Facebook Twitter

ბს-136-128(კ-06) 1 აგვისტო, 2006 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

ლანა ჭანტურიას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე) _ ხარაგაულის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. თ-ი

მესამე პირი – ი. ც-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ვ. თ-მა სარჩელი აღძრა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ხარაგაულის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება /იხ.ს.ფ.2-6/.

საქმის გარემოებები:

2005 წლის 10 აგვისტოს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ" ქვეპუნქტის თანახმად, ხარაგაულის რაიონის .... _ ვ. თ-ს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დაუკავდა ერთი დღის ხელფასი. იმავე წლის 19 აგვისტოს მოსარჩელე ხარაგაულის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ¹95 განკარგულების საფუძველზე, «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 78.1 მუხლის «ა" ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, გათავისუფლდა თანამდებობიდან.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა 2005 წლის 10 აგვისტოს გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის შესახებაც წინასწარ იცოდა რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა. მან განცხადებით 9 აგვისტოს მიმართა მოპასუხეს და ოჯახური მდგომარეობის გამო მოითხოვა 10 და 11 აგვისტოს სამსახურიდან გათავისუფლება. ვ. თ-ი, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს გათავისუფლების შესახებ გამოცემულ განკარგულებას, რადგან იგი სამსახურებრივ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებდა და მის მიერ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელის ქმედება არ შეიცავდა სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულ შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას, მას არ მიუყენებია დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანი და არ შეუქმნია ზიანის მიყენების საფრთხე, არ ჩაუდენია უღირსი საქციელი. შესაბამისად, მოსარჩელემ უსაფუძვლოდ მიიჩნია გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულება და «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად მოითხოვა გათავისუფლების შესახებ განკარგულების გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა, ასევე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ხარაგაულის რაიონის გამგეობამ რაიონულ სასამართლოში ვ. თ-ის სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:

ვ. თ-ი არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არაერთხელ გამოეცხადა საყვედური და გათავისუფლებამდე რამდენჯერმე დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 78-ე მუხლისა და 99-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლება მართლზომიერი იყო.

ხელფასის დაკავების შესახებ განკარგულებასთან დაკავშირებით, მოპასუხის განმარტებით, ვ. თ-მა განცხადება 10 და 11 აგვისტოს გათავისუფლების შესახებ შეიტანა 10 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა მხოლოდ 11 აგვისტოს, ხოლო 10 აგვისტოს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა.

ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, მოპასუხეს უარი ეთქვა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და გათავისუფლების შესახებ განკარგულების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

2005 წლის 10 აგვისტოს ვ. თ-ი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში, რაზეც მას ახსნა-განმარტება არ გაუკეთებია, შესაბამისად, შინაგანაწესის დარღვევისათვის მოსარჩელეს 10 აგვისტოს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა. მოსარჩელეს 2004 წლის 3 ნოემბერს და 2005 წლის 11 იანვარს გამოცხადებული ჰქონდა საყვედური, რაც წარმოადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას და მათი მოქმედების ვადა არ იყო გასული. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. თ-ი არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს, იგი პასუხგაუცემელს ტოვებდა მასზე რიცხულ კორესპონდენციებს და ხშირად თავს არიდებდა სამსახურებრივ მოვალეობებს, რაც გამგეობის მიერ წარდგენილი მასალებით მტკიცდებოდა.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ხარაგაულის რაიონის გამგებლის მიერ გამოცემული განკარგულება შეესაბამებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, დაცული იყო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტისათვის საჭირო ყველა მოთხოვნა და «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 78-ე, 79-ე მუხლებისა და 99-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე კანონის ფარგლებში იყო მიღებული /იხ. ს.ფ. 142-146/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

2005 წლის 10 აგვისტოს აპელანტს უკანონოდ დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, რადგან იგი სამსახურში საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და ამის შესახებ ხელმძღვანელობა სიტყვიერად 9 აგვისტოს იყო გაფრთხილებული, ხოლო 10 აგვისტოს 12 საათზე წერილობითაც მიმართა. ვ. თ-ი ასევე უკანონოდ მიიჩნევს 2005 წლის 11 იანვრის განკარგულების დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ მიჩნევას, რადგან მას ამით საყვედური გამოეცხადა, რაც «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით გათვალისწინებულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას არ წარმოადგენს. შესაბამისად, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე ერთ-ერთ საფუძვლად მითითება უკანონო იყო. «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 99-ე მუხლის თანახმად მოხელე სამსახურიდან შეიძლება გათავისუფლონ, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა. შესაბამისად, 2005 წლის 11 იანვარს მიღებული საყვედური არ უნდა ჩაითვალოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად.

აპელანტის მითითებით უსაფუძვლო იყო გამგეობის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ იგი არაჯეროვნად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო 19 აგვისტოს ¹95 განკარგულება. რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია 19 აგვისტოს გათავისუფლების საფუძვლებზე. ამასთან, 10 აგვისტოს სახდელის კანონიერად ცნობის შემთხვევაში დაუშვებელი იყო მას ერთი და იგივე ქმედებისათვის დაკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობა, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78.2 მუხლის თანახმად, ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ზომა.

ვ. თ-მა მიუთითა, რომ ხარაგაულის რაიონულმა სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როცა მას სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსთხოვა მტკიცებულებების სახით წარედგინა სამსახურში ჯეროვნად მუშაობის შესახებ საბუთები და ამისათვის განუსაზღვრა ნახევარი საათი.

ხარაგაულის რაიონის გამგეობამ არ ცნო აპელანტ ვ. თ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა/იხ. ს.ფ.174-175/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ხარაგაულის .... ი. ც-ე, რომელიც დაინიშნა აპელანტის დათხოვნით გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე, რომელსაც შეიძლებოდა შეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 225-226/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2005 წლის 10 აგვისტოს ¹94 განკარგულების გაუქმების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ხარაგაულის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ¹95 განკარგულება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ვ. თ-ი 10 აგვისტოს დაგვიანებით მივიდა სამსახურში. განცხადების საფუძველზე საპატიო მიზეზით იგი გათავისუფლდა მხოლოდ 11 აგვისტოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურში დროული გამოუცხადებლობის გამო აპელანტს მართებულად დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და არ არსებობდა ¹94 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლები. 10 აგვისტოდან 19 აგვისტომდე ვ. თ-ს არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა. შესაბამისად, «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 78.1 მუხლის «ა" პუნქტიდან გამომდინარე, მის მიმართ ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. შესაბამისად, ვ. თ-ს 10 აგვისტოს სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი და იმავე გადაცდომისათვის იგი არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვ. თ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შესახებ, შეეხებოდა აპელანტის ხარაგაულის გამგებლის .... მუშაობის პერიოდს. აღნიშნული თანამდებობიდან იგი გათავისუფლდა 2004 წლის 20 სექტემბერს, ..... თანამდებობაზე კი დაინიშნა 2 ნოემბერს, შესაბამისად, წინა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გამოვლენილი დარღვევებისათვის აპელანტი არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო ..... თანამდებობიდან/იხ. ს.ფ. 238-243/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხარაგაულის რაიონის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

2004 წლის 3 ნოემბრის ¹137 და 2005 წლის 10 აგვისტოს ¹94 განკარგულებებით ვ. თ-ის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. შესაბამისად, ხარაგაულის რაიონის გამგებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომის არსებობის გამო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99.2 მუხლის თანახმად უფლებამოსილი იყო მოსარჩელე გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, როდესაც მიუთითა, რომ 2005 წლის 10 აგვისტოსა და 19 აგვისტოს განკარგულებებს ერთი და იგივე გადაცდომა დაედო საფუძვლად. ხარაგაულის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვ. თ-ს 10 აგვისტოს სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაედო დისციპლინური სახდელი და დაუკავდა ერთი დღის ხელფასი, ხოლო 19 აგვისტოს ¹95 განკარგულებას კი წინ უსწრებდა 17-18 აგვისტოს გამგეობის მიერ მოსარჩელის საქმიანობის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ იგი არაჯეროვნად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად მის გათავისუფლებას/იხ. ს.ფ. 250-251; 258-260/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივნისის განჩინებით ხარაგაულის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 287-290).

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

მოწინააღმდეგე მხარემ _ ვ. თ-მა არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. სხდომის ოქმი/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, საკასაციო საჩივრის სასამართლო სხდომაზე განხილვის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხარაგაულის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას განმარტავს, რომ საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობის დაწესებულებაში.

საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელშიც საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად.

საკასაციო სასამართლო «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» კანონის 20 «დ» მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ გამგებლის (მერის) ..... წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირს, რომელსაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი), რის გამოც მოცემულ შემთხვევაში ვ. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას გამოყენებულ უნდა იქნეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეცვალა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. თ-ის სარჩელი - ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ განკარგულება, აღადგინა სამუშაოზე და მოპასუხეს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება კი სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვ. თ-ის მიმართ 2005 წლის 10 აგვისტოს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებული იყო პასუხისმგებლობის ზომა ერთი დღის ხელფასის დაკავების სახით, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78.1 მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, პირი გათავისუფლებას ექვემდებარება ბრალეული დისციპლინური გადაცდომისათვის. ვ. თ-ის მიერ 2005 წლის 10 აგვისტოდან 19 აგვისტომდე გადაცდომის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ვ. თ-ს ხარაგაულის რაიონის გამგებლის ¹94 განკარგულებით 2005 წლის 10 იანვარს სამსახურში არასაპატიო გამოუცხადებელობის გამო დაედო დისციპლინური სასჯელი, კერძოდ, 1 დღის თანამდებობრივი სარგოს დაქვითვის სახით. აღნიშნული განკარგულების კანონიერების თაობაზე მსჯელობა იქონია სააპელაციო სასამართლომ და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ განკარგულება იყო კანონიერი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას ხარაგაულის რაიონის გამგებლის ¹94 განკარგულების (ვ. თ-ვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე) საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო, ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რამდენადაც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 79.1. «გ» პუნქტის თანახმად ის თანამდებობის პირი და დაწესებულება, რომელსაც უფლება აქვს მოხელე დანიშნოს თანამდებობაზე, დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში უფლებამოსილია დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის სახით გამოიყენოს არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება.

საკასაციო სასამართლოს იზიარებს ხარაგაულის რაიონის გამგეობის კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ ვ. თ-ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ხარაგაულის .... მუშაობის პერიოდში სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება. კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ხარაგაულის გამგეობის მიერ 17 და 18 აგვისტოს შესწავლილ იქნა მოსარჩელის სამსახურებრივი საქმიანობა, რის შედეგადაც მის საქმიანობაში გამოვლინდა დარღვევები, რა საფუძვლითაც იგი გათავისუფლდა თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმის მასალები და არ შეუფასებია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამდენადაც საქმის მასალებში არსებული მტიცებულებები ეხება ვ. თ-ის მუშაობის პერიოდს, როგორც ხარაგაულის რაიონის გამგებლად, ასევე მის საქმიანობას გამგებლის ..... მუშაობის პერიოდში, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, გამოიტანა რა ცალსახა დასკვნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ეხება ვ. თ-ის საქმიანობას გამგებლის .... მუშაობის პერიოდში /იხ.ს.ფ. 23-59/.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 105.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვ. თ-ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ «ხარაგაულის გამგეობის ადმინისტრაციაში მრავალი წელია მუშაობა მიმდინარეობს ხარვეზით» /იხ.ს.ფ. 230, სხდომის ოქმი/, აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, არ გამოუკვლევია, გამგეობაში საქმიანობის ხარვეზიანად შესრულებაში ასევე არის თუ არა პასუხისმგებელი ვ. თ-ი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, კერძოდ, როგორც ხარაგაულის რაიონის გამგებლის ....., ასევე ხარაგაულის რაიონის ...... ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას აღნიშნულ ახსნა-განმარტებასაც უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, უნდა შეაფასოს ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და გამოიკვლიოს, აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენს თუ არა საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომ ვ. თ-ის, როგორც .... მუშაობისას, ადგილი ჰქონდა თუ არა სამსახურებრივი საქმიანობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს ხარაგაულის რაიონის გამგებლის ¹95 განკარგულებას (ვ. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ) წინ უსწრებდა თუ არა 17-18 აგვისტოს გამგეობის მიერ ვ. თ-ის საქმიანობის შესწავლა, რის შედეგადაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის შესახებ, კერძოდ დასკვნა იმის თაობაზე, ვ. თ-ის საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა და დადგინდა, თუ არა, რომ ეს უკანასკნელი არაჯეროვნად ასრულებდა ..... თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობას, რაც საფუძვლად დაედო მის გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამასთან, ამავე კანონის მე-2 ნაწილის თანახმად სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შესაძლებელია გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 79.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

ზემოაღნიშნული საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში დაუშვებელია ერთი და იგივე დისციპლინურ გადაცდომაზე მოხელეს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობის რამდენიმე ზომა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. თ-ის გათავისუფლების საფუძველი გახდა ერთი და იგივე დისციპლინური გადაცდომა, ვინაიდან ვ. თ-ს ხარაგაულის რაიონის გამგებლის ¹94 განკარგულებით 2005 წლის 10 იანვარს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ ერთი დღის თანამდებობრივი სარგოს დაკავება, ხოლო ხარაგაულის რაიონის გამგებლის ¹95 განკარგულების იმავე დისცილინური გადაცდომის საფუძველზე გამოცემა მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოთმითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხარაგაულის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.