Facebook Twitter

საქმე # 110141121004283138

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4011-21 16 სექტემბერი, 2021 წელი

ჯ. დ., 4011-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ჯ–ს საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განაჩენით დ. ჯ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდგომში - სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 3 წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დ. ჯ–ს(დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან 3 წელი განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი.

- დ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 10 ოქტომბრიდან.

2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ჯ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ჯ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

დ. ჯ. გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ჯ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულმა დ. ჯ.მ საჩივრით ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების ნაწილშიც.

6. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს სასამართლო წარმოების მასალები პირად საქმესთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 7 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებას მსჯავრდებულ დ. ჯ–ს მიმართ და დამატებით აღნიშნავს:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 1​1 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. დ. ჯ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ეხება ამნისტია) და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია).

5. საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ ბ. ც–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ასევე განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს), სადაც მითითებულია, რომ ბ. ც–ს დ. ჯ–ს მიმართ არ აქვს არანაირი პრეტენზია და სურს მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი. შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით დ. ჯ. სწორად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

6. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ ვრცელდება "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს საჩივარი.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ჯ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე