საქმე # 330100119003054103
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №419აპ-21 ქ. თბილისი
გ. ა. 419აპ-21 13 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ა. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
გამართლებული ა. გ–ე შესაგებლით ითხოვს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ–ში, ჯ–ს ქუჩა №..-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალ ა. გ–ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დ. გ–სთან, რა დროსაც მან ამ უკანასკნელს მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, რის შედეგადაც დ. გ–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა. გ–ს ქმედების შეჩერებას შეეცადა დ. გ–ს დედა - ი. გ., რა დროსაც ა. გ–მ ი. გ–ს ჯერ ხელი დაარტყა სახის არეში, შემდეგ კი ხელი ჰკრა მხარზე და მიახეთქა კედელზე, ასევე ხელი ჩაარტყა კეფის მარჯვენა არეში, რის შედეგადაც ი. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ–ში, .....ს ქუჩა №..-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ა. გ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ. გ–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თ–ში, ჯ–ს ქუჩა №..-ში, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა. გ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. გ–ს, რომელმაც განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ა. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (დ. გ–ს ეპიზოდი) და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ი. გ–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ა. გ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 ლარი.
ა. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ა. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას წარდგენილი ბრალდების მიხედვით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. გ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
8. მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2019 წლის 6 მაისს, საღამოს საათებში, ერთი მხრივ, დ. და ი. გ–ებსა და მეორე მხრივ, ა. გ–ს შორის კონფლიქტი ნამდვილად მოხდა, რასაც არც თავად უარყოფს.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დგინდება კონფლიქტის ინიციატორი და კონფლიქტის განვითარება. მართალია, დედა-შვილის - ი. და დ. გ–ების ჩვენებები არის თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისი, ორივე მათგანი ერთნაირად აღწერს მოვლენებს, მაგრამ კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე ადასტურებს მათ შორის წლების მანძილზე ქონებრივი დავის და გამწვავებული (დაძაბული) ურთიერთობის არსებობას, რის გამოც შესაძლებელია მოვლენების განვითარება კონფლიქტის თითოეული მხარის მიერ აღწერილი სახით. ამიტომ იმის დასადგენად, თუ რომელი მხარე ამბობს სიმართლეს, მნიშვნელოვანია ნეიტრალური ხასიათის მქონე მტკიცებულების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის. მოწმე მ. ჩ–ე შეესწრო უკვე დაწყებულ ჩხუბს - დაინახა შეჭიდების მომენტი, ხოლო მანამდე როგორ განვითარდა მოვლენები, მისთვის უცნობია.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე