საქმე # 330100120003465329
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №424აპ-21 ქ. თბილისი
გ. გ. 424აპ-21 13 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძისა და მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
პროკურორი ნათია ნოზაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით.
მსჯავრდებული გ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და დანიშნული პირობითი მსჯავრის შემცირებას ერთ წლამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენით გ. გ., - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა გ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ-ში, შ. ნ-ს ფერდობი, მე-… მ/რ-ნი, მე-… კვარტალი, კორპუსი N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქვეითთა გადასასვლელ ბილიკზე, გ. გ-მ შელაპარაკების ნიადაგზე რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თ. მ-ს სახის არეში, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვერც პროკურორ ნათია ნოზაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. გ-სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ვერც მსჯავრდებულ გ. გ-ს მოთხოვნას შეფარდებული სასჯელის, კერძოდ, პირობითი მსჯავრის შემცირების თაობაზე.
8. სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ს ინდივიდუალური მახასიათებლების და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლომ გაითვალისწინა როგორც ჩადენილი ქმედების ძალადობრივი ხასიათი და დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი (მრავლობითი მოტეხილობები და დაზიანებები, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებადმძიმე დაზიანება), დანაშაულის ჩადენის ვითარება ( დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით), დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზი, დანაშაულის ჩადენის ადგილი ( საჯარო ადგილი) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების (დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით) არსებობა. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ გ. გ. არ არის ნასამართლევი და წარსულში არ ყოფილა შემჩნეული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, სასწავლო დაწესებულებიდან და სამსახურიდან ხასიათდება დადებითად, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რაც სრულად აღიარა და უდავო გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება; როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის განმარტებით დგინდება, ბრალდებულს ჰქონდა აქტიური მცდელობა - მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოლაპარაკებოდა დაზარალებულს და მის ადვოკატებს, თუმცა - უშედეგოდ, რამდენადაც დაზარალებული ითხოვდა მიყენებულ ზიანთან შეუსაბამოდ მაღალ თანხას, რომლის გადახდის შესაძლებლობა ბრალდებულსა და მის ოჯახს არ გააჩნია, ხოლო მათ მიერ შეთავაზებული თანხის მიღებაზე (5000 ლარის ოდენობით) დაზარალებული კატეგორიულ უარს აცხადებდა. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით არ არსებობს გ. გ-სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც მსჯავრდებულის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დანაშაულის ჩადენა არასრუწლოვნის თანდასწრებით, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია გ. გ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძისა და მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე