Facebook Twitter

საქმე # 140100120003747453

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №393აპ-21 ქ. თბილისი

გ. ზ. 393აპ-21 3 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ზ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. გ-ს - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის აპრილში, დღის საათებში, კ-ს რაიონის სოფელ ზ. ხ-ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა ზ. გ-მ, სრულიად უმიზეზოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. გ-ს, კერძოდ, ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი თავის არეში, რის შედეგადაც მ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 3 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, კ-ს რაიონის სოფელ ზ. ხ-ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალმა ზ. გ-მ, სრულიად უმიზეზოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ.გ-ს, კერძოდ, ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყის არეში, რის შედეგადაც მ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ზ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ზ. გ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ზ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. დაზარალებულმა მ. გ-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

9. 2020 წლის 3 მაისს ზ. გ-ს მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია მიაწოდა მხოლოდ დაზარალებულმა. ამასთან, გამოძიების ეტაპზევე, მომდევნო ჩვენებაში, უარყო მის მიმართ ძალადობის ფაქტები, ხოლო სასამართლოზე მან უარი თქვა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. 2020 წლის 3 მაისის ფიზიკურ ძალადობას არ ჰყავს თვითმხილველი მოწმე. ერთადერთი პირი, ვინც ირიბად ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, არის ს. ქ., რომელმაც აღნიშნულის შესახებ შეიტყო დაზარალებულისგან. ზ. გ-ს და მ. გ-ს შვილებისთვის კი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არაფერია ცნობილი. სხვა წერილობითი მტკიცებულებები გამომდინარეობს მხოლოდ დაზარალებულის თავდაპირველი ჩვენებიდან, სადაც იგი ამხელდა ზ. გ-ს ძალადობაში.

10. 2020 წლის აპრილში მ. გ-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტის ჩადენა არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით. ოჯახის წევრთა განმარტებით, მ. გ-ს არასდროს უთქვამს მათთვის ფიზიკური ძალადობის შესახებ მეუღლის მხრიდან. ამასთან, სსიპ „112-ში“ პირველადი შეტყობინების საფუძველი გახდა არა მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, არამედ - მ. გ-ს თხოვნა დახმარებოდნენ მას მეუღლის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანაში.

11. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე არ არსებობს გამამტუნებელი განაჩენის დადგენის კანონისმიერი საფუზველი.

12. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე