საქმე # 330100120003452432
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №395აპ-21 ქ. თბილისი
ს. გ., 395აპ-21 3 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
გამართლებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ვ. შესაგებლით ითხოვს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ს–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 13 იანვარს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ქ–ს შესახვევი, კორპუსი №.., ბინა №..-ში, გ. ს–მ შურისძიების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - გ. ს–ს და შვილს - გ. ს–ს. კერძოდ, გ. ს–ს მარჯვენა ხელი ძლიერად სამჯერ გაარტყა სახის არეში, მარცხენა ლოყაზე, რის შედეგადაც მ. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე შვილს, გ. ს–ს, თმაში მოკიდა ხელი და ძლიერად მოქაჩა. გ. ს–მაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრო მცირეწლოვანი ა. ს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენით გ. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით გ. ს–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გ. ს–ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, გ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
8. დაზარალებულებმა - მ. ს–მ და გ. ს–მ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის (მეუღლისა და მამის) წინააღმდეგ.
9. რაც შეეხება მოწმეების: ზ. ს–სა და ე. თ–ს ჩვენებებს, ისინი არის ირიბი ხასიათის, არცერთი მათგანი არ არის შემთხვევის თვითმხილველი და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულებისგან.
10. სამედიცინო ექსპერტიზის №........... დასკვნით დადგენილია, რომ გ. ს–ს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას (13.01.2020წ.) რაიმე მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებლის გადმოცემით: 2020 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 00:00 სთ-დან-01:00 სთ-მდე ინტერვალში, იმყოფებოდა სახლში ნასვამ მეუღლესა და ორ შვილთან ერთად, რა დროსაც მცირეწლოვანმა ბავშვმა მამას სთხოვა გარეთ გასასეირნებლად გაყვანა ველოსიპედით. გ. ს–ს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან, რადგან არ უნდოდა ნასვამს ბავშვი გარეთ გაეყვანა. აღნიშნულ ფაქტზე უფროსმა ქალიშვილმა გადარეკა პატრულში და მეუღლე დააკავეს.
11. სამედიცინო ექსპერტიზის №..... დასკვნით დადგენილია, რომ გ. ს–ს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას (13.01.2020წ.) რაიმე მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. შესამოწმებლის გადმოცემით: 2020 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათისათვის, ის და მისი მცირეწლოვანი და იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც სახლში დაბრუნდნენ მშობლები, მამა იყო ნასვამი, მოუნდა მცირეწლოვანი შვილის გარეთ გასეირნება ველოსიპედით, რაზედაც მეუღლემ უარი განუცხადა და არ მისცა ბავშვის გაყვანის უფლება. აღნიშნულზე ცოლ-ქმარი შელაპარაკდნენ, გ. ს. ცდილობდა მათ დაწყნარებას, გაშველებას და კარის გადაკეტვას, რომ მისი მცირეწლოვანი და არ გაეყვანა გარეთ ნასვამ მამას. სიტუაცია, რომ არ გამწვავებულიყო, დარეკა პატრულში და მოითხოვა დახმარება.
12. გ. ს–ს მიერ სსიპ 112-ისთვის შეტყობინების და შეტყობინების რეგისტრაციის ბარათთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს გ. ს–ს ჩვენებას, განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო.
13. რაც შეეხება კასატორის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, დაზარალებულმა მ. ს–მ მიუთითა ადგილები, სადაც მისმა მეუღლემ - გ. ს–მ მასა და მის შვილზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს (მათ შორის - როდესაც მხარეების მიერ უდავოდ არის ცნობილი), თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად განხორციელდა დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება, ვითარების აღდგენა და რაიმე მტკიცებულება აღნიშნული ექსპერიმენტის დროს არ ამოღებულა. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N315აპ-20; N49აპ-20; N679აპ-20). მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
15. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ს–ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
17. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე