Facebook Twitter

საქმე # 330802221005012002

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№403I-21 ქ. თბილისი

ო. ჰ., 403I-21 23 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ო.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

ü 2012 წლის 24 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ჰ-ს სისხლის სამართლის საქმეთა პირველი უმაღლესი სასამართლოს განაჩენით ჰ. ო., - დაბადებული 19.. წლის 15 მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) და საბოლოოდ მიესაჯა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ü ზემოაღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა2016 წლის 6 იანვარს.

ü 2016 წლის 14 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ჰ.-ს რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. ო.ს დაკავების ბრძანება.

ü 2021 წლის 23 მარტიდან ჰ. ო. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

ü 2021 წლის 24 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ო..

ü 2021 წლის 26 აპრილს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ. ო.ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.

ü 2021 წლის 27 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჰ. ო.ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

ü 2021 წლის 13 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ჰ. ო.ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2021 წლის 3 ივნისს.

ü 2021 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ო.ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 24 ოქტომბრამდე.

ü ჰ. ო. ამჟამად მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №... პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ü 2007 წლის 1 იანვარს ქ. ჰ-ში 16 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაზარალებული - ს. ე., რომელსაც ჰქონდა სხვა პირთათვის აღქმადი ფსიქიკური პრობლემები და აღნიშნულის გამო იყო უმწეო მდგომარეობაში, ქუჩაში გადაადგილდებოდა დასთან ერთად, რა დროსაც ს. ე. წაიქცა და თავის არეში მიიღო დაზიანება. თითქოს დახმარების მოტივით, მ. ი-მ დაზარალებული მოათავსა თავის მოტოციკლზე და წაიყვანა უკაცრიელ ადგილას, სადაც დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი და დატოვა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან. აღნიშნულ ადგილას დაზარალებული დაინახეს ჰ. ო.მ და ჯ. ჯ.-მ, აიძულეს იგი, ჩამჯდარიყო მათ ავტომობილში და წაიყვანეს უკაცრიელ ადგილას, სადაც ჰ. ო.მ და ჯ. ჯ-მა გააუპატიურეს იგი ავტომობილში. შემდეგ დაზარალებული მიიყვანეს ერთ-ერთ ყავის სახლში, სადაც ო. ბ-მა და ბ. ქ-მ მანქანაში მყოფი დაზარალებული წაიყვანეს უკაცრიელ ადგილას და გააუპატიურეს, რის შემდგომაც ა. ქ-მა ჰ. ო.ს სთხოვა, დაზარალებულთან ერთად მიეყვანა ჰ. დ-ს საცხოვრებელ სახლში. იქ მისვლის შემდეგ ა. ქ-მ ჰ. დ-ს დაატოვებინა სახლი, ხოლო თვითონ გააუპატიურა დაზარალებული, რომელიც დილით მიიყვანა ავტობუსის გაჩერებაზე და იქ დატოვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის, თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ო.ს (H. O.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ჰ-ს სისხლის სამართლის საქმეთა პირველი უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში).

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ო.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.

6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ო.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. დაცის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ჰ. ო.ს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი უსამართლობის მსხვერპლია; ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ჰ. ო.ს მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი ფიზიკური განადგურების საფრთხე; ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ჰ. ო.ს პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ვინაიდან იგი მოინათლა ქრისტიანულად და დაქორწინდა საქართველოს მოქალაქე - თამუნა ბერიძეზე.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ჰ. ო. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 24 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ჰ. ო.ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის საფუძვლით ექსტრადიციის დაუშვებლობის საკითხი სამართლიანი განხილვის უფლების კონტექსტში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას, კერძოდ: თუ პირის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და ის აშკარად დაუსაბუთებელია; ბრალდება აშკარად სცილდება სისხლის სამართლის ჩარჩოებსა და მიზნებს ან/და კანონის აშკარად განუჭვრეტად განმარტებას ეყრდნობა და ბრალდების მოტივაცია აშკარად არასათანადოა. ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების დასაშვებობისა და სარწმუნოობის შეფასებისა და ბრალდების შინაარსობრივი დასაბუთებულობის ხარისხი, თუ სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე არ აღწევს აშკარა არაგონივრულობის ან უკანონობის ზღვარს, არ ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დაცვის სფეროში. განსახილველ შემთხვევაში ასეთი მოცემულობა არ იკვეთება.

6. საგულისხმოა, რომ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი ნორმები არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობაზე, ვინაიდან იმ პირის ბრალეულობა, ვის მიმართაც წარმოდგენილია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას (იხ.: mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის 354I-21 განჩინება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4).

7. დაცვის მხარის მითითებაზე, რომ ჰ. ო.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი ფიზიკურად განადგურების საფრთხე, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ.: Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 6378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.

8. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (იხ.: K. v Russia, no 69235/11, § 66, ECtHR, 23/05/2011). ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ.: H.L.R. v. France, no. 24573/94, § 41, ECtHR, 29/04/1997), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (იხ.: T.K. and S.R. v. Russia, no. 28492/15, 49975/15, §79, 19/11/2019; Sufi and Elmi v. the United Kingdom, no. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება გაცხადებულ საფრთხესთან დაკავშირებით და ვერც თავისი ვარაუდი დაასაბუთა, რომელიც ექსტრადიციის შემთხვევაში უფლებების დარღვევის რისკებზე მიუთითებდა ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ჰ. ო.ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. თავის მხრივ, ვერც ბრალდების მხარემ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც არსებითი საფუძველი გახდებოდა ვარაუდისათვის, რომ ჰ. ო.ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე.

10. ამასთან, მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (იხ.: Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ო.ს არასათანადოდ მოეპყრობიან.

11. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (იხ.: King v. The United Kingdom, no. 9742/07, §29, ECHR; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (იხ.: Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, ECHR). საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში ოჯახური ცხოვრების უფლების შეზღუდვა პროპორციულია დასახული კანონიერი მიზნის მისაღწევად, კერძოდ, ჰ. ო. მსჯავრდებულია არასრულწლოვნის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში და ცალსახაა, რომ მის მიმართ მართლმსაჯულების ჯეროვანი აღსრულების ინტერესი არსებითად მომეტებულია. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოა და ორ ქვეყანას შორის მოქმედი უვიზო რეჟიმის მხედველობაში მიღებით, ჰ. ო.ს მეუღლეს, რომელსაც აქვს თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების გამოცდილება, ექნება შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მოინახულოს ჰ. ო.. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ო.ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ო.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი