საქმე # 330802221005015685
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№405I-21 ქ. თბილისი
ე. თ., 405I-21 27 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ე.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2020 წლის 27 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის თ-ს მთავარმა პროკურატურამ თ. ე.ს მიმართ გამოიტანა საბრალდებო აქტი, რომლის მიხედვითაც, თ. ე.ს ბრალად დაედო თურქეთის რესპუბლიკის 5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
1.2. 2020 წლის 29 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის მარმარაერეღლისის სისხლის სამართლის იურისდიქციის სამშვიდობო სასამართლომ გამოსცა თ. ე.ს დაკავების ბრძანება.
1.3. 2020 წლის 18 ნოემბრიდან თ. ე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2018 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ს პროვინციაში, თ. ე.მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ესროლა გ. ა-ს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. თ. ე.მ გ. ა-ს მოკვლის შემდეგ მისი გვამი ავტომობილით გადაიტანა თ-ს პროვინციაში მდებარე თავისივე მფლობელობაში არსებულ ღამის კლუბში, თავის მეგობრებს - ნ. კ-ს და ა. ა-ს გაათხრევინა ორმო სანაპიროს ტერიტორიაზე, სადაც მან და მისმა თანამზრახველებმა დაწვეს გარდაცვლილის გვამი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - დამარხეს წინასწარ გამზადებულ ადგილას. მომდევნო დღეს თ. ე. დაუკავშირდა თავის თანამზრახველებს, მათ შორის - ჩ. ქ-ს, რომელთა დახმარებითაც გვამის დამარხული ნაწილები ამოთხარეს, მოათავსეს ტომარაში, ავტომობილით გადაიტანეს და დამარხეს სხვა ადგილას.
3. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
3.1. 2021 წლის 21 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თ. ე..
3.2. 2021 წლის 23 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით თ. ე.ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით გაგრძელდა - 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 21 ნოემბრამდე.
3.3. 2021 წლის 14 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა თ. ე.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებულ მასალებში.
3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ, თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი თ. ე.ს (Turan Eroglu) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თ. ე.ს ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2021 წლის 3 ივნისის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა).
4. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ე.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და თ. ე.ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ე.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
7. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა წერილობით წარმოადგინეს თავიანთი პოზიციები საკასაციო საჩივართან მიმართებით. ერთი მხრივ, ბრალდების მხარემ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვება, ხოლო, მეორე მხრივ, დაცვის მხარემ იშუამდგომლა თ. ე.ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა მხარეების პოზიციები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და თ. ე.ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: თ. ე.ს თურქეთში ემუქრება შურისძიების მოტივით სიცოცხლის მოსპობა, რის შესახებაც, მისი ოჯახის წევრებს არაერთხელ მიუღიათ მუქარის წერილები; თ. ე.მ საქართველოში ითხოვა თავშესაფარი, ვინაიდან წარმოშობით არის ქურთი და მას ეთნიკურად სდევნიან თურქეთის რესპუბლიკაში; პროკურორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო იძლევა გარანტიას, რომ თ. ე.ს მიეცემა მისი საქმის ხელახლა განხილვის უფლება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვის უფლება და უსაფრთხოება.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - თ. ე. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 21 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ თ. ე.ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თ. ე.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს შურისძიების მოტივით მისი ფიზიკურად განადგურების რეალური საფრთხე, რომლის დასტურად წარმოდგენილია თ. ე.ს მეუღლის 2021 წლის 18 აგვისტოს საჩივარი/განცხადება, მასზე ანონიმური მუქარის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დაცვის მხარის მტკიცების დაშვების შემთხვევაშიც კი, დაუსაბუთებელია ეჭვი, რომ სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თ. ე.ს სათანადო დაცვას. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ თ. ე. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით თ. ე.ს 2020 წლის 18 დეკემბერს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თ. ე.მ გაასაჩივრა სასამართლოში, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი. ხსენებულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა, არსებული კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი ექსტრადიციაზე ვერ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.
7. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე. მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ.: Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Jano.usek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება, გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც თ. ე.ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - თ. ე.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი