Facebook Twitter

საქმე # 330141221004818886

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№4161-21 28 სექტემბერი, 2021 წელი

მ. ს., 4161-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ს. მ–სა და ზ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენით:

- ს. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ს. მ–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.

ს. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულებიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 23 ოქტომბრიდან - 2013 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

- ზ. ზ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ცნობილ იქნა დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახით განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ზ. ზ–ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.

ზ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2013 წლის 23 ოქტომბრიდან - 2013 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

2. 2021 წლის 6 ივლისს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო კეპულაძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ს. მ–ს და ზ. ზ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების - ს. მ–სა და ზ. ზ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულების ს. მ–ს და ზ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

5. მსჯავრდებულების - ს. მ–სა და ზ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმება და ს. მ–სა და ზ. ზ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

6. მსჯავრდებულების - ს. მ–სა და ზ. ზ–ს სასამართლო წარმოების მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 23 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულების - ს. მ–სა და ზ. ზ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. ს. მ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია), მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია) და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ეხება ამნისტია) და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი.

5. ზ. ზ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის“ბ“ ქვეპუნქტით (არ ეხება ამნისტია) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით(არ ეხება ამნისტია) და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ეხება ამნისტია) და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებელმა დანაშაულთა შემადგენლობები განსაზღვრა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში ს. მ–სა და ზ. ზ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად, მოიცავს იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რისთვისაც განაჩენით განსაზღვრული აქვთ ერთიანი სასჯელი. კერძოდ, ს. მ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაენიშნა ერთიანი სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაენიშნა ერთიანი სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული.

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.“ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ–სა და ზ. ზ–ს მსჯავრი დაედოთ, მიღებულია 2015 წლის 13 მაისს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ს. მ–სა და ზ. ზ–ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმაზე.

8. შესაბამისად, ს. მ–სა და ზ. ზ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ფ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - ს. მ–სა და ზ. ზ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ფ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე