ას-607-1259-03 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: საკრებულოს აქტის ბათილად ცნობა, ანდერძის ბათილად ცნობა, კომლის მეთაურად და მემკვიდრედ ცნობა.L
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 18 აპრილს ლ. ა-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. და ნ. ა-ების, წალენჯიხის რაიონის სოფ. ....... საკრებულოსა და სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ლ. ა-ას მიმართ მოსარჩელის მამის, ბ. ა-ას, მიერ 1998წ. 26 ივნისს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძისა და 1997 წელს ს. ....... საკრებულოს მიერ ლ. ა-ასთან შეუთანხმებლად მისი მამისეული კომლიდან ამოწერის ბათილად ცნობის, ასევე ბ. ა-ას კომლის მეთაურად და მის მემკვიდრედ ცნობის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, იგი დაბადებიდან ცხოვრობდა წალენჯიხის რაიონის სოფ. ......-ში და ირიცხებოდა ბ. ა-ას კომლის წევრად. წალენჯიხის რაიონის სოფ. ....... საკრებულომ 1997 წელს მასთან შეუთანხმებლად უკანონოდ ამოწერა კომლის წევრობიდან. მოსარჩელის აზრით, ნოტარიუსის, ლ. ა-ას, მიერ 1998წ. 26 ივნისს დამოწმებული ანდერძი, რომლითაც ბ. ა-ამ თავისი ქონება გადასცა თავის და-ძმას, შ. და ნ. ა-ებს, ყალბია, ვინაიდან ბ. ა-ა აღნიშნული ანდერძის შედგენისას, მძიმე ავადმყოფობის გამო, ქმედუუნარო იყო. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, სადავო ანდერძი ბათილი რომ არ ყოფილიყო, კომლში ბოლო წევრად დარჩებოდა ლ. ა-ა და მამის სამკვიდრო არ გაიხსნებოდა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ნოტარიუსმა ლ. ა-ამ განმარტა, რომ 1998წ. 26 ივნისს, სამუშაო დღის ბოლოს გამოიძახეს სადავო ანდერძის დასამოწმებლად რევმატიზმით დაავადებულ პირთან. მისი მითითებით, ბ. ა-ა საღად აზროვნებდა, პირადად წაიკითხა ანდერძი და ხელი მოაწერა. წალენჯიხის რაიონის სოფ. ....... საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, საკომლო წიგნების მონაცემთა განახლება ხდებოდა ყოველ 10-15 წელში. 1997 წელს ახალი საკომლო წიგნში კომლის წევრებად აღარ დაარეგისტრირეს პირები, რომლებიც წლების განმავლობაში კომლში არ ცხოვრობდნენ, მათ შორის ლ. ა-ა, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა დაბა ......-ში. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, კომლის წევრობით ლ. ა-ა დაინტერესდა მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ. შ. და ნ. ა-ების მითითებით, მათი ძმა, ბ. ა-ა, ფაქტობრივად განქორწინდა მეუღლესთან, რომელიც შვილებთან ერთად საცხოვრებლად დაბა ......-ში გადავიდა. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ბ. ა-ამ თავისი სახლი ააშენა შ. ა-ას დახმარებით და მშენებლობის დამთავრება ვერ შეძლო. იგი და-ძმასთან ცხოვრობდა და მისი გარდაცვალების ხარჯებიც მათ დაფარეს.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ წლების მანძილზე ბ. ა-ა იყო თავისი კომლის ერთადერთი წევრი და მოსარჩელეს მოთხოვნები დაუსაბუთებლად ჩათვალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1998წ. 26 ივნისს ბ. ა-ამ შეადგინა სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძი, რომლის თანახმად, წალენჯიხის რაიონის სოფ. ......-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მის კუთვნილ სხვა ქონებასთან ერთად დაუტოვა ნ. და შ. ა-ებს. 1999წ. 20 ივნისს ბ. ა-ა გარდაიცვალა.
დადგენილია ასევე, რომ 1967 წელს ბ. ა-ამ შეიძინა წალენჯიხის რაიონის დ. ......-ში საცხოვრებელი სახლი და იმავე რაიონის სოფ. ......-დან, მეუღლესთან და სამ ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ, მეუღლესთან ცუდი ურთიერთობის გამო, ისევ დაბრუნდა საცხოვრებლად სოფელში და და-ძმასთან, ნ. და შ. ა-ებთან ერთ ოჯახად დაბინავდა. მას გამოეყო მიწის ნაკვეთი, სადაც და-ძმის დახმარებით აიშენა საცხოვრებელი სახლი, მაგრამ ვინაიდან სახლი ვერ დაამთავრა, ის ძმის კომლში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ქალიშვილები ცხოვრობდნენ დედასთან ერთად. 1984 წელს მამასთან საცხოვრებლად გადმოვიდა ლ. ა-ა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მას ბ. ა-ას კომლში არ უცხოვრია, მიუხედავად იმისა, რომ 1996 წლიდან ის მუშაობდა სოფ. ....... ვეტუბნის გამგედ.
1997 წელს შემოიღეს ახალი საკომლო წიგნი, რომელშიც ბ. ა-ას ცოლ-შვილი არ იქნა დაფიქსირებული, ვინაიდან ისინი წლების განმავლობაში არ ცხოვრობდნენ მის კომლში. საკომლო წიგნების შევსება ამ დროისათვის ხდებოდა “საკომლო წიგნის ჩანაწერის შევსების შესახებ” საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 1996 წელს შემოღებულ “მითითებაში” ჩამოყალიბებული წესების მიხედვით. აღნიშნული კი ათეულ წლების განმავლობაში სხვაგან საცხოვრებლად გადასულ ოჯახის წევრების საკომლო წიგნში რეგისტრაციას არ ითვალისწინებდა. აღნიშნული “მითითება” კომლის წევრის ერთ წელზე მეტი ვადით კომლიდან წასვლის შემთხვევაშიც საკომლო წიგნში სათანადო დაფიქსირებას ითხოვდა. პალატამ გაიზიარა წალენჯიხის რაიონის სოფ. ....... საკრებულოს თავმჯდომარის განმარტება ზემოხსენებულთან დაკავშირებით.
საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულება ლ. ა-ას მამის კომლში ფიზიკურად ცხოვრების, მასთან ერთად მეურნეობით სარგებლობისა და საერთო ბიუჯეტის ქონის შესახებ აპელანტს არ წარმოუდგენია. აღნიშნულზე პრეტენზია მას არც სიტყვიერად დაუყენებია, შესაბამისად, ახალ საკომლო წიგნში 1997 წელს ბ. ა-ას კომლში ლ. ა-ას რეგისტრირების გარეშე დატოვების კანონდარღვევად ცნობისათვის საფუძველი არ არსებობს. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ფიზიკურად ბ. ა-ა თვითონაც ძმის, შ. ა-ას, კომლში ცხოვრობდა, ხოლო ლ. ა-ა ცხოვრობდა მუდმივად დაბა ......-ში და იქ იყო რეგისტრირებული.
სააპელაციო პალატამ მიუთითა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს 1996წ. 22 მარტის კანონზე, რომლის თანახმად, საკომლო მეურნეობა ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას წარმოადგენს, თუ საკომლო მეურნეობა ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაცაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი უნდა იყოს რეგისტრირებული, ასეთი წერილობითი მტკიცებულება ლ. ა-ას არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბ. ა-ას უფლება ჰქონდა მის საკუთრებაში აღრიცხული დანაშთი სამკვიდრო ქონება სურვილისამებრ ეანდერძა ნებისმიერი პირისათვის, მიუხედავად იმისა, ჰყავდა თუ არა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე და ცხოვრობდა თუ არა ეს მემკვიდრე მის კომლში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ლ. ა-ას არგუმენტი სადავო ანდერძის ბათილობაზე, აღნიშნულის საფუძვლად ლ. ა-ა ასახელებდა მოანდერძის არაქმედუნარიანობასა და ანდერძის კანონის დარღვევით შედგენას. პალატის აზრით, ანდერძის დატოვების დროისათვის, მოანდერძე ბ. ა-ას ქმედუნარიანობა, მხარეთა ახსნა-განმარტებების გარდა, დადასტურებულია სიკვდილის შემდგომ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო რაც შეეხება ანდერძის კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენასა და ნოტარიუსის მიერ დამოწმებას, აღნიშნული დაადგინა რაიონულმა სასამართლომ, რაც სსკ-ის 382-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლომ გაიზიარა. სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ როგორც ანდერძზე, ისე სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერები ეკუთვნის ბ. ა-ას.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 1409-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1320-ე მუხლით და ლ. ა-ას სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად. ვინაიდან, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ლ. ა-ას ანდერძის ბათილად ცნობაზე სასამართლოსათვის სარჩელით უნდა მიემართა არა უგვიანეს 2000წ. 20 თებერვლისა, მან კი სარჩელი აღძრა 2000წ. 18 აპრილს, სასარჩელო ვადის დარღვევის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-ამ და მოითხოვა: მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯების სახით, 2000 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მისი უცვლელად დატოვება, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად. ასევე ამავე საქმეზე მიღებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. ლ. ა-ას აზრით, “საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე და 26-ე მუხლების თანახმად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 1323-ე მუხლით, ვინაიდან ლ. ა-ა წარმოადგენდა მამის კომლის წევრს, ბ. ა-ას ანდერძის კანონიერების შემთხვევაშიც სამკვიდრო არ უნდა გახსნილიყო. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” 1996წ. 22 მარტის კანონი, რომლის მიხედვით, საკომლო მეურნეობა წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას. ლ. ა-ამ მიიჩნია, რომ წალენჯიხის რაიონის სოფ. ....... საკრებულოს თავმჯდომარემ იგი უკანონოდ ამოწერა ბ. ა-ას კომლიდან, რადგან მოცემულ შემთხვევაში საჭირო იყო კომლის მეთაურის განცხადება, ამასთან საკრებულოს თავმჯდომარეს კასატორისათვის უნდა მიეცა არჩევანის უფლება, იცხოვრებდა ის სოფ. ......-ში, თუ დაბა ......-ში, რაც არ განხორციელებულა.
ბ. ა-ას მიერ შედგენილი სადავო ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ ლ. ა-ას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით კასატორმა განმარტა, რომ ბ. ა-ა გარდაიცვალა არა 1998წ., არამედ 1999წ. 20 თებერვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცულია სკ-ის 1409-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ მისი შუამდგომლობით დანიშნა გრაფიკული ექსპერტიზა ბ. ა-ას სადავო ანდერძზე შესრულებული ხელმოწერისა და სანოტარო სარეგისტრაციო წიგნში დოკუმენტის მიმღები პირის გრაფაში გაკეთებული ხელმოწერის იდენტურობის გამოსაკვლევად. ექსპერტს ეთხოვა, რომ გამოკვლევა ეწარმოებინა ადგილზე, წალენჯიხის რაიონში, რაც ავტორის მითითებით სასამართლოს მხრიდან აშკარა დაინტერესების გამოხატვას წარმოადგენდა. ლ. ა-ა არ დაეთანხმა გასაჩივრებულ განჩინებაში არსებულ მითითებას იმის შესახებ, რომ ექსპერტის ადგილზე, სანოტარო ბიუროში მიყვანა მოსარჩელე მხარემ თავად არ უზრუნველყო, ვინაიდან ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 2003წ. 8 იანვრის განჩინებას მოსარჩელისათვის ზემოხსენებულის უზრუნველყოფა არ დაუვალებია. კასატორის აზრით, ექსპერტმა დასმულ კითხვას პასუხი ვერ გასცა იმის გამო, რომ მას ხელთ ჰქონდა სანოტარო რეგისტრაციის ჟურნალის ქსეროასლი და არა დედანი. ამასთან, 2003წ. 11 ივლისს სასამართლო სხდომაზე უკანონოდ ეთქვა უარი კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობას ამავე საკითხზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებაზე. კასატორის განმარტებით, მისთვის გაუგებარი დარჩა, თუ რის გამო ვერ ჩატარდა გრაფიკული ექსპერტიზა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ლ. ა-ას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს წალენჯიხის რაიონის სოფ. ....... საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილობა, რაზედაც მოპასუხედ მითითებულია წალენჯიხის რაიონის სოფ. ....... საკრებულო.
საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სოფ. ....... გამგებელმა 1997 წელს ახალ საკომლო წიგნში არ მოახდინა ბ. ა-ას ცოლ-შვილის, მათ შორის ლ. ა-ას რეგისტრაცია, რაც კანონიერად მიიჩნია დავის განმხილველმა სასამართლომაც.
ლ. ა-ა, როგორც სასარჩელო განცხადებაში, ასევე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში სადავოდ ხდის და უკანონოდ მიიჩნევს წალენჯიხის რაიონის სოფ. ....... საკრებულოს მოქმედებას ლ. ა-ას კომლში რეგისტრაციის გარეშე დატოვების თაობაზე.
ლ. ა-ას სადავოდ ქცეული უფლება სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ საქმეთა რიგს არ მიეკუთვნება და იგი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებით. მოცემულ შემთხვევაში ლ. ა-ა უკანონოდ მიიჩნევს სოფ. ....... საკრებულოს ქმედებას და ითხოვს ამ ქმედების აღკვეთას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს. გასაჩივრებული განჩინება კი გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნობით.
აღნიშნულით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლით დადგენილია საოლქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების შექმნის, მოსამართლის სხვა სასამართლო კოლეგიაში ან პალატაში საქმის განხილვაში მონაწილეობის წესი. მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ აღნიშნული წესის დარღვევით განიხილა არაგანსჯადი საქმე, რითაც საქმე განხილულ იქნა სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ. აღნიშნული სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს განსჯად სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს,
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის განჩინებები ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე და ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, იმავე სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.