Facebook Twitter

საქმე # 160100120004174463

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №390აპ-21 ქ. თბილისი

ი. მ. 390აპ-21 1 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენზე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნინო პაპაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ მ. ი–სათვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განაჩენით მ. ი., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი.

მ. ი.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 10000 ლარი გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ა. ი–ს (პ/ნ ...........) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: დ–ს რაიონი, სოფელი ბ–ო, საკადასტრო კოდით: ...

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:10 საათზე, დ–ს რაიონის სოფელ ბ–ში, ს. მ–ს საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, კონფლიქტის დროს, მ. ი–მ ფიწალი ჯერ თავში ჩაარტყა ს. მ–ს, ხოლო შემდეგ ორჯერ - მარცხენა მკლავის არეში, რითაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის - ჯარიმის - შემცირებას 1000 ლარამდე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 12 ნოემბრიდან იმავე წლის 19 ნოემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 2100 ლარი.

მ. ი.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 10000 ლარი გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ა. ი–ს (პ/ნ .....) სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: დ–ს რაიონი, სოფელი ბ–ო, საკადასტრო კოდით: ...........

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ი–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშუალი, წარსულში არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ ცნო მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ი.ს მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებს და, ამდენად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო პაპაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილ

მ. ვასაძე