საქმე # 330100118002440025
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №396აპ-21 ქ. თბილისი
გ. რ. 396აპ-21 2 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენით რ. გ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლით.
2. რ. გ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ი/მ „რ. გ.“ რეგისტრირებულ იქნა 2000 წლის 27 ივლისს და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი ..., რომლის იურიდიული მისამართია ქ. თ–ი, ბ–ს ქუჩა №.., ხოლო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარეკლამო მომსახურება. რ. გ.ს ევალებოდა ი/მ „რ. გ–ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, რ. გ–მ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით, არ დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად. მანვე, სრულად არ ასახა მიღებული შემოსავალი და სრულყოფილად არ წარადგინა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2012 წლის 11 დეკემბრის №..., 2013 წლის 24 იანვრის №....., 7 თებერვლის №....., 28 თებერვლის №..... და 20 ივნისის №.... ბრძანებების საფუძველზე, ჩატარდა ი/მ „რ. გ–ს“ (ს/ნ .........) სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგად, 2013 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2007 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში, ი/მ „რ. გ.ს“ დამატებით გადასახდელად სულ დაერიცხა 251 171 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 152 386 ლარი და ჯარიმა 98 785 ლარი.
2013 წლის 20 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, 2020 წლის 26 ივნისს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ................ს ბრძანება ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე 2013 წლის 27 ივნისს გამოიცა №...... საგადასახადო მოთხოვნა. რ. გ. 2013 წლის 27 ივნისის №..... „საგადასახადო მოთხოვნას“ ელექტრონულად გაეცნო 2013 წლის 29 ივნისს, რომელიც მის მიერ 2013 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, თუმცა 2013 წლის 13 აგვისტოს №..... ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნულის შემდგომ გადამხდელმა 2013 წლის 11 სექტემბერს საჩივრით მიმართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის სამსახურს, რომლის 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2014 წლის 10 მარტს რ. გ–მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელზეც მას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის განჩინებით ეთქვა უარი. რ. გ–მ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა ი/მ „რ. გ–ზე“ (ს/ნ .......) გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი და ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება, რითაც მან განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 152 386 ლარის გადახდას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა დ. მ–ს გამართლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ბ–მ. დაცვის მხარე ითხოვს რ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დ. ს–ს ჩვენება, წერილობითი მტკიცებულებები: აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 11 დეკემბრის ი/მ „რ. გ–ს“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ N.... ბრძანება, ი/მ „რ. გ–ს“ საგადასახადო შემოწმების 2013 წლის 20 ივნისის აქტი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 26 ივნისის N..... ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 27 ივნისის N..... საგადასახადო მოთხოვნა, დ. ს–ს 2013 წლის 6 აგვისტოს დასკვნა, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 15 აგვისტოს N..... საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 12 ოქტომბრის წერილი, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 27 ოქტომბრის წერილი, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბრის წერილი, შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 13 აგვისტოს N..... ბრძანება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის წერილი), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. გ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა კამერალური აქტის კანონთან შეუსაბამობა და შესაბამისად არ არსებობს მისი დაუშვებლად ცნობის ან არ გაზიარების საფუძველი. მითუფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ კამერალური აქტის დანართის თანახმად შემოწმება ჩატარდა თავად გადამხდელის - რ. გ–ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, ახსნა- განმარტებების, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით და გამოყენებული იქნა საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული ინფორმაცია(იხ.: სს საქმის ტ. 1, ფ. 8-48).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ს–ს (შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი) ჩვენება თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, რითაც დასტურდება, რომ 2007 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში რ. გ–მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
9. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ არ მიეცა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, შესაბამისი მასალების არ ქონის გამო, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საბუღალტრო დოკუმენტაცია გააჩნია როგორც მეწარმე სუბიექტს(მოცემულ შემთხვევაში რ. გ–ს), ასევე დაცვის მხარეს შეეძლო მოეძიებინა მსჯავრდებულის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი ყველა საჭირო დოკუმენტი რ. გ–ს, როგორც ინდმეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, სადაც ყველა შესაბამისი დოკუმენტის ატვირთვა ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დ. ს–ს ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ შემოწმებისას თავად რ. გ–მ წარადგინა შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საგადასახო ზედნადებები და საბანკო ანგარიშის ამონაწერები.
10. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 მაისის განაჩენი იგივე არგუმენტებით გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ვინაიდან კასატორის არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ახალი გარემოების ან ფაქტის შესახებ, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან შეფასებას; საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) და იმავდროულად არ არსებობს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერ საფუძველს.
11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე