ას-615-1278-03 9 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ჩ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ 2002წ. 27 ოქტომბერს ტელეკომპანია ...-მა” გადაცემაში “...ი”, რომლის ავტორია ა. გ-ი, მის შესახებ გაავრცელა სინამდვილის შეუსაბამო, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები.
მოსარჩელემ მოითხოვა:
1. დაევალოს მოპასუხეებს – ტელეკომპანია “...-ს”, ა. გ-სა და ა. მ-ეს გადაცემა “...ის” მეშვეობით უარყონ მათ მიერ ამავე გადაცემის მეშვეობით 2002წ. 27 ოქტომბერსა და 24 ნოემბერს ა. ჩ-ის შესახებ გავრცელებული სინამდვილის შეუსაბამო ცნობები.
2. მოპასუხეებს – ტელეკომპანია “...-ს”, ა. გ-სა და ა. მ-ეს მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ სოლიდარულად დაეკისროთ ერთი მილიონი ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
მოპასუხეებს – შპს სამაუწყებლო კომპანია “...-ს”, ა. გ-სა და ა. მ-ეს დაევალათ, გადაცემა “...ის” მეშვეობით უარყონ მათ მიერ ამავე გადაცემის მეშვეობით 2002წ. 27 ოქტომბერსა და 24 ნოემბერს გავრცელებული ცნობები.
შპს სამაუწყებლო კომპანია “...-ს”, ა. გ-სა და ა. მ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 1000000 ლარის გადახდა ა. ჩ-ის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს სამაუწყებლო კომპანია “...-მა” და ა. გ-მა.
სასამართლო სხდომაზე ა. ჩ-ის წარმომადგენელმა ა. კ-მა უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ა.ჩ-ის წარმომადგენლის, ა.კ-ის, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 272-ე მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სასამართლო სხდომაზე ა.ჩ-ის წარმომადგენელმა ა.კ-მა უარი განაცხადა სარჩელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.
მხარეებისათვის ცნობილია საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული შედეგები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 49-ე, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ჩ-ის წარმომადგენლის ა. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
შპს სამაუწყებლო კომპანია “...-ს” და ა. გ-ს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 2500 ლარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 (კოდი 59) ანგარიშიდან. გადახდილი ბაჟის ნაწილი – 2500 ლარი დაეკისროს ა. ჩ-ს კასატორების სასარგებლოდ.
სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.