Facebook Twitter

საქმე # 010141221004306646

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4001-21 16 სექტემბერი, 2021 წელი

დ. გ., 4001-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით გ. დ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდგომში - სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა - 3000 ლარი;

- საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა - 3000 ლარი.

- გ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლზე (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაცია);

გ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. დ.ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10 000 ლარი. ხოლო საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილით დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა - 6 000 ლარი.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენში:

- გ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3000 ლარი;

- საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით(2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაცია) ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მე-6 ნაწილით გ. დ. გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის - 10 000 ლარის გადახდისაგან.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 6000 ლარი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 8 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი დავითაშვილის საკასაციო საჩივარი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით:

- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

- გ. დ–ს 2012 წლის 28 დეკემბერს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცრიდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

შემცირებული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. დ–ს მოსახდელად განესაზღვრა - 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. 2021 წლის 25 იანვარს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. დ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. დ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით(2006 წლის რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში - ძირითად სასჯელზე, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის - 6 000 ლარის გადახდისაგან(ჯარიმის აღსრულების ნაწილში) გათავისუფლდა სრულად.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

8. მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მ საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და მსჯავრდებულ გ. დ–ს მიმართ ამნისტიის სრულად გავრცელება.

9. მსჯავრდებულ გ. დ–ს სასამართლო წარმოების მასალები, სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 7 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას მსჯავრდებულ გ. დ–ს მიმართ და დამატებით აღნიშნავს:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია."

4. გ. დ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

5. სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ნაწილით ან ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, ხოლო გ. დ. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევია თაღლითობისათვის, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისათვის მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

6. დღეს მოქმედი რედაქციით გ. დ–ს ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს - თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია(ეხება ამნისტია) და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს - თაღლითობა არაერთგზის(არ ეხება ამნისტია). სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში გ. დ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად, მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რისთვისაც განაჩენით განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი. კერძოდ, გ. დ–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

7. ამასთან, რადგან გ. დ. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით(„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით ეხება ამნისტია) დანიშნული ძირითადი სასჯელის ჯარიმა - 10 000 ლარის მოხდისაგან გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით სასამართლო მასზე არ იმსჯელებს. რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით ამავე განაჩენით, დანიშნულ ჯარიმას - 6000 ლარს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით გ. დ. სწორად გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჯარიმის გადახდისაგან სრულად, ვინაიდან ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე