Facebook Twitter

საქმე # 330802221004871047

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№402I-21 ქ. თბილისი

ე. ჰ., 402I-21 16 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ე–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჰ. ე–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

თურქეთის რესპუბლიკის ქ. ნევშეჰირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენით, ჰ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს სხეულში შეყვანით, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია) და 109-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის და 2 თვის და 3 წლის, 1 თვის და 15 დღის ვადით.

2017 წლის 20 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მე-14 სისხლის სამართლის პალატის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

თურქეთის რესპუბლიკის ქ. ნევშეჰირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, ჰ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის, 3 თვის და 15 დღის ვადით.

2021 წლის 5 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ნევშეჰირის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. ე–ს დაკავების შესახებ ბრძანება.

2021 წლის 27 იანვარს ჰ. ე–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ჰ. ე–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2021 წლის 15 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ჰ. ე–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2021 წლის 20 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ჰ. ე.

2021 წლის 21 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჰ. ე–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

ჰ. ე. მოთავსდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2021 წლის 15 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ე–ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 20 ივლისიდან 2021 წლის 20 ოქტომბრამდე.

2021 წლის 28 აპრილს საქართველოს გენერალური პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ჰ. ე–ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა 2021 წლის 24 მაისს.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ჰ. ე–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის მარტში, თ–ს რესპუბლიკის ქ. ნ–ში, ჰ. ე–მ, სკოლიდან მომავალი არასრულწლოვანი ს.ს. (დაბ. .....) ავტომანქანით წაიყვანა ბინაში, რის შემდეგაც თავისუფლება აღუკვეთა და ამ უკანასკნელის სურვილის საწინააღმდეგოდ, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. გარდა ამისა, 2012 წლის აგვისტოში, ჰ. ე–მ დაზარალებული კვლავ წაიყვანა ბინაში, აღუკვეთა თავისუფლება და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება.

4. 2021 წლის 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ჰ. ე–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ნევშეჰირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს სხეულში შეყვანით, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია) და 109-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის - დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ე–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ნევშეჰირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს სხეულში შეყვანით, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია) და 109-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ე–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ჰ. ე–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას; ამასთან, უთითებს, რომ ჰ. ე. თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის დანაშაული, რომლის ჩადენასაც ედავება თურქეთის რესპუბლიკის სასამართლო არ ჩაუდენია, ამიტომ იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და საცხოვრებლად გადმოსულიყო ს–ში.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა - დემეტრე ჯინჯოლიამ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა ჰ. ე–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no. 21447/11, 35839/11, §65 66; ECtHR, 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 20 აპრილს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჰ. ე. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ჰ. ე. არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

6. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 29 ივნისს ჰ. ე–ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. ჰ. ე–მ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საჩივრის განხილვა.

8. ჰ. ე–ს მიერ განხორციელებული ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს სხეულში შეყვანით,რამაც დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას უვადოდ და 109-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, სასჯელის 1.5 ოდენობით გაზრდის შესაძლებლობით. ამასთან, აღნიშნული დანაშაულებისათვის ჰ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის და 2 თვის და 3 წლის, 1 თვის და 15 დღის ვადით.

9. ჰ. ე–ს მიერ ჩადენილი ქმედებები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით და ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით.

10. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ჰ. ე. მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება მძიმე დანაშულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ჰ. ე–ს მიმართ განაჩენი გამოტანილი იქნა 2016 წლის 16 აგვისტოს, ხოლო 2021 წლის 5 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ნევშეჰირის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. ე–ს დაკავების შესახებ ბრძანება. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არცერთ დანაშაულთან მიმართებით გასული არ არის.

11. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

12. დაცვის მხარის მტკიცებით დაუშვებელია ჰ. ე–ს ექსტრადიცია ვინაიდან არ არის დასრულებული სამართალწარმოება მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე (ჰ. ე–მ 2021 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2021 წლის 29 ივნისის უარი მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე).

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის სფეროში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა ხელს არ უშლის. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულდეს „ლტოლვილის სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

14. კასატორის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის მტკიცებას შეეხება, პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ. იხ. საქმე №2I-17, №2I-20).

15. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის კონკრეტული უფლებების დარღვევის შესაძლო საფრთხეზე, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არც კონკრეტული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც ჰ. ე–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

17. საქართველოს პროკურატურამ ჰ. ე–ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com). ჰ. ე–ს მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში. ამასთან, არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ჰ. ე. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.

18. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ჰ. ე–მ სასჯელის მოხდას თავი აარიდა და „არ ივიწყებს ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no140/10, § 11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჰ. ე–ს განმარტებით ს–ში ცხოვრობს მისი მეუღლე მ–ა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და რომელთანაც 2016 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. მისივე განმარტებით, მისი დაკავების შემდგომ, ისინი აღარ ეწევიან თანაცხოვრებას, თუმცა ოფიციალურად განქორწინებული არ არიან. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოცემული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზებში ჰ. ე–ს ქორწინების შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება, ხოლო დაცვის მხარეს ქორწინების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

20. საექსტრადიციო მასალების თანახმად ჰ. ე–ს ექსტრადიცია მოთხოვნილია ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის; არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ე–ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლი და შესაბამისად, არ არსებობს ჰ. ე–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

21. დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ჰ. ე–ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ჰ. ე–ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ე. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ე–ს (H. E.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ნევშეჰირის მძიმე დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეთა N1 სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენში აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ორგანოს სხეულში შეყვანით, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია) და 109-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილით (თავისუფლების შეზღუდვა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური კავშირის დამყარების მიზნით) კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ე–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე