ას-6-309-04 21 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ქ.-მ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1967 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის ...-ის ტერიტორიაზე არსებულ ხმის ჩამწერ სტუდიაში. 1992 წელს ეს მაღაზია ააშენა და განაახლა, რომელიც შეესაბამებოდა ქალაქის საპროექტო განყოფილების მიერ განსაზღვრულ ნორმებს. 2001 წელს განახორციელა ობიექტის პრივატიზაცია. ობიექტს აქვს პროექტით გათვალისწინებული ფანჯარა. 1993-96 წლებში ობიექტი არ ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში დ. ა.-მ ამ ობიექტის უკანა მხარეს ააშენა ჯიხური, რითაც გაუქმდა ეს ფანჯარა. 2001წ. თებერვალში ქალაქის გამგეობის გადაწყვეტილებით დ. ა.-ს ჯიხური აღებულ იქნა და ზ. ქ.-მ ფანჯარა განაახლა, მაგრამ დ. ა.-მ კვლავ ამოქოლა, ხოლო ...-ის ადმინისტრაციამ შემოღობა რკინის მესრით.
მოსარჩელემ მოპასუხე შპს ,,ა.-ისაგან” სკ-ის 177-203-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა პროექტით გათვალისწინებული ფანჯრის განახლება.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ გაადიდა დავის საგანი და მოითხოვა მისი ობიექტის სადავო ფანჯრის წინ შპს ,,ა.-ის” მიერ აშენებული ორი ჯიხურის აღება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ არქიტექტურის სამსახურმა სადავო ფანჯარა გააუქმა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ქ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებდა, რომ ზ. ქ.-ა ამჟამად მის საკუთრებაში არსებულ ჯიხურს ფლობდა 1991 წლიდან, მაგრამ მას ამისათვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ Gგააჩნდა. შესაბამისი მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში გადავიდა 2002წ. 5 თებერვალს და შ. ჭ.-სათვის ტერიტორიის გადაცემის დროისათვის ზ. ქ.-ს ამ ობიექტის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, ხოლო თუ ზ. ქ.-ს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით შეილახა მისი უფლებები, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ამ საქმის წარმოების განახლება. პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა ზ. ქ.-ს დავის საგნის გადიდებაზე შპს «ა.-ის” კუთვნილი ჯიხურების აღების შესახებ.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ქ.-მ. აპელანტმა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტი მიუთითებდა, რომ ყოფილი ...-ის ტერიტორიაზე არსებული ხმის ჩამწერი სტუდია მას ამ ...-ის დირექტორმა სარგებლობის უფლებით გადასცა. აღნიშნული ობიექტი იყო ყოფილი ...-ის სალარო და გააჩნდა ღიობი ქუჩის მხარეს ზომით 25X25. ამ ობიექტის გვერდით იდგა «ზუგდიდვაჭრობის” ¹... ჯიხური და, ვინაიდან, 1991 წლამდე ფუნქციონირებდა ...-ის სალარო, ამ ორ ობიექტს შორის საკმაო მანძილი იყო. ზუგდიდის მთავარი არქიტექტორის _ ი.-ს მიერ გაცემული ნახაზით, მის ობიექტზე მითითებულია ფანჯარა ქუჩის მხარეს ზომის აღუნიშნავად. ის ჯიხური, რომელიც დ. ა.-ს მიერ იქნა დადგმული მისი ფანჯრის წინ, არ შედიოდა შპს «ა.-ის” ჯიხურების პირვანდელ მდგომარეობაში, ხოლო 1995წ. 13 ივნისის სიტუაციური ნახაზის მიხედვით, შპს «ა.-ის” ჯიხურები ისეა განლაგებული, რომ იგი მთავრდება აპელანტის ობიექტამდე. რაც შეეხება ფანჯარას, ზ. ქ.-ა უთითებდა, რომ 1995 წელს ვ. ი.-ს მიერ გაცემული ნახაზის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა, გაედიდებინა უკვე არსებული ღიობი. რაც შეეხება დავის საგნის გადიდებას, აპელანტი უთითებდა, რომ მის მიერ სარჩელის აღძვრისა და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის დროისათვის წინ ჯიხურები არ არსებობდა და ამ ჯიხურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა სარჩელის აღძვრის შემდეგ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მართალია, შეიცვალა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ აპელანტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა უთითებს: დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 1991 წლიდან ქ. ზუგდიდის ყოფილი ...-ის დირექტორის სიტყვიერი თანხმობით, იმავე ...-ის ყოფილი სალაროს შენობა სარგებლობის უფლებით გადაეცა ზ. ქ.-ს და ამ დროიდან სალაროს ფართში ფუნქციონირება დაიწყო ხმის ჩამწერმა სტუდიამ. სალაროს ფუნქციონირების პერიოდში გაჩნდა ღიობი (25X25), რომლის დანიშნულებასაც წამოადგენდა მოსახლეობის ჩეკით მომსახურება. ზ. ქ.-მ მითითებულ ნაგებობაზე მისთვის სარგებლობით გადაცემის დროიდან აწარმოვა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მათ შორის მიშენებისა და ფანჯრის ღიობის გამოჭრა-გაფართოების სახით.
2001წ. 5 თებერვალს მიწის ნაკვეთი, რომელზეც იდგა ეს შენობა, ზ. ქ.-ს გადაეცა საკუთრების უფლებით. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, დასტურდება, რომ ზ. ქ.-ს ამ შენობაზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების, მათ შორის, ფანჯრის გამოჭრის თაობაზე რაიმე ნებართვა, გარდა ქ. ზუგდიდის ყოფილი არქიტექტორის გ. ი.-ს მიერ 1995 წელს გაცემული ნახაზისა, არ გააჩნდა. მისივე განმარტებით, ესაა ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ფანჯრის წინ აღმართული შპს «ა.-ის” ჯიხურები, რომელიც ხელს უშლის სადავო ფანჯრის ფუნქციონირებას, უკანონო ნაგებობებია.
მანვე დაადასტურა, რომ ეს ჯიხურები წარმოადგენს შპს «ა.-ის” საკუთრებას და ისინი განლაგებულნი არიან ამ უკანასკნელის კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
საქმეში არსებული ქ. ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამმართველოს 20.03 2002 წ. წერილით დგინდება, რომ ზ. ქ.-ს ...-ის უკანა გასასვლელის მარჯვენა მხარეს მდებარე ხმის ჩამწერი სტუდიის უკანა კედელზე გამოჭრილ ფანჯარაზე არ გააჩნია არქიტექტურის სამსახურის ნებართვა.
ადმინისტრაციული პოლიციის მიწერილობით მოსარჩელეს ეცნობა ფანჯრის ამოჭრის უკანონობაზე, რომლის ზემოქმედებითაც ფანჯარა გაუქმებულ იქნა.
პალატა მიუთითებს, რომ რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას, რომ ჯიხურების უკანონობა დგინდება ქ. ზუგდიდის ყოფილი მთავარი არქიტექტორის _ გ. ი.-ს მიერ ზუგდიდის გამგეობის 13.08.95წ. განკარგულების საფუძველზე გაცემული ნახაზით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან შპს «ა.-ის” მიერ ეს ჯიხურები აგებულ იქნა 2001წ. ივნისში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ ჯიხურების უკანონობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
პალატა თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დადგენილია, რომ ფანჯრის ღიობის გაფართოება მოსარჩელემ აწარმოვა სათანადო ნებართვის გარეშე და ასევე დადგენილია, რომ შპს «ა.-ის” ორი ჯიხური, არ წარმოადგეს უკანონო ნაგებობას, რომლის აშენებითაც, მოსარჩელის მოსაზრებით, მას მოესპო ფანჯრის გახსნის საშუალება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. კასატორი მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრის დროს ზ. ქ.-ს ფანჯრის წინ არ არსებობდა ჯიხურები, დ. ა.-ს კუთვნილი უკანონო ჯიხური აღებულ იქნა ზუგდიდის გამგეობის მიერ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ვინმე შაქრო ჭ.-ს სარჩელითაც მიუმართავს სასამართლოსათვის და გადაწყვეტილებაც ყოფილა მიღებული, რომლის თანახმად, მას მიეცა უფლება, აღედგინა მისი ჯიხურები პირველადი მდგომარეობით. შ. ჭ.-მ გადაწყვეტილებით მისთვის მინიჭებულ უფლებას გადააჭარბა და ზ. ქ.-ს ობიექტის წინ უკანონოდ დადგა ორი ჯიხური.
კასატორის მითითებით არასწორია, რომ ზ. ქ.-მ 1992 წელს აწარმოვა სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიშენებისა და ფანჯრის გამოჭრა-გაფართოების სახით. ასეთ გარემოებაზე პროცესზე თვით მოწინააღმდეგე მხარეც კი არ მიუთითებდა.
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზუგდიდის ყოფილი არქიტექტორის _ გ. ი.-ს მიერ 1995 წელს გაცემული პროექტი ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გამგეობის ¹333 განკარგულების საფუძველზეა გაცემული, ხოლო აღნიშნული განკარგულებით, მასში მითითებულ ობიექტებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ნებართვა მიეცა.
დადგენილია, რომ ღიობი არსებობდა 1991 წლიდან 1995 წლამდე. ნახაზის საფუძველზე გაფართოებული ფანჯარა არსებობდა 1995 წლიდან 2001 წლამდე. არქმშენინსპექციამ კი 2001 წელს აცნობა ადმინისტრაციულ პოლიციას ფანჯრის ამოჭრის უკანონობაზე.
სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ. ქ.-ს ფანჯარა ამოჭრილი იყო უკანონოდ, თუმცა სარჩელის საგანს წარმოადგენდა ფანჯრის ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების აღკვეთა, ამასთან შეგებებული სარჩელი არ ყოფილა შეტანილი.
კასატორი მოითხოვს ახალი სარჩელით მისი მოთხოვნის დაკმაყოფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება არის შეუძლებელი, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს წარმოადგენს.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ უკანონოდ პროექტის დარღვევით მის საკუთრებაში არსებულ ჯიხურთან დადგა სავაჭრო ჯიხურები, რითაც ილახება მისი უფლება, ისარგებლოს ფანჯრის ღიობით და გააფართოვოს იგი.
აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით, რომლითაც აგრარულ ბაზარს ნება დაერთო მის საკუთრებაში არსებული ობიექტების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა თანამედროვე დიზაინით და მის საფუძველზე შედგენილი პროექტით, შეილახა მისი უფლებები, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ამ საქმის წარმოების განახლება.
ამავე მოსაზრებას იზიარებს სააპელაციო სასამართლოც.
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, ასევე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სავალდებულო იურიდიული ძალა ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მხარეებს წარმოადგენდნენ კონკრეტულ საქმეზე, მათ ასევე არა აქვთ უფლება, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმის გაუთვალისწინებლად ზ. ქ.-ს მიმართ გაავრცელა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 მარტის გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ის აღნიშნული საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა.
სააპელაციო სასამართლო სწორედ მიუთითებს სკ-ის 172-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მისთვის ხელშეშლის აღკვეთა. მიუხედავად იმისა, უდავოა, რომ მოსარჩელეს არა აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მისი ჯიხურის ფანჯრის ღიობით, სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული არსებობს თუ არა კანონისმიერი შებოჭვის გარემოებები. ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის და სწორედ მან უნდა დაადასტუროს ამგვარი გარემოებების არსებობა.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მტკიცებულებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა მოპასუხის მხრიდან ჯიხურების დადგმის კანონიერი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.