საქმე # 020100120003553095
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №434აპ-21 ქ. თბილისი
ლ. ბ. 434აპ-21 15 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ლ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. დ–ს საკასა საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ბ. ლ–ა, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ. ლ–ს 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ბ. ლ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 13 თებერვლის 19:45 საათიდან.
2. ბ. ლ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 27 დეკემბერს, დილის საათებში, ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში ბ. ლ. მოძრაობდა ავტომანქანით, რომელსაც თვითონვე მართავდა, მოძრაობისას მან დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.1; 33.6; 33.11 და 34.3 (გ) მუხლების მოთხოვნები, ავტომანქანას მართავდა კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით, მოძრაობის დროს არ დაიცვა გვერდითი ინტერვალი და გასწრება არ მოახდინა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, რის შედეგადაც შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ. გ–ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. დ–მ , რომელმაც მოითხოვა ბ. ლ–ს გამართლება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ლ–ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. დ–მ. დაცვის მხარე ითხოვს ბ. ლ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილული იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ლ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: 2019 წლის 27 დეკემბრის ოქმი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 27 დეკემბრის ამოღების ოქმები (ბ. ლ–ს ტანსაცმლის ამოღება, გ. გ–სთან ჩატარებული ამოღება), 2019 წლის 30 დეკემბრის N.... ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, 2020 წლის 15 იანვრის N......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ნ. გ.ს მიმართ, 2020 წლის 17 იანვრის N... ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, 2020 წლის 14 ივლისის N......... სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - რ. გ–ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ვ. ფ–ს, ე. ყ–ს, გ. გ–ს, ფ. შ–ს, ბ. ლ–ს, რ. ჩ–ს, რ. გ–სა და ბ. ხ–ს გამოკითხვის ოქმები.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მართალია, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, მაგრამ აღნიშნული არ ათავისუფლებს სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების ვალდებულებისაგან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის N80აპ-21 გადაწყვეტილება).
10. ო. ა–ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 27 დეკემბერს ო. ა. და ბ. ლ–ა, ბ. ლ–ს კუთვნილი ავტომანქანით „ჰონდა“, სახ. ნომრით ........, წავიდნენ ზ–ს მიმართულებით. საჭეს მართავდა ბ., თვითონ კი იჯდა მძღოლის გვერდითა სავარძელზე. ბ. საჭეს მართავდა ფხიზელი. როდესაც გასცდნენ ზ–ს რაიონის სოფელ კ–ს ადმინისტრაციულ ცენტრს, მათ წინ, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობდა თეთრი ფერის „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომლის სერიასა და ნომერს ის არ დაკვირვებია. აღნიშნული ავტომობილის გარდა გზაზე სხვა ავტომობილები არ მოძრაობდნენ. არც პირუტყვი და არც ქვეითი კვეთდა საავტომობილო გზას. როდესაც სოფელ კ–ს ადმინისტრაციულ ცენტრს გასცდნენ დაახლოებით 350 მეტრით, სადაც შემხვედრი ავტომანქანების გამყოფი ზოლი არის წყვეტილი, მათ წინ მიმავალმა „ოპელის“ მარკის ავტომობილმა რაღაცას გვერდი აუარა, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე, დაახლოებით 20 მეტრში თავისივე ზოლს დაუბრუნდა და გააგრძელა მოძრაობა მათ წინ, თანმხვედრი მიმართულებით. ის მოძრაობდა თავისი სამოძრაო ზოლის მარცხენა მხარეს, ანუ გამყოფ ზოლთან ახლოს, მათ შორის მანძილი იყო დაახლოებით ხუთი მეტრი. ისინი მოძრაობდნენ დაახლოებით 90 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც შენიშნა ქვეითად მოსიარულე მოხუცი ქალბატონი, რომელიც ფეხით მიდიოდა მათი სამოძრაო ზოლის საპირისპირო მხარეს მდებარე მოხრეშილ გვერდულზე, სახით მათკენ, ქალაქ ზ–ნ ა–ს მიმართულებით. მათსა და ქვეითს შორის მანძილი იყო დაახლოებით 30-40 მეტრი, რა დროსაც ბ-მ გადაწყვიტა გადაესწრო მათ წინ მიმავალი „ოპელის“ მარკის ავტომობილისათვის, ჩართო მარცხნივ მოხვევის ციმციმა მაშუქი, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლზე, რა დროსაც მისი ავტომობილი წინა, მარცხენა ნაწილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, დაჯახების ძალისაგან ქვეითმა თავი დაარტყა ავტომანქანის წინა საქარე მინას, რის გამოც მინა დაზიანდა და მას არ უნახავს, თუ სად დაეცა იგი. ბ–მ რამოდენიმე მეტრში გააჩერა ავტომობილი, დაიყვირა „ეს რა მომივიდა, პოლიციას უნდა ჩავბარდე“, შემდეგ დაძრა მანქანა, გაიარა დაახლოებით 400-500 მეტრი, შემდგომ თქვა: „მანქანას ადგილზე დავტოვებ და პოლიციაში ფეხით წავალ“, მოაბრუნა მანქანა, რა დროსაც მანქანას მოძვრა წინა ბუფერი, ბ–მ ამას ყურადღება არ მიაქცია, დაბრუნდა ქვეითთან დაჯახების ადგილზე და ავტომანქანა გააჩერა შორიახლოს. ორივენი გადმოვიდნენ მანქანიდან, ბ–მ გასაღები მას მისცა და უთხრა „მე პოლიციაში წავალ და ჩავბარდებიო“, რის შემდეგაც გააჩერა პირველი შემხვედრი ავტომობილი, ჩაჯდა და წავიდა ქალაქ ზ–ს მიმართულებით (იხ. სს საქმის ტ. 1, ფ. 57-59).
11. საკასაციო სასამართლო ო. ა–ს გამოკითხვის ოქმთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მის მიერ საგამოძიებო ორგანოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თანმიმდევრულია, დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს - სად და რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს და მოვლენათა განვითარებას. დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მასში მონაწილე პირებისა და თავად მის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს არსებითი ხასიათის ურთიერთგამომრიცხველ ან წინააღმდეგობრივ ინფორმაციას.
12. ე. ყ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, მისი მეუღლის მამიდასთან - ნ. გ–სთან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში, დ–ს ქუჩაზე. ზ–ს მიმართულების გზის მარჯვენა მხარეს, გვერდულზე, საავტომობილო გზის მხარეს მიდიოდა თავად, ხოლო ნ. გ. მოჰყვებოდა მარჯვენა, ანუ წყალსაწრეტი არხის მხარეს, გაიარეს დაახლოებით 200 მეტრი, დაახლოებით 40-50 მეტრში იყო ნ. გ–ს საცხოვრებელი სახლი. ამ დროს შენიშნა, რომ მათგან მარჯვენა მხარეს არსებულ მცირე შესახვევში, საავტომობილო გზის კიდიდან დაახლოებით 10 მეტრსა და მისგან დაახლოებით 20-30 მეტრში, იდგა მისი ახლობელი - რ. ჩ., თავისი ავტომობილით „ფოლკსვაგენი“. რ–მ დაუძახა, ნ. გ.ს მოუბოდიშა, ააჩქარა ნაბიჯები, ჩამოიტოვა ნ. გ. და წავიდა რ–ს მიმართულებით. როდესაც მივიდა მანქანასთან, ასევე შენიშნა თეთრი ფერის უცხოური მარკის, მსუბუქი ავტომობილი, რომლის სერიასა და ნომერს არ დაკვირვებია. აღნიშნული ავტომობილი გაჩერდა რ. ჩ–ს მანქანის წინ, საპირისპირო - ა–ს მიმართულების მარჯვენა მხარეს მდებარე გვერდულზე. როდესაც აპირებდა მანქანაში ჩაჯდომას, უკანა მხრიდან, სადაც დატოვა ნ. გ., გაიგონა შეჯახებისმაგვარი ხმა, მიიხედა და დაინახა მცირედი კვამლი და რუხი ფერის ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა სოფელ კ–დან ზ–ს მიმართულებით, თავისი სამოძრაო ზოლის საპირისპირო მხარეს, ანუ ზ–ს მიმართულების ავტომობილების სამოძრაო ზოლზე. მანქანა მოძრაობისას თანდათან დაუბრუნდა თავის ანუ ა–ს მიმართულების სამოძრაო ზოლს. შემდეგ გაიხედა იმ მიმართულებით, სადაც ნ. გ. ეგულებოდა, მაგრამ იგი ვერ დაინახა, რამდენიმე წამში იმავე მხარეს გვერდულზე შენიშნა, რომ მინდორზე პირაღმა იწვა ადამიანი, მან და რ–მ მიირბინეს და დაინახეს, რომ ეს ნ. გ. იყო. მიუახლოვდნენ დაახლოებით 4-5 მეტრში, ნ–ს სახე სისხლიანი ჰქონდა, მარცხენა ხელი სხეულის ქვემოთ იყო მოქცეული, ხოლო მარჯვენა ფეხი მუხლს ქვემოთ - მოგლეჯილი. იქვე იყო მიმოფანტული პლასტმასის ნატეხები, რომლებიც, მისი აზრით, ეკუთვნოდა ავტომანქანას. თეთრი ფერის მანქანიდან ნ. გ–სთან მანქანის შეჯახების ადგილამდე იყო დაახლოებით 20-25 მეტრი. რ–მ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. შემთხვევის დროს გზაზე სხვა ავტომობილები არ მოძრაობდნენ, არც ანაკლიიდან ზ–ს და არც საპირისპირო მიმართულებით. არც პირუტყვი და არც ქვეითი არ კვეთდა საავტომობილო გზას, არც არავინ იდგა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი და ნ. გ–ს გარდა (იხ. სს საქმის ტ. 1 ფ. 34-36).
13. რ. ჩ.ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 დეკემბერს, დილის 10 საათზე, საკუთარი ავტომანქანით „ფოლკსვაგენი“, სახ. ნომრით ......., იდგა ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრებ ნ. გ–ს საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე შესახვევში, ზ–ს საავტომობილო გზის კიდიდან დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით, რა დროსაც შენიშნა თანასოფლელები ნ. გ. და ე. ყ., რომლებიც მიდიოდნენ ქვეითად ქალაქ ზ–დან ა–ს მიმართულებით, ზ–ის მიმართულების მარჯვენა გვერდულზე. საავტომობილო გზის მხარეს მოდიოდა ე. ყ., ხოლო ნ. გ. მიჰყვებოდა მას წყალსაწრეტი არხის მხარეს. ელისოს დაუძახა, ე–მ ნაბიჯს აუჩქარა და ნ–ა ჩამორჩა მას. ე–ო მივიდა მის მანქანასთან, რა დროსაც უთხრა ჩამჯდარიყო, თან იხედებოდა ზ–ის მიმართულებით, შენიშნა, რომ მის წინ, მისი მანქანის საპირისპირო მხარეს მდებარე გვერდულზე, გაჩერდა თეთრი ფერის უცხოური მარკის მცირე ზომის ავტომობილი. როდესაც ე–ო მივიდა მის ავტომობილთან და აპირებდა მასში ჩაჯდომას, მან გაიხედა ე–ს მიმართულებით და თვალი მოჰკრა, რომ იმ ადგილზე, სადაც ნ. გ. მიდიოდა ჰაერში ავარდა რაღაც სხეული, რომელიც მოშორებით - ზ–ს მიმართულების მარჯვენა მხარეს მდებარე გვერდულზე დაეცა, რამდენიმე წამით დააკვირდა აღნიშნულ საგანს, თან ჩამოვიდა ავტომობილიდან, თავიდან ვერც კი მიხვდა, რა იყო ეს სხეული, თან გაიხედა ქ. ზ–ს მიმართულებით და მისგან დაახლოებით 500 მეტრში შენიშნა რუხი ფერის ავტომობილი, რომელიც მიდიოდა თავის სამოძრაო ზოლზე ქ. ზ–ს მიმართულებით. ის და ე–ო წავიდნენ იქითკენ, სადაც მან გვერდულზე დაცემული სხეული დაინახა. როდესაც შორიახლოს მივიდნენ, ზ–ს მიმართულების მარჯვენა მხარეს, გვერდულზე, გზის კიდიდან დაახლოებით 6-7 მეტრში შენიშნა, რომ ამავე მხარეს, მინდორზე პირაღმა იწვა ადამიანი, მიხვდა, რომ ეს იყო ნ. გ. ლოგიკური იყო, რომ მის მიერ ზემოთ ნახსენები რუხი ფერის ავტომანქანა, რომელიც მოძრაობდა ქ. ზ–ს მიმართულებით, დაეჯახა ნ. გ.ს, ვინაიდან ამ დროს გზაზე სხვა მანქანები არ მოძრაობდნენ. რამდენიმე წუთში შორიახლოს გაჩერდა რუხი ფერის „ჰონდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც არ ჰქონდა წინა ბუფერი, ასევე დაზიანებული ჰქონდა წინა საქარე მინის მარცხენა მხარე და ძარის წინა მხარის ნაწილი. შემდეგ ყურადღება გადაიტანა ნ. გ–ს ცხედარზე. მოგვიანებით, როდესაც შემობრუნდა მანქანისაკენ, შენიშნა პიროვნება, რომელიც ყვიროდა „ეს რა მომივიდა“, თან თეთრი ფერის მანქანაზე აკეთებდა აქცენტს და ამბობდა „შენი ბრალია, რაც მომივიდა“. თეთრი ფერის მანქანა, რომელიც გაჩერებული იყო მისი მანქანის წინ, საპირისპირო მხარეს მდებარე გვერდულზე, იმ ადგილამდე, სადაც სავარაუდოდ, ავტომანქანა დაეჯახა ნ. გ.ს, იყო დაახლოებით 20-25 მეტრი. გარდა მის მიერ ნახსენები ავტომობილებისა, გზაზე არც ა–ს და არც საპირისპირო მიმართულებით სხვა ავტომანქანები არ მოძრაობდნენ. არც პირუტყვი და არც ქვეითი არ კვეთდა საავტომობილო გზას, არც არავინ იდგა გზის მიმდებარედ, მათი და ნ. გ.ს გარდა. როდესაც ბოლოს ნ. გ. დაინახა, ის მათგან დაახლოებით 25 მეტრში მიდიოდა ჩვეულებრივი, ნელი ნაბიჯით მათი ანუ ქ. ზ–დან ქ. ა–ს მიმართულებით, ზ–ს მიმართულების მარჯვენა მხარეს არსებულ მოხრეშილ გვერდულზე, გზის კიდიდან დაახლოებით 0,5 მეტრში, სახით მათკენ (იხ.: სს საქმის ტომი 1. ფ. 37-39).
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ თითქოსდა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხოლოდ ბ. ლ–ს ჩვენების საფუძველზე გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი და მიუთითებს, რომ როგორც ო. ა–ს, ასევე ე. ყ–სა და რ. ჩ–ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პირდაპირი მტკიცებულება შესაძლებელია ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი 213აპ-20). ამდენად, მოცემულ საქმეში ო. ა–ს, ე. ყ–სა და რ. ჩ.ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია თანხვდენილია და ფაქტობრივად, ერთი მეორის გაგრძელებაა. ო. ა–ს გამოკითხვის ოქმით დადასტურებულია, რომ ბ. ლ–ა ავტომობილით, რომელსაც თვითონვე მართავდა, დაეჯახა ქვეით ნ. გ.ს. ე. ყ–სა და რ. ჩ.ს გამოკითხვის ოქმებით კი დასტურდება, რომ საავტომობილო გზაზე იმ დროს სხვა ავტომობილი არ მოძრაობდა.
15. ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად გამოძიებით დადგენილ ვითარებაში „ჰონდას“ მარკის სახ. ნომრით ....... ავტომანქანის მძღოლ ბ. ლ–ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.6, 33.11 და 34.3(გ) მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
16. სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად:
- ნ. გ–ს სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი შერწყმული ტრავმა, ჩონჩხის ძვლებისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით.
- ნ. გ.ს გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. ქალა სარქვლის ძვლების ხაზოვან-ფრაგმენტოვანი მოტეხილობით. მკერდის ძვლის განივი მოტეხილობა IV-V ნეკნთაშორის მიდამოში, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, მოტეხილი ბოლოების შეღწევით ორთავე პლევრის ღრუში, ფილტვების ქსოვილისა და მფარავი პლევრის დაზიანებით, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ორივე ფილტვის ქსოვილზე. პლევრის ღრუში, მარჯვნივ 1100 მლ-მდე და მარცხნივ, 900 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. მარცხენა გავა-თეძოს შესახსრების სრული გაგლეჯა, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მუცლის ღრუში 1000 მლ-მდე მოცულობით თავისუფალი სისხლისა და სისხლის კოლტები. ღვიძლსა და ელენთაზე ჭრილობები, ირგვლივ მუქი, მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მარჯვენა სხივისა და იდაყვის ძვლის დახურული მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე. მარცხენა დიდი და მცირე წვივის ძვლების ღია მოტეხილობა ქვედა მესამედის დონეზე, ტერფის ძირიდან 15 სმ დაშორებით. მარჯვენა ქვედა კიდურის სრული ამპუტაცია წვივის ძვლის ზედა მესამედის დონეზე. უსწოროკიდეებიანი ჭრილობა მარჯვენა ტერფის გარეთა ზედაპირზე - მარჯვენა ტერფის ძვლების ღია მოტეხილობა. მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები. სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი სხეულის სხვადასხვა მიდამოში - განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის(საგნების) ზემოქმედებით, ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში, დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
17. სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 14 ივლისის N.... დასკვნის თანახმად: ბ. ლ–ა ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის(შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს.
18. 2019 წლის 27 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში, დ–ს ქუჩაზე მდებარე გ. გ–ს საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გზა ასფალტირებულია, უდეფექტოა და განკუთვნილია ორი მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისათვის, როგორც ქ. ზ–ს, ასევე ქ. ა–ს მიმართულებით. საავტომობილო გზის სიგანეა 6 მ, გზას შუაზე ჰყოფს წყვეტილი ხაზი. ა–ს მიმართულებით ავტომობილების სავალი ნაწილების სიგანეა 2.9 მ, გზას ორივე მხარეს ეკვრის გვერდული, თითოეული შესაბამისად 2.2 და 2.5 მ-ის სიგანით. ზ–ს მიმართულების მარჯვენა მხარეს არსებულ გვერდულს ეკვრის წყალსაწრეტი არხი 1,8 მ-ის სიგანით, რომელსაც ესაზღვრება ვაკისი 11.1 მ-ის სიგანით. გ.გ–ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკრიდან ქ. ა–ს მიმართულებით ზ–ს მიმართულების მარჯვენა მხარეს მდებარე ვ–ზე, ჭიშკრიდან 9.2 მ-ში და საავტომობილო გზის კიდიდან 6.3 მეტრში, ვაკისზე ასვენია მდედრობითი სქესის გვამი, გვამი ასვენია გულაღმა, სახეზე აღენიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, მარცხენა ხელი მოქცეულია სხეულის ქვემოთ, მარჯვენა ფეხი მოწყვეტილია მუხლის ქვედა ნაწილთან, სადაც მოშავო ფერის და მოლურჯო ფერის ტანსაცმელი, ე.წ. ბანდაჟი, შიშველი ფეხის ქვედა ბოლო და მოშავო ფერის კოლგოტი. გვამიდან ქ. ა–ს მიმართულებით 16.4 მ-ში, ამავე მხარეს მდებარე წყალსაწრეტი არხის მხარეს არის ადამიანის ფეხი, მოწყვეტილი სხეულიდან, რომელიც მთლიანად დაზიანებულია და აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და საავტომობილო გზის კიდიდან დაშორებულია 3.7 მ-ით. აღნიშნულიდან ა–ს მიმართულებით 5 მ-ში საავტომობილო გზაზე დევს მოშავო ფერის ნაჭრის ქუდი, ქუდიდან 1.1 მ-ში ქ. ა–ს მიმართულებით საავტომობილო გზაზე დევს 1 ცალი მოშავო ფერის წინდა. წინდიდან ამავე მიმართულებით ასფალტის საფარზე გვერდითა მანევრის ხაზზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. გ. გ–ს საცხოვრებელი სახლიდან ქ. ა–ს მიმართულებით 10.8 და 19.5 მ-ში ასფალტის საფარზე დევს ორი ცალი რეზინის ფეხსაცმელი ე.წ. კალოში. შემთხვევის ადგილზე მიმოფანტულია პლასტმასის ნამსხვრევები. ა–ს მიმართულების მარჯვენა მხარეს მდებარე გვერდულზე წინა ნაწილით ქალაქ ზ–კენ მიმართული დგას ავტომობილი „ჰონდა“, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც არ გააჩნია წინა მოპირკეთება „ბუფერი“, ასევე დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა, ძრავა სახურავი და წინა მარჯვენა ფრთა. გ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან დევს რუხი ფერის ავტომობილის გარეთა უკანა ხედვის სარკე, წინა ძრავა სახურავი და წინა მარცხენა ფრთა. გ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან, ქ. ზ–ს მიმართულებით, დაახლოებით 900 მეტრში ზ–ს მიმართულების მარჯვენა მხარეს, გვერდულზე, კიდიდან დაახლოებით 17 მ-ში დევს რუხი ფერის ავტომობილის „ბუფერი“, მასზე მიმაგრებული სანომრე ნიშნით PL-291-LP. „ჰონდას“ მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა მოპირკეთებიდან აღებულ იქნა მოწითალო ფერის ხორცისმაგვარი ქსოვილი.
19. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მოწმეთა მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბ. ლ–ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეებმა სადავოდ გახადეს და დაშვებულ იქნა არსებითი განხილვის სხდომაზე. 2020 წლის 21 მაისის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიეღო სასამართლოს ბ. ლ–ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე და მსჯავრდებული, იმაზე მითითებით, რომ მსჯავრდებული ბ. ლ–ა აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. ლ–ამ არსებითი განხილვის სხდომაზე სასამართლოსგან შესაბამისი განმარტებების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის უდავოდ ცნობილი, არცერთი კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობას ან სანდოობას.
21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. ლ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე