამართლებრივი შედეგებით და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება. კერძოდ:
მ. ქ–ს დას, ე. ქ–ს დაუბრუნდეს მის მიერ შეტანილი გირაოს თანხა 10 000 ლარი. ასევე მ. ქ–ს დას, ე. ქ–ს დაუბრუნდეს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მდებარე გ–ს რაიონის სოფელ ტ–ში. გ. ქ–ს დაუბრუნდეს კუთვნილი შპს „.......“ გ–ს ბაზის ქონება, რომელთაც 2007 წლის 27 ოქტომბერს დაედოთ ყადაღა ბრალდებულ მ. ქ–ს გირაოს უზრუნველსაყოფად.
8. განცხადებაში მითითებულია, რომ დაცვის მხარემ 2020 წლის 10 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განაჩენში არსებული ბუნდოვანების დაზუსტების და უზუსტობის გასწორების შესახებ, თუმცა პასუხი მიიღეს არა საქმის განმხილველი სასამართლოსგან, არამედ სამართლებრივი მხარდაჭერის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოსგან, სადაც მიეთითათ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს დაცვის მხარის მოთხოვნაზე, რაც დაუსაბუთებელი და გაუგებარია. მ. ქ–ს, როგორც საჩივრის ავტორის ინტერესი მოიცავდა ორ ძირითად ასპექტს: პირველი მდგომარეობდა მის მიმართ უკანონო განაჩენის გაუქმებაში და გამართლებულად ცნობაში, ხოლო მეორე ინტერესი - პირველის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, მისი და მასთან დაკავშირებული პირების ქონებრივი უფლებების აღდგენაში. ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა მ. ქ–ს პირველი მოთხოვნა და იგი გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში, საკასაციო სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი უმაღლესი ინსტიტუციის პოზიტიური ვალდებულებაა, ამავე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს გამართლებულის მიმართ, გამამტყუნებელი განაჩენის ფარგლებში და წინაპირობებში ჩადენილი ყველა უკანონობის აღმოფხვრის შესახებ. მ. ქ–ს პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, ისევე როგორც მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი. წარდგენილი ბრალდებები იყო პოლიტიკური სახის, ის პატიმრობაში დაექვემდებარა წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას, იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყნის ფარგლები, რის შემდეგაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ს-ში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ცნობილია პოლიტიკურ დევნილად. სადავო არ არის მ. ქ–ს პოლიტიკური დევნილის სტატუსი და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი სწორედ პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო გახდა იძულებული დაერღვია შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, რის შემდეგაც ს-ში მიენიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ცხადია არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომ გამამართლებელ განაჩენთან ერთად მოხდეს მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანების უკანონოდ ცნობა თანმდევი სამართლებრივი შედეგებით და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
9. საქართველოს საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ი) 310-ე და 3321-ე მუხლები ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავენ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს აქტების გადასინჯვის როგორც საფუძვლებს, ასევე გადასასინჯი სასამართლოს აქტების სახეს. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი და 3321-ე მუხლიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლოს განაჩენის და არა სხვა საპროცესო დოკუმენტის (მათ შორის ბრძანების, განჩინების) გადასინჯვის შესაძლებლობას, რასაც ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად მიეკუთვნება „პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას“. საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული განაჩენის გადასინჯვის სპეციალური საფუძველიც არ ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად ცნობილი მსჯავრდებულის მიმართ იგივე საქმის ფარგლებში განაჩენის გარდა სხვა საპროცესო დოკუმენტის (განჩინების, ბრძანების) გადასინჯვის შესაძლებლობა.
11. საქართველოს სსსკ-ის 310-ე და 3321-ე მუხლების იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა და უკანონოდ სცნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანება (მ. ქ–სათვის შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ), რომლის გადასინჯვა სცდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
12. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60-ე მუხლის და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე, დაცვის მხარეს უფლება აქვს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თუ მიიჩნევს რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე ან/და 3321-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული მისი უფლება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანების გაუქმების თაობაზე მ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით, 3321-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე