Facebook Twitter

საქმე # 330100119003311347

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №435აპ-21 ქ. თბილისი

ბ. გ. 435აპ-21 6 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. ბ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენით გ. ბ. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 18 ოქტომბრიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თ-ში, ვ. დ-ს ქუჩის N… კორპუსის … სადარბაზოს მიმდებარედ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს ლ. ს. დადგენილია, რომ 2018 წლის ივნისში ქ. თ-ში, ნ-ს ქუჩა N..-ში, ლ. ს-ს კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა დ. კ-სთან, რის გამოც განაწყენებული დ. კ. ლ. ს-ს ანგარიშსწორებით დაემუქრა. დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, 23:00 საათიდან - 11 აგვისტოს 05:00 საათამდე, გ. ბ., კ. ხ-ს კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებულ დ. კ-სთან ერთად, თვალთვალს ახდენდა და გადაადგილდებოდა ლ. ს-ს საცხოვრებელი სახლისა და უ–ს ქუჩის მიმდებარედ. 2018 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ. ბ-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, დ. კ-ს მეგობრის, დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული ბრალდებულის - ა. ბ-ს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომერი: …) გადამალეს ქ. თ-ში, ა. ბ-ს ქუჩის N..-ში მდებარე შპს „თ…..“ მომხდარის ირგვლივ გამოკითხულმა გ. ბ-მ გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი გარემოება - დ. კ-სთან ერთად კ. ხ-ს ავტომანქანით შემთხვევის ადგილზე გადაადგილებისა და ბრალდებულ ა. ბ-ს „ოპელის“ მარკის ავტომანქანის შპს „თ…“ მიყვანის რეალური ვითარება - დაამახინჯა, უარყო მომხდარი და პირადი მოტივით, რომ არ გამომჟღავნებულიყო აღნიშული ფაქტი, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რითაც ხელი შეუშალა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და მართლმსაჯულების განხორციელებას.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ბ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა გ. ბ-მ ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე