Facebook Twitter

ას-62-368-04 21 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 23 თებერვლის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება და დამტკიცდა მხარეების _ ნ. ს.-სა და ი. კ.-ს შორის მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: „ი. კ.-ე უახლოესი ხუთი თვის განმავლობაში შეუძენს ერთოთახიან იზოლირებულ ბინას ლ. კ.-ს, თავისი ძმის შვილიშვილს. ბინა ტერიტორიულად განთავსებული იქნება ქ.ქუთაისში, პიონერთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქნება არა უმეტეს მეხუთე სართულისა ცხრასართულიან სახლში და არა უმაღლეს მეოთხე სართულისა და ხუთსართულიან სახლში“.

2003წ. 2 აპრილს ნ. ს.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. კ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 3000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 316-ე, 317-ე და 409-ე მუხლები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, კერძოდ, მან შეიძინა შესაბამისი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ქუთაისში, ..., რის შესახებაც შეატყობინა მოსარჩელეს, დაეთვალიერებინა იგი, მაგრამ მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ, აღნიშნული ბინის გასაღები გადასცა სასამართლო აღმასრულებელს _ გ. ჭ.-ს. ამ უკანასკნელმა ბინის გასაღები გადასცა ნ. ს.-ს, მაგრამ მან გასაღები დააბრუნა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს მიერ მორიგების აქტი არ იქნა მიჩნეული ვალდებულების წარმომშობ სახელშეკრულებო ურთიერთობად და სასამართლოს გზით ახალი მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლად. სასამართლომ მიუთითა, რომ მორიგების აქტით მხარეებს ალტერნატიული ფულადი ანაზღაურების ვალდებულება არ დაუდგენიათ, რის გამოც თანხის გადახდის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო პალატამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან იგი გამოტანილი იყო საპროცესო ნორმების დარღვევით, აგრეთვე, არ იყო გამოყენებული არც ერთი მატერიალური სამართლის ნორმა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო რომ მოპასუხემ მორიგების აქტის შესაბამისად, შეიძინა ერთოთახიანი ბინა მდებარე ქ.ქუთაისში, ... ქ. ¹58/38-ში. ქუთაისის მერიის მუნიციპალური მართვის სამსახურის ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მითითებული ბინა (16 კვ.მ.) კეთილმოწყობილია და მდებარეობს ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულზე.

სასამართლო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ ბინა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ბინა არ იყო კეთილმოწყობილი, რადგან მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობები არ შეიცავდა ვალდებულებას კეთილმოწყობილი ბინის შეძენის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ი.კ.-ის მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია, მოსარჩელე კი უარს აცხადებს ამ შესრულების მიღებაზე. ასევე, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მოპასუხემ მორიგების აქტით გათვალისწინებულ ხუთთვიან ვადაში არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც 2001წ. 23 თებერვლის განჩინება მიქცეულ იქნა იძულებით აღსასრულებლად, მაგრამ სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოება არ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, რადგან აღნიშნულის გამო მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ არის დადასტურებული.

სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 319-ე, 50-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე მუხლები, სსკ-ის მე-4, მე-3, 102-ე, 103-ე, მე-10 მუხლები და 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნ. ს.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს.-მ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, 409-ე, 380-ე მუხლები, სასამართლოს მიერ დარღვულია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მორიგების აქტის შესაბამისად, მოპასუხემ შეუძინა ერთოთახიანი ბინა ლ.კ.-ს, მაგრამ მოსარჩელემ ბინა არ მიიღო. ასევე დადგენილია, რომ მორიგების აქტით შესაძენი ბინის ხარისხი დაწვრილებით არ არის განსაზღვრული.

სკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია, შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.

აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ ხარისხი არ არის დაწვრილებით განსაზღვრული, კრედიტორი ვერ მოითხოვს მაღალი ხარისხის ნივთის გადაცემას და, შესაბამისად, მოვალეც ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ გადასცეს ხარისხზე დაბალი ნივთი. საშუალო ხარისხში იგულისხმება ისეთი ნივთი, რომელიც ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის (სსკ-ის 488-ე მუხლის I ნაწ.).

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო ბინა ვარგისია საცხოვრებლად, ხოლო მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ ბინა ჩვეულებრივი სარგებლობისათვის უვარგისია. სადავო ბინის ჩვეულებრივი სარგებლობისათვის უვარგისოლა მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დადგენილი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

კასატორი ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს, რომ გარიგების დადების დროს მან დათმო სამკვიდრო ქონება, რაც მისთვის ღირებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოპასუხე შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას. ვინაიდან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია, იგი სკ-ის 408-ე და 409-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას 3000 აშშ დოლარის ოდენობით.

საკასაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, რადგან, ჯერ ერთი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ დათმო 3000 აშშ დოლარის ღირებულების სამკვიდრო ქონება და მეორეც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე შეუძენდა მოსარჩელის შვილს ერთოთახიან ბინას, რაც მოპასუხემ შეასრულა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია შესრულებული ვალდებულების ანუ ნაყიდი ბინის ნაკლის აღმოფხვრა (თუკი ასეთი დადასტურდებოდა). მოსარჩელე ბინის ნაცვლად მოითხოვს თანხის გადახდას, მორიგების პირობებით კი თანხის გადახდა არ არის გათვალისწინებული სკ-ის 408-409-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოსარჩელეს შეეძლო იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე დაადასტურებდა, რომ სადავო ბინა გამოუსადეგარია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის და ამ ნაკლის აღმოფხვრა შეუძლებელია. აღნიშნული კი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.